
09/04/2026
ძაღლთან დღის ამბების მოყოლა, კატისათვის კითხვების დასმა ან შინაურ ცხოველთან ისე საუბარი, თითქოს ის სრულფასოვანი თანამოსაუბრეა, ბევრისთვის ყოველდღიური ჩვევაა.
ახლა მეცნიერებს პირველად აქვთ სანდო ინსტრუმენტი, რომ ასეთი კომუნიკაცია რეალურ ცხოვრებაში ობიექტურად შეისწავლონ.
არიზონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს სისტემა AURAL-Pet, რომელიც ადამიანისა და შინაური ცხოველის ყოველდღიური ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას აფასებს. მათ შორის, შექებას, კითხვებს, ბრძანებებსა და გაღიზიანების გამოხატვას.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Frontiers in Psychiatry-ში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა ოთხი ადრინდელი კვლევიდან 240 ადამიანის 5 072 აუდიოჩანაწერი გააანალიზეს.
ჩანაწერები სპეციალური სისტემით დღის განმავლობაში შემთხვევით მომენტებში კეთდებოდა, რაც მკვლევრებს ადამიანების ბუნებრივ ქცევაზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევდა და მხოლოდ მათ მოგონებებსა თუ კითხვარებზე არ იყო დამოკიდებული.
შედეგებმა აჩვენა, რომ შინაური ცხოველების მფლობელები საუბრის საერთო დროის დაახლოებით მეათედს 10%-ს საკუთარ ძაღლთან ან კატასთან კომუნიკაციას უთმობენ.

ამასთან, ადამიანებს შორის დიდი განსხვავება აღმოჩნდა. ზოგი ცხოველს ხშირად აქებს, სახელის მოფერებით ფორმებს იყენებს ან კითხვებს უსვამს, ზოგი კი მასთან გაცილებით ნაკლებად საუბრობს.
მკვლევრების აზრით, სწორედ ასეთი განსხვავებები შეიძლება მომავალში დაეხმაროს მეცნიერებს ე.წ. „შინაური ცხოველის ეფექტის“ უკეთ ახსნაში.
წინა კვლევების ნაწილი ცხოველის ყოლას მარტოობისაგან გაქცევის სურვილსა და დეპრესიულ სიმპტომებს უკავშირებს, თუმცა სხვა ნაშრომებში მსგავსი კავშირი მკაფიოდ არ დასტურდება.
კვლევის უფროსი ავტორის, ემილი ბრეის განმარტებით, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ადამიანს შინაური ცხოველი ჰყავს, შესაძლოა საკმარისი არ იყოს. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია მათ შორის ყოველდღიური ურთიერთობა.

ამ ეტაპზე AURAL-Pet არ ადასტურებს, რომ ცხოველთან ხშირი საუბარი თავისთავად აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მისი მნიშვნელობა იმაშია, რომ მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას, ბუნებრივ გარემოში შეისწავლონ ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის ხარისხი და შემდეგ შეადარონ ის ფსიქიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს.
გააზიარე სტატია