
09/07/2026
ჟოზე მოურინიუს დაბრუნების მერე „რეალმა“ პირველი მარცხი იწვნია. თუმცა აქ არა მარცხის დეტალებზე, არამედ იმაზე ვისაუბროთ, რა ეცვა „რეალს“ - ვარდისფერი ფორმა, რომელთანაც კლუბს, რბილად რომ ვთქვათ, რთული დამოკიდებულება ქვს.
„რეალი“ ვარდისფრად პირველად 2014 წელს შეიმოსა და გულშემატკივრების რისხვაც დაიტეხა თავს. მაშინ, „ადიდასის“ დიზაინერების გადაწყვეტილება, „სამეფო გუნდისთვის“ სრულად ვარდისფერი ფორმა შეეკერა, მეტისმეტად თამამად და რადიკალურად მოჩანდა. კლუბმა და „ადიდასმა“ აგრესიული სარეკლამო კამპანიაც ჩაატარეს დევიზით: „ან იცვამ, ან გეშინია“. გავარდისფრების მიზეზი, როგორც განმარტეს, საუკუნეზე მეტის ხნის კლუბის გაახალგაზრდავება და აუდიტორიის გაკვირვება იყო.

გაკვირვება გამოუვიდათ: ესთეტიურ პრეტენზიებს შედეგებიც დაემატა. როდესაც „რეალმა“ ეს ფორმა პირველად ჩაიცვა, იმ მატჩში „რომასთან“ ფრანჩესკო ტოტის გოლით დამარცხდა. ეს საგამოფენო თამაში იყო და კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ამ ფორმით „რეალმა“ სეზონის პირველი მატჩიც ჩაატარა და...
სან სებასტიანში „სოსიედადს“ მე-11 წუთზე 2:0 უგებდა და ის თამაში 2:4 წააგო. ცხადია, ეს სირცხვილი ბევრმა ვარდისფერ ფორმას დააბრალა და საბოლოოდ, „რეალმა“ ის დიდი ხნით გადამალა.
უცნაურია, მაგრამ ამავე დროს, ვარდისფერი ფორმა მშვენივრად იყიდებოდა. ის, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადიც კი გახდა „რეალის“ ისტორიაში, არადა, რაც „რეალს“ მაისურები აქვს გაყიდული...
„ადიდასი“ და „რეალი“ ვარდისფერ იდეას 6 წლის მერე ისევ დაუბრუნდნენ, 2020/21 წლების სეზონში. მაშინ ავტორიტეტულმა გამოცემა AS-მა დიდი სათაურითაც დაბეჭდა წერილი: „რეალი ვარდისფერს მეორე შანსს აძლევს“. ამ ფორმის დებიუტი მეტისმეტად საპასუხისმგებლო დროს შედგა: „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „მანჩესტერ სიტის“ ხვდებოდა. „რეალმა“ ის მატჩი 1:2 წააგო და გავარდა. რას დაბრალდა მარცხი? ცხადია, ვარდისფერ ფორმას.

შემდეგ „რეალმა“ ეს ფორმა შინ, „კადისთან“ შეხვედრისას ჩაიცვა. „რეალი“ „კადისთან “ თანაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ როგორ უნდა დამარცხებულიყო, მაგრამ მოახერხა - 0:1. რამდენიმე კვირაში ისე ჩაიცვეს ვარდისფერი და ვალენსიაში 1:4 დამარცხდნენ.
AS-ი უკვე პირდაპირ წერდა: „ვარდისფერს რეალისთვის უბედურება მოაქვს.“ ის სეზონი „რეალმა“ საერთოდ უტიტულოდ დაასრულა, რაც იქამდე 11 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ვარსდისაფერი ფორმა ისევ დიდი ხნით გადამალეს...
და როდესაც ახლა, სექტემბრის პირველ მატჩში, „ბეტისის“ წინააღმდეგ, რეალმა 90+4 წუთზე მიიღო თამაშის გადარჩენის ბრწყინვალე შანსი - მეტოქის კარში პენალტი დაინიშნა, კილან მბაპემ კი დარტყმა გააფუჭა, ჟოზე მოურინიუ უნდა მიმხვდარიყო, რომ ყველაფერში დამნაშავე ვარდისფერი ფორმაა, რომელიც „რეალმა“ 5 წლის თავზე ისევ ამოიღო სკივრიდან, გარისკა და ისევ ჩაიცვა...
გააზიარე სტატია