Logo

საზოგადოება

რეზონანსული დავა დასრულდა - ცოტნე ზედგინიძის კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია

რეზონანსული დავა დასრულდა - ცოტნე ზედგინიძის კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იცით, რომ უნიჭიერესი კომპოზიტორის, ცოტნე ზედგინიძის მამასა და ბებიას შორის ოჯახური დავა წლებია გრძელდება. ცოტნე ხუთი წლის იყო, როდესაც დედა მოულოდნელად გარდაეცვალა. მას შემდეგ ბიჭი თავის უმცროს დასთან ერთად, დედის დედასთან, მუსიკოს ნინო მამრაძესთან იზრდება. ბავშვების მამა, გიორგი ზედგინიძე სიდედრს ბავშვების წართმევასა და მათთან ურთიერთობის აკრძალვაში სდებდა ბრალს, ხოლო ნინოს ძმას, პეტრე მამრაძეს კი, გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა.

ცოტნე ზედგინიძეცოტნე ზედგინიძეცოტნე ზედგინიძე

ახლა კი, სასამართლო დავის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, როგორც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ გვამცნობს, დავა დასრულებულია.

საერთო სასამართლოებში დასრულდა ახალგაზრდა კომპოზიტორ - ცოტნე ზედგინიძისა და მისი არასრულწლოვანი დის, ნინო ზედგინიძის საკითხზე წარმოებული მრავალწლიანი დავა, რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრა ბავშვების საცხოვრებელი ადგილი, მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხები, ბავშვების ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და ცოტნე ზედგინიძის შემოქმედებითი განვითარების გარანტიები. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სრულად იქნა დაკმაყოფილებული ცოტნე და ნინო ზედგინიძეების კანონიერი ინტერესები და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მყარად დადგინდა მათი სამომავლო ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები - განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საქმეზე ადვოკატირებას 2020 წლიდან ახორციელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ბებიის - ნინო მამრაძის საცხოვრებელი ადგილი. მამის თანხმობის გარეშე, განათლების, შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისა და დასვენების მიზნებიდან გამომდინარე, ნინო მამრაძეს მიენიჭა უფლება აიღოს ბავშვების პასპორტი, ბავშვები დროებით გაიყვანოს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ და დააბრუნოს საქართველოში.

მამის თანხმობით, ნინო მამრაძეს, ბავშვების კანონიერი ინტერესების განხორციელების მიზნით, მიენიჭა უფლება განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კერძო და საჯარო იურიდიულ პირებთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის, ნინო მამრაძეს მიენიჭა გარიგებებზე ხელმოწერის უფლება და არასრულწლოვანების სახელზე ნებისმიერი დანიშნულების მქონე თანხის, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს სტიპენდიას, ჰონორარს, საჩუქარს, შრომით ანაზღაურებას, განკარგვის უფლება.

ცოტნე ზედგინიძე

ამასთან, აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეთანხმებული პირობაც და მამა - გიორგი ზედგინიძემ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შვილებს ჩუქების ხელშეკრულებით, თანაბარწილად საკუთრების უფლებით გადასცა კუთვნილი თანასაკუთრების უფლება ორ უძრავ ქონებაზეც. ამასთან, ნინო მამრაძემ უარი თქვა მამის მიმართ საალიმენტო ვალდებულების სასარჩელო მოთხოვნაზე.

თავის მხრივ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მამას არასრულწლოვან შვილებთან საქართველოში ყოფნის პერიოდში განესაზღვრა შეუზღუდავად, მათ შორის ზაფხულის არდადეგებსა და სხვა შემთხვევებში, ღამის თევით წაყვანის უფლება.

მხარეები, მათი სოციალური შესაძლებლობებით, ერთობლივად და დამოუკიდებელი მონაწილეობით, სრულად ზრუნავენ არასრულწლოვნების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვნების განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური აღზრდის, შემოქმედებითი განვითარების უფლების რეალიზებასთან, რაც, ასევე უნდა გამომდინარეობდეს არასრულწლოვნების ნებიდან და ობიექტური საჭიროებიდან.

ამასთან, მხარეებმა აიღეს ვალდებულება უარი თქვან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, სოციალური მედიის გამოყენებით ერთმანეთის შესახებ ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის გავრცელებაზე, ისევე, როგორც ერთმანეთის თანდასწრებით, არასრულწლოვანთა მიმართ ერთმანეთის შესახებ ნეგატიური შეფასებების ან/და მამხილებელი დამოკიდებულებებისგან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილება, პირობები და შეთანხმების დღემდე შესრულების ფაქტი ადასტურებს მხარეთა რეალურ მიზანს - დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესები.

ორგანიზაცია დადებითად აფასებს მამის - გიორგი ზედგინიძისა და მისი წარმომადგენლების ძალისხმევას წარმოდგენილი პირობების უზრუნველყოფისა და ბავშვებზე ორიენტირებული უკეთესო გარემოს შექმნისთვის. აღნიშნულის პირდაპირი გამოხატულებაა ახალგაზრდა კომპოზიტორის, ცოტნე ზედგინძის შემოქმედების წარმატება, საერთაშორისო აღიარება, მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ ღონისძიებებსა და ახალი კომპოზიციების შექმნის პროცესი.

"ახალგაზრდა ადვოკატები" მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის; მადლობას უხდის ქალბატონ ნინო მამრაძეს, შესანიშნავ პედაგოგს და გამორჩეულ ინტელიგენტს პროფესიული ნდობისა და თანამშრომლობისთვის.

ცოტნე ზედგინიძისა და ნინო ზედგინიძის ინტერესების დაცვა ჩვენთვის იყო უაღრესად დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, რადგანაც თავის მხრივ, ნებისმიერი ბავშვი საუკეთესოა, ცოტნე ზედგინიძის სახით კი, საქართველოს ჰყავს ვირტუოზი და გამორჩეული ხელოვანი, "ახალი მოცარტი", როგორც მას მსოფლიო მუსიკალურ წრეებში დამსახურებულად უწოდებენ - ვკითხულობთ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" გვერდზე.

ცოტნე ზედგინიძეცოტნე ზედგინიძე

ავტორი: ზმნა

04/07/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024