Logo

კულტურა

"რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახიც. ჩვენს ოჯახში გამორჩეული იყო" - კახი კავსაძე 91 წლის გახდებოდა

"რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახიც. ჩვენს ოჯახში გამორჩეული იყო" - კახი კავსაძე 91 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

5 ივნისი კახის დღეა. 91 წლის გახდებოდა... ძალიან გვაკლია; აკლია ეკრანსაც, სცენასაც და საზოგადოებასაც...

როგორც არტისტს თავისი ნიშა ჰქონდა, როგორც კაცს - რაინდული არსი, როგორც მოქალაქეს - ჰუმანური და მართალი დამოკიდებულება... იყო თავმდაბალი, თბილი გრძნობებით გასხივოსნებული... ამიტომაც იყო, რომ ყველგან, სადაც გამოჩნდებოდა, გარს ერტყა ამალა, მისით აღფრთოვანებული ადამიანების ამალა. 

უმისობა ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ უკვე ხუთი წელიც გავიდა, რაც მარადისობაშია. გმირები კი, მისი გმირები, მუდამ ჩვენთან თანაარსებობენ თავიანთი პირდაპირობით და ჭეშმარიტობებით...

კახი კავსაძე

ცირა ხოშტარია კახი კავსაძის დეიდაშვილია, რომელმაც ლეგენდარულ მსახიობთან, ერთ ჭერქვეშ, უკანასკნელი თხუთმეტი წელი გაატარა.

ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება ერთად გამოიარეს. ჰოდა, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ მსახიობმა, როცა მარტო დარჩა, თავისი დეიდაშვილის, ცირას გარდა სხვა არავინ ისურვა, რომ მასზე ეზრუნა...

გავიხსენებ ინტერვიუს, რომელიც ქალბატონმა ცირამ რამდენიმე წლის წინ მომცა.

ცირა ხოშტარია

ცირა ხოშტარია: - რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახიც... მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული. მე, ჩემი და და კახი და მისი ძმა იმერი, ერთად ვიზრდებოდით. ჩვენს დედებს განსაკუთრებული დედმამიშვილობა ჰქონდათ, განუყრელები იყვნენ. ჩვენი მამები ომში რომ წავიდნენ, რახან მე და ჩემი და პატარები ვიყავით, დეიდამ შეგვიფარა. ის ექიმი იყო და ავად თუ გავხდებოდით, ყოველმხრივ გვპატრონობდა. დეიდა, კახის და იმერის დედა, არაჩვეულებრივი ქალი იყო, საოცრება...

ბოლოს ბავშვობას რომ ვიხსენებდით, კახი მეუბნებოდა, დედაშენი შენს თავს რომ დამიტოვებდა, მე ფანჯარასთან ვიჯექი და ვუყურებდი, ბავშვები ბურთს როგორ თამაშობდნენ, ეზოში ვერ ჩავდიოდი, ორი წლის ბავშვს მარტო ხომ ვერ დავტოვებდიო? უფროსი ძმის თვისება ბოლომდე შერჩა. არავინ ავალებდა, მაგრამ თვითონ იჩენდა მზრუნველობას. ბოლოს მე აღმოვჩნდი მის მომვლელად...

რომ გავიზარდეთ, მე და ჩემს დას გვაკონტროლებდა, სად მიდიხართ, ვისთან მიდიხართო და ჩვენ ამაზე საშინლად ვბრაზობდით. მაგრამ რომ გაგვიჭირდებოდა, ისევ კახი იყო ყველაფერში ჩვენი მშველელი. ასეთი თვისება ჰქონდა სულ - მასთან საშველად მისულ ადამიანს უარით არასდროს გაისტუმრებდა, ყველგან დაჰყვებოდა.

ბავშვობიდანვე ემპათიური იყო. თუმცა კახიც და იმერიც რთული ბავშვები იყვნენ. დეიდაჩემი ამბობდა, ირინა ბუგრიმოვა ვარო (საბჭოთა კავშირში ცნობილი ვეფხვების მომთვინიერებელი). ხან ტრამვაიდან ჩამოხტებოდნენ, ხან ცუდი წრის ბიჭები უტრიალებდნენ... ცელქები იყვნენ, ანგრევდნენ სახლს. მათთან ორომტრიალი იყო. დედა დაერეოდა ორივეს. დედის წარმოუდგენელი ხათრი და სიყვარული ჰქონდათ. იცით, რას ამბობდა, დედას რომ მოერტყა, ეს ჩემთვის დამცირება არ იყო, რადგან ის ყოველთვის სამართლიანი იყოო... მამის სიყვარულს უნერგავდა. ჩვენც კი ველოდით დათაშკას ჩამოსვლას. ეს მოლოდინი სულ იყო, რადგან გამუდმებით გვესმოდა, დათაშკა ჩამოვაო... გარდაცვალების შემდეგაც მამა, მისი ბიჭებისთვის, ცოცხალი იყო.

სკოლაშიც კარგად სწავლობდა. სპორტშიც წარმატებული იყო. ყველაფერი გამოსდიოდა.

კახის და ბელას სიყვარულზე ახალს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი ითქვა...

მახსოვს, ერთხელ მოვიდა ჩვენთან, დიდი ბაღი გვქონდა და ნუშის რტოები დატეხა, დიდი გაშლილი ყვავილები დაკრიფა... სად მიგაქვს ეგ თაიგული-მეთქი, ვკითხე. ეგ შენი საქმე არ არისო, მითხრა და წაიღო. არ ვიცოდით, ბელასთან მის ურთიერთობაზე. ნუშის ყვავილებიც თურმე ბელასთვის მიურთმევია. მაშინ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი...

ბელა და კახი

რომანტიკულობას არ ამჟღავნებდა. ზოგჯერ, მკაცრიც იყო, მაგრამ ბელას მიმართ მზრუნველი და მოყვარული იყო, ყოველთვის სინაზე ჰქონდა... როდესაც ბელას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, კახი უფრო და უფრო მზრუნველი ხდებოდა. ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ იღლება ეს კაცი ამ ყველაფრით-მეთქი. პირიქით, მისთვის სიყვარულით აკეთებდა ყველაფერს. და თითქოს სიამოვნებდა. დეიდა მეტყოდა, კახისთვის ეს ტვირთი არ არის, ეს მისი მოთხოვნილებაა, რომ რაღაცით შეეხიდოს ცოლს ავადმყოფობაშიო.

გულის ოპერაცია რომ გაიკეთა, ვნახე, გამხდარი მომეჩვენა. ვუთხარი, ხომ არ გინდა შენთან გადმოვიდე საცხოვრებლად და საჭმელი მოგიმზადო-მეთქი? როგორ არ მინდა, მაგრამ ვერ გეუბნებიო... ავდექი და გადავედი. მაშინ დიდი ჯაფა არ დამდგომია, დამხმარე ქალბატონი ალაგებდა და რეცხავდა, მე დიეტურ, უცხიმო, უმარილო სადილებს ვუმზადებდი. თან ვცდილობდი გემრიელი ყოფილიყო. მოკლედ, კახი მოვასულიერე და მოიკეთა კიდეც...

გამოვიდა ისე, რომ 15 წელი ვიცხოვრე მასთან. ისეთი ადამიანი იყო, რომ უცხოს სახლში ვერც აიტანდა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უმწეო გახდა. მახსოვრობა დაუსუსტდა. ვერ მივატოვებდი.

კორონა მან მოიტანა სახლში. კახის სახლში ყოფნა ხომ არ შეეძლო. ვთხოვდი, ნუ დადიხარ, გადაგედება-მეთქი. ვერ გავაჩერე, ხალხთან ურთიერთობა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ვირუსი მოიტანა კიდეც და გადაგვედო მეც, მის მომვლელსაც, იმერის და მის ოჯახს. მე საავადმყოფოში დავწექი. მერე უფრო და უფრო გაურთულდა, გაურთულდა და... პატარაც არ იყო, თუმცა შეიძლებოდა კიდევ ეცოცხლა.

კახი კავსაძე

მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, მე იშვიათად მეგულება. დედამისიც ასეთი იყო. კახისაც ბევრი ადამიანისთვის ჰქონდა სიკეთე გაკეთებული. ქუჩაში რომ ვეღარც დადიოდა უკვე, მაინც არ გაუშვებდა ბავშვს ისე, რომ არ მოფერებოდა. სახელს ეკითხებოდა, რას თამაშობო, გამოელაპარაკებოდა. ასეთი იყო.

ჩვენს ოჯახში ყველასთვის მაგალითია კახი, ნამდვილად. გამორჩეული იყო. ალბათ, სხვებისთვისაც ასეთად ჩანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან ამხელა სიყვარული და პოპულარობა არ მოვიდოდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

06/05/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024