Logo

სასარგებლო რჩევები

"რატომ ვჭამთ სუფრასთან იმაზე მეტს, ვიდრე ვგეგმავდით? - ნატა გაგუა განმარტავს

"რატომ ვჭამთ სუფრასთან იმაზე მეტს, ვიდრე ვგეგმავდით? - ნატა გაგუა განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ალბათ გამოგიცდით სიტუაცია, როდესაც სუფრიდან ადგომისას ხვდები, რომ იმაზე გაცილებით მეტი მიირთვი, ვიდრე თავიდან გქონდა დაგეგმილი.

ხშირად ამას ნებისყოფის ნაკლებობას, „საკვების სიყვარულს“ ან თვითკონტროლის პრობლემას ვაბრალებთ. თუმცა თანამედროვე ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ჩვენი კვებითი არჩევანი, ყოველთვის მხოლოდ შიმშილსა და პირად გადაწყვეტილებებზე არ არის დამოკიდებული. გარემო, ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვსადილობთ, მათი ქცევა, ემოციური ფონი და თვითონ სუფრის ატმოსფეროც კი გავლენას ახდენს იმაზე, რამდენს და რა ტემპით ვჭამთ.

სწორედ ამ მექანიზმებზე საუბრობს ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა, რომელიც განმარტავს, რატომ გვიჭირს ზოგჯერ კვებითი ავტომატიზმის კონტროლი და როგორ შეგვიძლია რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შევამციროთ ზედმეტი ჭამის რისკი.

ნატა გაგუა

ნატა გაგუა:

"რატომ ვჭამთ სუფრასთან იმაზე მეტს, ვიდრე ვგეგმავდით?

სივრცეში, სადაც ირგვლივ ყველა ნერვიულობს და ნახშირწყლებს მიირთმევს - შენი ხელიც არაცნობიერად მიიწევს ტკბილეულისკენ. რესტორანში, მეგობრების გარემოცვაში - ჭამ ბევრად უფრო სწრაფად და იმაზე მეტს, ვიდრე გეგმავდი.

ეს ნებისყოფის სისუსტე არ არის.

ჩვენი ტვინი მუდმივად „ასკანირებს“ გარემოს და ავტომატურად იწყებს გარშემომყოფების ქცევის გამეორებას, ხშირად მანამ, სანამ ამას საერთოდ გავაცნობიერებთ. ამ პროცესში ერთ-ერთ როლს სარკისებური ნეირონების სისტემა ასრულებს, თუმცა სოციალური მიბაძვა ბევრად უფრო ფართო ნეიროკოგნიტური მექანიზმების შედეგია.

მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა სულ სხვა იყო.

ლაბორატორიულ პირობებში გამოვლინდა, რომ ეს ავტომატიზმი გამოცდილებით იცვლება.

კეროლაინ კეტმურისა და სესილია ჰეიზის - Oxford-ისა და King's College London-ის მკვლევარების - კვლევებში მონაწილეებს სისტემატურად ასწავლიდნენ: ხედავ ერთ მოქმედებას - ასრულებ სხვას. რამდენიმე სესიის შემდეგ ტვინში ნერვული კავშირები ახლებურად გადაეწყო: ავტომატური ასახვა სუსტდებოდა, ხოლო შეგნებული კონტროლი ძლიერდებოდა. ამ პრინციპს მეცნიერებმა კონტრ-სარკისებური ტრენინგი (counter-mirror training) უწოდეს.

ჩვენ ამ პრინციპს კლინიკურ სიტუაციებში ვიყენებთ - მაგალითად სუფრასთან, სადაც კვებითი ავტომატიზმი ყველაზე ძლიერია.

1.სტრესული ტრიგერი

კვება

შენი სარკისებური სისტემა ამ წამს უკვე ჩართულია და ხელიც ინსტინქტურად მიიწევს საკვებისკენ. კონტრ-სარკისებური პრინციპი ასე მუშაობს: სანამ ხელი მოძრაობას დაიწყებდეს, შეასრულე ფიზიკურად სრულიად საპირისპირო მოქმედება. დადე ხელები მაგიდაზე ხელისგულებით ზემოთ და გააკეთე სამი ნელი, ღრმა სუნთქვა.

ეს არის ნეირონული ინტერფერენცია - სტიმულსა და ავტომატურ რეაქციას შორის არსებული ჯაჭვის წყვეტა.

2. სოციალური სუფრა

კვება

ჭამის ტემპი გადამდებია. ეს კი დანაყრების ჰორმონული და ნერვული სიგნალების ბიოლოგიური თავისებურებაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ჰორმონული სისტემიდან წამოსულ სიგნალებს ტვინამდე მისაღწევად დრო სჭირდება. სუფრასთან, სანამ დანაყრების სიგნალი მოვა, იმაზე ბევრად მეტი გაქვს ნაჭამი, ვიდრე ორგანიზმს რეალურად სჭირდება.

კონტრ-სარკისებური პრაქტიკა: ყოველი ლუკმის შემდეგ ჩანგალი დადე მაგიდაზე. დაღეჭე მანამ, სანამ საკვები კომფორტულად გადასაყლაპი გახდება. ყურადღება გადაიტანე გემოზე, ტექსტურასა და სუნთქვაზე და არა სუფრაზე. აქვე იჩენს თავს პარადოქსიც: შენი სიმშვიდე გარშემომყოფებზეც მოქმედებს და ისინიც ქვეცნობიერად შეანელებენ ჭამის ტემპს.

3. გარემოს „ნეირო-აუდიტი“

კვება

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სუფრამდე იწყება. ჩვენი ჩვევები დიდწილად სოციალური გარემოს ანარეკლია. თუ ყოველდღე იმ ადამიანებთან ერთად სადილობ, ვინც ქაოტურად, სწრაფად და გაუცნობიერებლად ჭამს, ეს ნიმუში შენს ტვინშიც, ნელ-ნელა, ჩაიწერება.

გადახედე შენს გარემოს შეგნებულად. ეს ტრიგერების შემცირების საუკეთესო გზაა, თანაც ნებისყოფის მინიმალური ხარჯვით.

ალბათ ხვდებით, რა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამ მექანიზმს ბავშვისთვის. მშობლის კვებითი ქცევა არის პირველი ოჯახური „მატრიცა“, რომელსაც ბავშვის ტვინი დაკვირვებითა და მიბაძვით ითვისებს.

სანამ ბავშვი გააცნობიერებს, რა არის სასარგებლო ან მავნე, ის ჯერ უბრალოდ იმეორებს იმას, რასაც ყოველდღე სახლში, მაგიდასთან ხედავს - სწრაფად ჭამას, სტრესის საკვებით ჩახშობას ან პროდუქტებთან მშვიდ, გაცნობიერებულ ურთიერთობას. ჩვენი შვილები ჯერ მიბაძვით სწავლობენ და მხოლოდ შემდეგ უვითარდებათ გააზრება.

კვებითი კონტროლი არ იწყება „შეიძლება“ და „არ შეიძლება“ პროდუქტების ჩამოწერით.

ის იწყება იმ მომენტის ამოცნობით, როდესაც ავტომატიზმი ირთვება და ერთი გაცნობიერებული, ფიზიკური ნაბიჯით, რომელიც ამ ავტომატიზმს ანგრევს.

ავტორი: ზმნა

06/10/2026

კვებაკვების კონტროლინატა გაგუარჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024