Logo

ინტერვიუ

"რაც მას სიკეთე აქვს გაკეთებული, ნამდვილად სამოთხეს იმსახურებს" - დათო ევგენიძე თემურ უგულავაზე

"რაც მას სიკეთე აქვს გაკეთებული, ნამდვილად სამოთხეს იმსახურებს" - დათო ევგენიძე თემურ უგულავაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თემურ უგულავას ადრიანმა წასვლამ თბილისი დაამწუხრა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მძიმე სენთან ბრძოლის შესახებ კარგად იცოდნენ, შედეგმა ყველა შეძრა.

"კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს" - ფრაზა, რომელსაც მისი გახსენებისას ხშირად იმეორებენ...

და მაინც რა ცოტაა 56 წელი და რამდენი "საქმენი საგმირონია" ამ მადლიანი კაცის ანგარიშზე. ბოლო არ უჩანს ისტორიებს. სიკეთეებს იხსენებენ ადამიანები და ემადლიერებიან კაცს, რომელმაც ბევრი თავის მოსაწონებელი ადგილი აჩუქა ქალაქებს - ქვეყანას. გამეტებულად თესდა სიკეთეს, ახარებდა შინაურს თუ გარეულს, პირად ცხოვრებაში თუ - საქმეში... ცდილობდა, ეს პატარა და ავთენტური ქვეყანა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო თავისი კულტურით, ადამიანებით, ბუნებითა და უნიკალურობით. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა კიდეც.

მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი ფეისბუქზე წერს:

"ძალიან რთულია მთელი ქალაქის, ქვეყნის რითმი და მიმართულება შეცვალო ერთმა ადამიანმა.

რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დამპალ დაავადებას ებრძოდა.

ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა: მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო...

კარგი იქნება თუ ბევრ რამეზე იცინებენ კიდევ ერთად.

თემურ, გულწრფელი მადლობა იმისთვის, რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთე."

თემურ უგულავა

მეგობარს "ზმნასთან" დათო ევგენიძე იხსენებს.

დათო ევგენიძე: მიუხედავად იმისა, რომ შეგუებული ვიყავი მის ავადმყოფობას, მაინც ფაქტის წინაშე რომ დავდექით, ძალიან მეტკინა. წელიწადნახევარია ამერიკაში მკურნალობდა და იქ გარდაიცვალა.

თემურის და ბაია დავითაიას შვილი ჩემი ნათლულია. ახლობლები ვიყავით.

თემურ უგულავა

მისი ცხოვრება მთლიანად გამორჩეული იყო. მისი არჩევანი იყო სიკეთე და ქველმოქმედება. ამით ცხოვრობდა.

თემურმა თბილისს ძალიან ბევრი რამ აჩუქა, ჯერ მხოლოდ "სტამბა", "რუმსი", "ფაბრიკა" ეყოფა... თბილისს გემოვნებიანი ადგილების ფანტასტიკური საჩუქარი გაუკეთა. ვერც ჩამოვთვლი, იმდენი პროექტი აქვს დაფინანსებული. ბევრ ადამიანს დაუდგა გვერდზე, ხელოვანები იქნებოდნენ, თუ ავადმყოფი ადამიანები. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვერავინ მოთვლის. იშვიათი ადამიანი იყო.

თურქეთში სამკურნალოდ წასვლის წინ რამდენჯერ დამხმარებია; კონცერტებზეც გვერდით მედგა მთელი ცხოვრება. სიკეთის კეთებაში მის მსგავს მეორე ადამიანს მე არ ვიცნობ. მართლა არ ვიცნობ.

ძალიან გული მატკინა...

ახლოს არ ვიკარებდი იმ ინფორმაციას, რომ ოდესმე შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ახლაც მიუღებლობა მაქვს ამ ამბის. სრულიად თბილისისთვის სერიოზული ტკივილია. ის არის ადამიანი, რომელიც თავისი გემოვნებიანი პროექტებით თბილისს მართლა დააკლდა, ხაზგასმით და გულთან ახლოს მისატანად.

მიყვარდა... და რაც მას სიკეთე აქვს გაკეთებული, ნამდვილად სამოთხეს იმსახურებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

06/22/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024