ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
D ვიტამინი ის ნივთიერებაა, რომლის შესახებაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა იმ უნიკალური როლის შესახებ, რასაც "დე" ჩვენს ორგანიზმში ასრულებს, ამიტომაც მისი დონის განსაზღვრა, დამატებითი დოზების მიღება და დეფიციტის შევსება აქტუალური გახდა.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, საჭიროა თუ არა D ვიტამინის საპრევენციო დოზის მიღება მუდმივად და როდის უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს "დე-ს" დამატებითი დოზა.
ამ კითხვით zmna.ge ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას დაუკავშირდა.
„უკანასკნელ ხანს საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ დე ვიტამინი ორგანიზმში ძალიან ბევრ ფუნქციას ასრულებს და 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესშია ჩართული. ამიტომ მისი საჭირო დოზის შენარჩუნება ორგანიზმში ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია პრევენციული დოზები, რომელთა მიღებაც ზამთრის სეზონზე, ანალიზის გადამოწმების გარეშეცაა შესაძლებელი.
ეს არის:
ჩვილებში - 400 სე
2-დან 12 წლამდე ბავშვებში - 800 სე
12-დან 18 წლამდე - 1600 სე
18-დან ზემოთ ზრდასრულებში 2000 სე
ეს ის დოზებია, რომელიც ორგანიზმში შეიწოვება და ზედოზირებას არ გამოიწვევს.
რაც შეეხება დოზის თვითნებურად ზრდას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დე" ერთ-ერთი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომლის ზედოზირებასაც ინტოქსიკაციის გამოწვევა შეუძლია.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, დე ვიტამინის ზედოზირებით გამოწვეული ინტოქსიკაციის სიმპტომები, მისი დეფიციტით გამოწვეულ სიმპტომებს ემთხვევა.
გუნება-განწყობის ცვლილება, უღონობა, ტკივილი ძვლებსა და სახსრებში, კუნთების სისუსტე, პერიოდულად გულისრევისა და ღებინების შეგრძნება - ეს ის სიმპტომებია, რომელთა გამოწვევაც, ორგანიზმში დე ვიტამინის არასაკმარის ან საკმარისზე მეტ რაოდენობას შეუძლია გამოიწვიოს,“- ამბობს ლაშა უჩავა.
მისივე განცხადებით, წელიწადში ერთხელ ორგანიზმში D ვიტამინის დოზის განსაზღვრა აუცილებელია.
რაც შეეხება ვირუსების გააქტიურებას და D ვიტამინს, ლაშა უჩავა ამბობს, რომ ვირუსების სეზონზე, დე ვიტამინის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსთან ბრძოლის დროს ჩვენი ორგანიზმი "დე-ს" განსაკუთრებულად დიდ რაოდენობას მოიხმარს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დე ვიტამინი არის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ქმნის ჩვენს იმუნურ სისტემას. ვინაიდან ვირუსთან ბრძოლის დროს იმუნური სისტემა აქტიურდება, დე ვიტამინისა და თუთიის გამოყენება ბევრად უფრო აქტიურად ხდება ორგანიზმში, ვიდრე მათი გამომუშავება. ამის გამო ვითარდება დეფიციტი, რომლის შევსებაც მხოლოდ მზის სხივებითა და ბუნებრივი გზით ვერ მოხერხდება და მედიკამენტების ჩართვა აუცილებელი ხდება. მიღწეული ნორმალური დონის შენარჩუნება კი უკვე მზის სხივების და საპრევენციო დოზების საშუალებითაცაა შესაძლებელი.

კოვიდ პანდემიის შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ვირუსის მიმდინარეობისას მივიღოთ დე ვიტამინი იმისათვის, რომ გავაძლიეროთ იმუნური სისტემა და შემდგომში დე ვიტამინის დეფიციტი არ განვითარდეს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, იმისათვის, რომ დე ვიტამინი მუდმივად გვქონდეს ნორმის ფარგლებში, საჭიროა წელიწადში ერთხელ მაინც განვსაზღვროთ დე ვიტამინის დონე ჩვენს ორგანიზმში და საჭირო დოზის შერჩევა, სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით, ექიმი სპეციალისტის მიერ მოხდეს,“ - გვირჩევს ლაშა უჩავა.
10/24/2025