კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", მინის თეატრმა, უკვე მეოთხედ ითამაშა. დამდგმელმა რეჟისორმა, რეზო შატაკიშვილმა სპექტაკლი დიდი ქართველი თეატრმცოდნის, კრიტიკოსისა და პედაგოგის - ნოდარ გურაბანიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს მიუძღვნა. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
თეატრის კრიტიკოსმა, ნოდარ გურაბანიძემ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში, რეცენზიაში - "შენიშვნები დავით კლდიაშვილის დრამატურგიაზე", კლასიკოსი მწერლის შემოქმედება გადაიაზრა და გმირების ფსიქოლოგიური შრეების გახსნით, გმირები "გაშიფრა"... რატომ არიან ასეთი ტრაგიკომიკურნი, სევდიანნი, რას მალავენ ამ საერთო მხიარულობის ნიღაბ ქვეშ... კუდაბზიკობისა და გადაპრანჭული სტუმარ-მასპინძლობის მიღმა, რა სტკივათ ამ დალოცვილებს...

რეზოს თავის დადგმაში სწორედ გურაბანიძისეული რეცენზიის ტექსტები აქვს ჩასმული. პერსონაჟები თამაშის დროს ჩერდებიან, თავიანთი გმირების ქმედებებს ხსნიან და ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილავენ. საინტერესო გადაწყვეტაა.
თუკი აქამდე, კლდიაშვილის ტრაგიკომიკურ გმირებს, სცენაზე უფრო კომედიური ელფერი დაჰკრავდათ, შატაკიშვილის "დარისპანში" სევდიანი სინამდვილე უფრო მჭახედ გამოსჭვივის. ღირსება აყრილი და დამცირებულია არა მხოლოდ იმ პერიოდის უუფლებო ქალები - კაროჟნა და ნატალია, არამედ მამაკაცებიც - ოსიკოც, დარისპანიც...
სცენოგრაფიისა და მუსიკალური გაფორმების ავტორიც თავად რეზოა. სცენაზე დაკიდებული დავით კაკაბაძის "იმერეთის" უზარმაზარი პანო, უკვე განწყობას ქმნის და კლდიაშვილის იმერეთში მიგიძღვება. სადღაც კირილე მიმინოშვილის ცხენის ფრუტუნიც გესმის და შეძახილიც არ იგვიანებს - "ჩაი არ გაგიცივდეთ, ჩაიიი!"
ისმის იშხნელების და მედეა ჯაფარიძის ტკბილად შეწყობილი ხმით ნამღერი - "ნუთუ, არ განმეორდება" და გმირებიც იწყებენ თავიანთ თავზე საუბარს...
გამოცემა "ზმნის" მკითხველისთვის - რეჟისორმა, მსახიობებმა და თეატრის კრიტიკოსებმა, სპექტაკლის შემდეგ, კომენტარი გააკეთეს.

რეზო შატაკიშვილი: ნოდარ გურაბანიძის სტატიამ, რომელიც "საბჭოთა ხელოვნებაში" 1957 წელს დაიბეჭდა, ბიძგი მისცა კლდიაშვილის სცენაზე დაბრუნებას. როცა მე სტატიას გავეცანი, მივხვდი, რომ ბევრ სპექტაკლში სწორედ ამ რეცენზიის ექო ისმოდა.
"დარისპანის გასაჭირის" დადგმა რომ გადავწყვიტე, მინდოდა ნოდარ გურაბანიძესთან დამეკავშირებინა. და დავინახე ფორმა - მსახიობები თამაშობენ, თან აკომენტარებენ საკუთარ საქციელებს, ხსნიან საკუთარ მოქმედებას.

გარდა ამისა, "დარისპანის გასაჭირს" რაღაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ჩემი და ბატონის ნოდარის ურთიერთობაში - როდესაც მე სარეჟისოროზე ვაბარებდი, პარალელურად გავედი თეატრმცოდნეობის ტურზეც, სადაც "დარისპანის გასაჭირის" ანალიზი დავწერე. ეს ანალიზი რომ წაიკითხა, მაშინ გამიცნო ბატონმა ნოდარმა. გამოვიდა, რომ კლდიაშვილმა დაგვამეგობრა.

როდესაც რობერტ სტურუასთან მაგისტრატურაში ვაბარებდი, იქაც ერთ-ერთი თემა იყო ეს ნაწარმოები და მასზე გვიწევდა საუბარი.
ყველა მხრივ გამართული, დრამატურგიულად უნიკალური და სრულყოფილი პიესაა.
მე ამ დადგმაში ბატონი ნოდარის მთელი სიყვარულის ჩაქსოვა მინდოდა. მინდოდა, ერთგვარი ვალის მოხდა ყოფილიყო მისი ხსოვნის წინაშე. თან 95 წელი ხდებოდა მისი დაბადებიდან და არ მინდოდა ეს თარიღი ისე ჩავლილიყო.
ამ სპექტაკლს ვერ დავდგამდი, რომ არ ყოფილიყო მერიის, თეატრალური უნივერსიტეტის - ბატონი გიორგი შალუტაშვილის და სასწავლო თეატრის ხელმძღვანელის, ვათა მატარაძის უშუალო მხარდაჭერა. 21 ნოემბრის წარმოდგენა კი კოკა-კოლას ფინანსური მხარდაჭერით შედგა. ყველა კონკრეტული სპექტაკლი თავის სახსრებთან არის დაკავშირებული.

"დარისპანის გასაჭირს" მსუბუქად უყურებენ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი, ღრმა და შინაარსობრივია.
მე მინდოდა იმ გულისტკივილზე მესაუბრა, რაც დავით კლდიაშვილს აწუხებდა. თითქოს სიღარიბის და გათხოვების თემა მეორეხარისხოვანია და ამ თემების წამოწევით, სხვა რამეზე სურდა მწერალს საუბარი. ცხადია, სხვა რამეზეც საუბრობს, მაგრამ ეს თემებიც მტკივნეული და მნიშვნელოვანია მისთვისაც და ჩემთვის.

ღირსება შელახული აქვს არა მხოლოდ გოგონებს, ოსიკოსაც, რომელიც გურაბანიძეს თუ დავესესხებით, მეორე კაროჟნაა. ისიც დატანჯულია, რომ მაინცდამაინც მზითვიანი ქალი უნდა იპოვოს, სხვა გზა არ აქვს. ერთადერთი შანსი, დროებით მაინც დააღწიოს თავი სიღარიბეს, მზითვიანი ქალის ცოლად შერთვაა.
ეს ტკივილი დღესაც ერთმნიშვნელოვნად აწუხებს ორივე სქესს. შეიძლება ფორმა იცვალა, თუმცა ეს თემები არც დღეს მოხსნილა. დღევანდელ ახალგაზრდებს, კლდიაშვილის გმირებისგან განსხვავებით, შეიძლება თავისუფალი ურთიერთობები შეუძლიათ, თუმცა იგივე პრობლემების წინაშე მაინც დგანან.
შეიძლება არც იმ პერიოდის იმერეთში დაატარებდნენ მამები შვილებს, ეს მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, რომელმაც დამაჯერებლად გადმოგვცა. კლდიაშვილის დრამატურგიიის დიდი ხიბლიც ეგ არის, ახერხებს დაუჯერებელი დამაჯერებლად აქციოს.

- რატომ მიუბრუნდი ამ ნაწარმოებს, რომელიც არაერთხელ დაიდგა სცენაზე?
- ვთვლი, რომ ეს პიესა არ იყო ამოწურული. დღესაც აქტუალურია. არ არის გადაღეჭილი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დადგმა არსებობს. ისეთი დარისპანი, როგორსაც მე ვკითხულობდი, არასდროს მენახა სცენაზე და მინდოდა დამედგა. და რაც მთავარია, მინდოდა ჩამექსოვა ჩემი დიდი სიყვარული იმერეთის და იმერლების მიმართ. ეს არის სრულიად უნიკალური მხარე. იქ მიცხოვრია, ჭიათურის თეატრში მიმუშავია სპექტაკლებზე, ზესტაფონის თეატრში დამიდგამს სპექტაკლი... და ამ სიყვარულის მანიფესტაციაც არის ეს დადგმა. იმერლებს ვუბრუნებ მათგან მიღებულ სიყვარულს.

ლელა ოჩიაური (კინოკრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი): მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რა გველოდა, რომ ეს იყო ნოდარ გურაბანიძის შეხედულებები კლდიაშვილის გმირებზე, მაინც მოულოდნელი იყო რეზოს დადგმული სპექტაკლი. საინტერესოდ აქვს მოფიქრებული ფორმა, დამოკიდებულება. ეს ხომ არ არის დღევანდელ სპექტაკლზე დაწერილი რეცენზია. ანუ ამ სპექტაკლმა რეალურად გააცოცხლა, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ის სპექტაკლი, რომელზეც ბატონმა ნოდარმა ეს რეცენზია დაწერა. ორმაგი და სამმაგი თამაშის მომსწრენი გავხდით.

უნდა ვთქვა მსახიობებზე - ისინი თამაშობენ პერსონაჟებსაც და თან თავიანთ გმირბზეც საუბრობენ. ეს რთულია, მსახიობი კომენტარს და განმარტებას აკეთებს. ძალიან რთულია. გამოცდილი მსახიობების გვერდით, სულ ახალგაზრდებიც არიან. პლასტიკაც საინტერესო ჰქონდათ, მეტყველებაც. ყოჩაღ!

რეზო შატაკიშვილის ასეთი გადაწყვეტით, ნამდვილად მივიღეთ და ვნახეთ ახალი რამ. მუსიკალური გაფორმება საინტერესო იყო, ნაცნობი და საინტერესო ინტერპრეტაციები...
ხომ ხედავთ, მაყურებელი არ იშლება, კმაყოფილია. ერთმანეთისთვის შთაბეჭდილების გაზიარების სურვილი აქვთ, რაც სპექტაკლის დანიშნულება არის კიდეც.

დავით ბუხრიკიძე (თეატრმცოდნე): - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პუბლიცისტიკის, კრიტიკის და კლასიკური ტექსტის გადახლართვა, გადაჯაჭვა და გადაგრადირება. ფაქტიურად, გადაჯეგილ თუ გადაღეჭილ ტექსტში მიაგნო ნიუანსებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყუდაღების მიღმა რჩება. დარისპანის და კაროჟანს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური ნიუანსებია წამოწეული.

ფსიქო ანალიტიკური მოტივი - უსექსობა და უგრძნობლობა ჩვენი არქეტიპის, ყოფის და კულტურის ნაწილია. კლდიაშვილს მინიშნება აქვს ამაზე, რომ გრძნობაზე ტაბუა დადებული. ტაბუს დარღვევისთვის საჭიროა თავისუფლება, რომელიც არც ერთ პერსონაჟს არ აქვს. მართა ყველაზე ჰიპეაქტიულია, მაგრამ არც ის არის თავისუფალი. დარისპანი მისი ნათესავია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აქვთ ასეთი ურთიერთობა - ნუ მეღობები წინო.
კაროჟნას და ნატალია - დრამა, როგორც უიმედოს, განცდის, უუფლებობის გამოხატულება. მეჩვენება, რომ ბატონი ნოდარის ტექსტი ოდნავ ბევრი იყო ექსპოზიციისთვის. კარგი იყო ის, რომ პერსონაჟები გაუცხოებულნი ჰყვებიან საკუთარ თავზე. მომეწონა ეს ფორმა. უფრო მეტად რომ ყოფილიყო გმირებზე ამგვარი ტექსტი, კიდევ უფრო მომეწონებოდა.,

დასი, რომელსაც სპექტაკლში ნახავთ და მისით მოიხიბლებით:
რეზო შატაკიშვილი: - ამ მსახიობებთან არაერთხელ მიმუშავია და თანამოზარეთა ჯგუფი შეიკრა. შედეგიც ჩანს.
სოსო მგალობლიშვილი - დარისპანის როლში - გორის თეატრის მსახიობია და ჩვენ წლები გვაკავშირებს. მეოთხე სპექტაკლია, სადაც ერთად ვმუშაობთ.
ნათია გორდაძე - მართა - ჩემი თანამოაზრეა, მესამე სპექტაკლია, რაც მასთან ვითანამშრომლე.
მაკა ცუცქირიძე - პელაგია - მასთან მიმუშავია ჭიათურის თეატრში და იქიდან მოვიწვიეთ.
ელდარ ფუტკარაძესთან მეოთხე სპექტკალზე ვიმუშავე.
თორნიკე ბასიშვილი - ოსიკო - ჩემი აღმოჩენაა, გორის თეატრის სცენაზე, 18 წლის ასაკში, მე დავაყენე პირველად. ახლა თეატრალურის სტუდენტია და გორის თაეტრის მსახიობიც.
გოგონები - სალომე ხუროშვილი - კაროჟნა და ნინი გიორგაძე - ნატალია სტუდენტებიდან შევარჩიე. პანტომიმის კურსის სტუდენტები არიან. ვთლი, რომ ჩემი იმედებიც გაამართლეს და მაყურებლისაც.

მუსიკალური გაფორმებ ჩემია და ასევე კაროჟნას როლის შემსრულებლის, სალომე ხუროშვილის. მანაც მოიტანა თემები. სალომე "შავნაბადაში" მღერის. გამოყენებულია მანანა მენაბდის, ზაზა ლებანიძის ნამღერი... ასევე მედეა ჯაფარიძის და იშხნელების საკულტო შესრულება, ვაჟა აზარაშვილის ერთი თემა, დაღესტნელი კომპოზიტორის მუსიკა, ჟღერს "სულიკო", გოგი ცაბაძის სიმღერები...
- ბატონო სოსო, როგორ თამაშობთ თითქმის ორი საუკუნის წინანდელ ნაწარმოებს და მის გმირს დღეს, 21-ე საუკუნეში?
სოსო მგალობლიშვილი: კლასიკა დროს არ ექვემდებარება. თემა, შეიძლება ერთი შეხედვით, ჩვენს საუკუნეში მოძველებულად ჩანდეს, მაგრამ ეს თემები შინაგანად ყველას გვაწუხებს. სიდუხჭირე, ოჯახის შექმნა... დავმალეთ, მივჩქმალეთ, თუმცა ეს იმდენად ბუნებრივი მდგომარეობაა მათთვის, ვისაც ოჯახი ჰყავს. მე ხუთი შვილი მყავს, აქედან ოთხი ქალიშვილი, როგორც ჩემს გმირს - დარისპანს. იმედია, ეს პრობლემა ცხოვრებაში არ მექნება, მაგრამ მშობელი ხომ ფიქრობ შვილებზე, მათ მომავალზე. მაინც კითხულობენ, ვისი შვილია, სად მუშაობს და ასე შემდეგ... ეს სულ იქნება. ეს თემა ყოველთვის აქტუალური იქნება. მაყურებელმა რომ განიცადა ესე იგი ეს თემა აქტუალურია.

- თან რომ თამაშობთ და თან ხსნით გმირის ფსიქოლოგიურ ხასიათს, როგორი იყო ამ გადაწყვეტით როლზე მუშაობა?
- ბატონი ნოდარი მაღალი დონის თეატრმცოდნე იყო და ანალიზი აქვს არაჩვეულებრივი. გმირების შიგნით არსებულ ტკივილს ხსნის. სათამაშოდ რთული იყო. დაიწყებ როლის თამაშს, მერე უცებ უნდა გამოეთიშო, ტექსტი უნდა თქვა. საერთოდ, რაც მეტია წინააღმდეგობა, სურვილიც მეტია. როლიდან გამოსვლა და მერე შესვლა - ეს წინააღმდეგობა იყო, ამიტომ მე სიამოვნებაც მეტი მივიღე.

ელდარ ფუტკარაძე: უკვე მეოთხედ ვითამაშეთ და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. მაყურებლიდან ის ემოცია მოდის, რაც გვინდოდა, რომ ჩვენ გადაგვეცა. არა კომიზმი, არამედ - ტრაგიზმი.
მე დავით კლდიაშვილის სამშობლოდან ვარ. შეილება ითქვას, მის ეზოში გავიზარდე. დღესაც ცხოვრობენ ჩემს მეზობლად - მართა, დარისპანი, პელაგია და ასე შემდეგ... გოგონები მსგავსი კაროჟნასი და ნატალიასი. იმერეთში დაბადებულ-გაზრდილს, დიდი თამაში არ დამჭირვებია. ბუნებრივ გარემოში აღმოვჩნდი.

ჩვენი მთავარი სათქმელია - ადამიანის ღირსებას მისი ქონება არ უნდა განსაზღვრავდეს. ადამიანის ღირსებაზე მისი საქციელი და შინაგანი კულტურა მეტყველებს. გენიალურად აქვს დავით კდლიაშვილს დაწერილი ამ კლასიკაში.
მადლობა ჩვენს რეჟისორს, რეზო შატაკიშვილს იმისთვის, რომ ზუსტად მიხვდა სათქმელს.
უდიდესი მადლობა ბატონ ნოდარ გურაბანიძეს. ჩემი პედაგოგი იყო, მასწავლიდა თეატრალურში და ბედნიერი ვარ, რომ მას ცხოვრებაში შევხვდი...

P.S. "დარსიპანის გასაჭირი" დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე 6 დეკემბერს არის ჩანიშნული. მიბრძანდით, ნახეთ და ისიამოვნეთ... ამისთვის ყველა პირობა არსებობს.
11/22/2025