Logo

ტაბლოიდი

"რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრები და მჭირდები" - გიო ხუციშვილი 64 წლის გახდებოდა

"რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრები და მჭირდები" - გიო ხუციშვილი 64 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიო ხუციშვილი 64 წლის გახდებოდა. რვა წელი ხდება, რაც აღარ არის. თავისი ენერგეტიკით ძალიან აკლია ქალაქსაც და ესტარადასაც. კოლორიტული ტიპაჟი ყველგან სასურველი სტუმარი იყო, შინაურული გარემო იქნებოდა თუ მუსიკალური საღამოები. პროფესიონალი მომღერალი არ ყოფილა, თუმცა გულით ნამღერ სიმღერებს, უკვდავების სული ისე შთაბერა, რომ ყურის მახსოვრობას მისი ხმა მუდმივად ესმის, წარმოსახვა კი, მის მინაბულ თვალებს ხედავს, სიმღერისას რომ სადღაც უსასრულობაში გადასულს ემსგავსებოდა...

"რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრები და მჭირდები. დღეს გიოს დღეა" - წერს მაია ჯორჯაძე, გიო ხუციშვილის მეუღლე.

მაია მუდამ მის გვერდით იყო, საყრდენად, იმედად. თუმცა ვინ - ვისი იმედი იყო, ესეც საინტერესოა. ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს ერთმანეთი მუდამ ეიმედებოდა.

„მეგობართან გავიცანით ერთმანეთი. სიმღერ-სიმღერით დაიწყო და გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულით. სიურპრიზები მან რომ იცოდა, ასეთი არ ვიცი… უცებ შემოვიდოდა, როიალზე დადებდა ბილეთებს და იტყოდა, ამაღამ მივფრინავთო. არ არსებობდა დღესასწაული, როცა საჩუქარი არ მოჰქონდა. მთელი თვის განმავლობაში აგროვებდა საჩუქრებს ახალი წლისთვის და თორმეტ საათზე იყო ფეიერვერკი, როცა გამოჰქონდა ხოლმე…"

ორი წლის წინ, უფალმა პატარა გიო გამოუგზავნათ. ზუკამ ნანატრ შვილს მამის სახელი დაარქვა. პატარა ძალიან ჰგავს ბაბუას, რომელიც სამწუხაროდ, მის დაბადებას ვერ მოესწრო.

"გიოს ძალიან უნდოდა ბიჭი. ვერ მოესწრო. ალბათ, ესმის და ხედავს ყველაფერს, რომ გიო ხუციშვილი გაგვიჩნდა. ძალიან ჰგავს ხუციშვილებს" - ამბობს მაია.

მაია ჯორჯაძე

ავტორი: ზმნა

02/23/2026