საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1921 წლის ბოლოს ფინეთში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ინტერვიუ ახლადოკუპირებული საქართველოდან დევნილობაში მყოფ კარლო ჩხეიძესთან. საქართველოს პირველ რესპუბლიკაში მას დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ვსაუბრობთ ამ უაღრესად საინტერესო ინტერვიუზე და ბრალდებებზე, რითაც ოკუპირებულ საქართველოში გაასამართლეს და დახვრიტეს უამრავი პატრიოტი, მათ შორის ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი და მიხეილ ჯავახიშვილი.
კარლო ჩხეიძე ინტერვიუში აღწერდა საქართველოს დამოუკიდებლობის სამ წელს, მენშევიკური მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და ბოლოს — რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმას საქართველოზე. მან მაშინ ფინელ და სხვა ევროპელ სოციალისტებს ასე მიმართა:

„თუ ევროპის სოციალისტური პარტიები უარს იტყვიან საქართველოს დახმარებაზე, ამით საბუთს მისცემენ ბოლშევიკებს, სხვა განაპირა ქვეყნებსაც ისევე დაუსჯელად დაესხან თავს, როგორც საქართველოს. მაშინ, რაც საქართველოში მოხდა, ხვალ შეიძლება თქვენშიც დატრიალდეს.“

საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ასეთი წინასწარმეტყველური გაფრთხილებით მოუწოდებდა ევროპის ლიდერებს, მოეთხოვათ ბოლშევიკური რუსეთისგან საქართველოდან საოკუპაციო არმიის გაყვანა. მაგრამ დრო იყო ულმობელი. ევროპაში ბევრს არც კი ჰქონდა ნათელი წარმოდგენა იმაზე, რა მოხდა საქართველოში. ბოლშევიკურმა რუსეთმა ბარბაროსულად დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, თუ ადგილობრივმა აჯანყებულებმა რუსეთის არმიას დახმარება სთხოვეს, როგორც ამის შესახებ ევროპაში აქტიურად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას რუსი ოკუპანტები და მათი მოკავშირე ქართველი ბოლშევიკები.
ოკუპირებულ საქართველოში
ბოლშევიკური პროპაგანდა მენშევიკებს ერთიანად „ევროპელი იმპერიალისტების აგენტებად“ ნათლავდა. ევროპელებს კი ადანაშაულებდნენ, თითქოს საქართველოში არეულობას უწყობდნენ ხელს „საბჭოთა მშვიდობას“ ემუქრდებოდნენ.
საოკუპაციო რეჟიმის 1923-24 წლების პრესის თანახმად, საქართველოში მოქმედი ანტისაბჭოთა პარტიები ევროპელების დახმარებით აწყობდნენ სტამბებს და არალეგალურად ბეჭდავდნენ გაზეთებს, რომელთა საშუალებითაც ხალხს ბოლშევიკების წინააღმდეგ აქეზებდნენ. ბოლშევიკები განსაკუთრებით ლანძღავდნენ ინგლისსა და საფრანგეთს. ყველას, ვინც ოკუპაციას არ ეგუებოდა, ისინი „ევროპელი იმპერიალისტების ჯაშუშად“ აცხადებდნენ. ასეთი ბრალდება კი სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა.
ბოლშევიკურ ტერორში გავიდა წლები
ლავრენტი ბერიას სიტყვა თბილისის საბჭოთა ინტელიგენციის საერთო საქალაქო შეკრებაზე, 1937 წლის 9 დეკემბერი.

„ფაშისტური ოხრანკების აგენტები, მოღალატეები და გამცემები აღმოჩნდნენ პროფესორები: გ. ელიავა, ჯანდიერი, ცქიტიშვილი, ა. წერეთელი; ინჟინერი ჭიჭინაძე; რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი ს. ახმეტელი; მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე...

ისინი, უკლებლივ ყველანი, ეწეოდნენ ჯაშუშობას, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი უცხოეთის დაზვერვასთან, აგროვებდნენ და საზღვარგარეთ გზავნიდნენ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს. ამზადებდნენ წყლის მოწამვლას ნატახტარის წყალსადენში. საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმა ყველა ისინი შეიპყრეს, გაანადგურეს და მოსპეს.“(ხანგრძლივი ტაში).
ასე, „ევროპელი კაპიტალისტების ჯაშუშობის“ ბრალდებით დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და კიდევ ბევრი — ძალიან ბევრი — ქართველი ინტელექტუალი, მეცნიერები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები. ეს იყო იმ „მშვიდობის“ რეალური ფასი, რომელიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამ მოიტანა.

03/14/2026