საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"არაფერი აბერებს ქალს ისე, როგორც სასოწარკვეთილი მცდელობა, გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად." ეს სიტყვები კოკო შანელს ეკუთვნის. მას კი ნამდვილად დაეჯერება. ბოლოს და ბოლოს რამდენი საჩუქარი გაგვიკეთა ქალებს. სილუეტი, სტილი და ქალურობა ხომ დღემდე მასთან ასოცირდება.
მოდით, გავიხსენოთ მისი გამონათქვამები და მის მიერ შექმნილი და დამკვიდრებული სტილი მოდის უზარმაზარ ინდუსტრიაში.

შანელის გამონათქვამები
"რაც უფრო ცუდად მიგდით საქმე, მით უკეთესად უნდა გამოიყურებოდეთ.
არავინაა ახალგაზრდა ორმოცი წლის ასაკში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ განუმეორებელნი ყველა ასაკში.
ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომ ისინი არ უნდა ჩამოვუშვათ.
ქალი, რომელსაც სასურველი სამოსი აცვია, ცუდ განწყობაზე ვერ იქნება.
თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ესე იგი, ის იდეალურად იყო ჩაცმული.

ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სამი რამ: ოჯახური სკანდალი, სალათი და ქუდი.
ქალისთვის ასაკი არაფერს წარმოადგენს - შესაძლოა, 20 წლის ასაკშიც საოცრად გამოიყურებოდეთ და 40 წლის ასაკშიც ყველას ატყვევებდეთ."

შარვალი
კოკომ პირველად მოირგო შარვალი იმ დროს, როდესაც ქალებს გრძელი ქვედაბოლო ერჩივნათ. სულ მალე მსოფლიოს ქალებმა აღიარეს, რომ შარვალი ძალიან კომფორტული და მოდური სამოსია. ახლა ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ კოკო შანელმა მისცა ქალებს სწრაფი სიარულისა და კომფორტულად ჯდომის საშუალება. ყოველდღიურად კოკო ვიწრო ჯინსებსა და კლასიკურ ჯემპერში გამოწყობილი დადიოდა, ხოლო წვეულებებსა და საღამოებზე ის განიერ შარვლებს ირგებდა. სწორედ ისეთს, როგორსაც მოგვიანებით მარლენ დიტრიხი ატარებდა.

ქვედაბოლო
კოკო თვლიდა, რომ ქალის მუხლები ძალიან მახინჯია, ამიტომ უნდა დაიმალოს. აღმოჩნდა, რომ კოკო არ ცდებოდა. უმეტესობას, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთი "კლასიკური" სიგრძის კაბა უხდება. შანელმა, სპეციალურად საქმიანი ქალებისთვის, ასეთი კომფორტული კაბების რამდენიმე მოდელი შეიმუშავა. ყველა მათგანი სწორი და ვიწროა და მათი კიდეები დეკორატიული ხაზებითაა გაფორმებული.
პიჯაკი
1925 წელს კოკო შანელმა მსუბუქი პიჯაკების სერია შექმნა, რომელიც ქალის სილუეტს უსვამდა ხაზს და ამასთან ძალიან კომფორტული იყო. ტრადიციული პიჯაკების მაგივრად, რომელსაც საკმაოდ უხეში ფორმა ჰქონდა, შანელმა ქალებს ნაზი აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი, ვიწრო, გრძელმკლავიანი დიზაინი შესთავაზა. ასეთი პიჯაკი არ ზღუდავს ჟესტებს. არადა, კოკომდე ქალებს, ძალდატანების გარეშე, ტაქსის გაჩერებაც კი უძნელდებოდათ.

ჩანთა
ხელები თავისუფალი უნდა იყოსო და მოიგონა შავი, ჯაჭვის სახელურიანი, კუბროკრული დიზაინის ჩანთა, რომელიც დღემდე კლასიკური ჩანთის ნიმუშად ითვლება. ის დიზაინერმა 1930 წელს შექმნა.

აქსესუარები
შანელი გიჟდებოდა აქსესუარებზე. მას სამკაულებში საოცრად დიდი თანხის გადახდაც შეეძლო. კოკო პირველი იყო, რომელმაც ერთად გაიკეთა ბიჟუტერია და ძვირფასი სამკაულები. ის იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში მარგალიტების, ლალისა და ზურმუხტის მძივების, ბროშების (რაც მის საფირმო ნიშნად ითვლება), შლაპებისა და ბერეტების გარეშე. მაშინაც კი, როდესაც მას უბრალო, მამაკაცის თეთრი პერანგი ეცვა, კოკო აუცილებლად ირგებდა რაიმე თვალისმომჭრელ სამკაულს.

01/30/2026