Logo

სპორტი

რატომ ყიდის ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატს?

რატომ ყიდის ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატს?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ისტორიაში ყველა დროის ფინანსურად ყველაზე წარმატებული მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა და ფიფამ უმალ გამოაცხადა, რომ ქმნის კომპანიას, რომლესაც გადასცემს ხსენებული მსოფლიოს ჩემპიონატების მართვის უფლებას - კაცთა, ქალების და საკლუბოსიც. ჰო, ამ საქმეში ინფანტინო ინვესტორების მოზიდვასაც აპირებს. ჩნდება კითხვა: რა ჯანდაბად უნდა?! მოდი ვერსიები განვიხილოთ.

პირველი ვერსია: ფიფა და შვეიცარიის კანონმდებლობა ფიფას არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსი აქვს და შვეიცარიაშია რეგისტრირებული.

შესაბამისად, ორგანიზაციის მთელი ფული შვეიცარიულ საბანკო სისტემაშია თავმოყრილი, იმის მიუხედავად სად, რომელ ქვეყნებში შოულობს ფიფა ამ ფულს. ფული კი ცოტა არ არის - მილიარდებზეა ლაპარაკი.

ჰოდა, რა ხდება: როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, ფიფა 4,25%-იან გადასახადს იხდის, მაშინ როცა სტანდარტული კორპორატიული გადასახადი 16,6%-ია. ფინანსისტები დიდი ხანია მხრებს იჩეჩენ: ორგანიზაცია უთვალავ მილიარდიანი ბრუნვით, რანაირად შეიძლება იყოს არაკომერციული.

ჯერ კიდევ 2021 წელს ციურიხის საქალაქო პარლამენტში ინიციატივა შევიდა: ყველა ორგანიზაცია მილირადზე მეტი ბრუნვით, სტანდარტული კორპორატიული ტარიფით დაიბეგროს. ეს ინიციატივა კონკრეტულად ფიფასკენ იყო მიმართული. მაშინ ეს პროექტი ვერ გავიდა, თუმცა ფიფას მიმართ კითხვები არ გამქრალა. ჰოდა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცალკე სტრუქტურის შექმნა და მსოფლიოს ჩემპიონატის მართვის მისთვის გადაცემა, ფიფას შესაძლოა სწორედ კომფორტული საგადასახადო სტრუქტურისთვის სჭირდებოდესო.

მეორე ვერსია: ქეშბეკი ტრამპისთვის

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდეც და მისი მსვლელობისას ჯანი ინფანტინოს და დონალდ ტრამპის კავშირებმა ყველა შესაძლო კონსპიროლოგიური თეორია ერთდროულად წარმოქმნა. ურთიერთკომპლიმენტების ზღვა, არაკონტროლირებადი საუბრები სპორტულ საკითხებზე, სუპერსკანდალი ამერიკელი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის გაუქმების გამო...

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატების ახალ კომპანიაზე გადაბარებაზე იმუშავებს, ჯოშუა კუშნერი უხელმძღვანელებს. ეს ბატონი ივანკა ტრამპის მაზლია - ივანკა კი, მოგეხსენებათ, პრეზიდენტ ტრამპის უფროსი და როგორც ამბობენ, საყვარელი ქალიშვილია. ახლა მოდი, დავითვალოთ. მსოფლიოს ჩემპიონატი შემოსავლით დაეწია NBA-ს (12.3 მილიარდი), გაუთანაბრდა Airbnb-ს და eBay-ს. დიდი ხანია ჩამოიტოვა ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა Puma , Ferrari, Levi’s, Gucci, Warner Music Group...

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. სხვა სიტყვებით, მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე სპორტული ტურნირი კი არა, მსოფლიო მასშტაბის ფინანსური გიგანტია. ჰოდა, დიდი ალბათობით, ინფანტინოს ახალი ინიციატივა შესაძლოა, სულაც არ იყოს ის, როგორადაც მას გვაჩვენებენ, არამედ, წარმოადგენდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან წინასწარ შეთანხმებულ გეგმას, ტრამპის მხრიდან მძლავრი მხარდაჭერის სანაცვლოდ. ბარემ გავიხსენოთ, რომ ფიფას პრეზიდენტის მომდევნო არჩევნები სულ რაღაც 7 თვეშია.

ავტორი: გიორგი დარჯანია

07/30/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024