საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1976 წელს საბჭოთა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ერთი უცნაური და ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანი — ვლადიმერ ჟვანია დახვრიტა. საბჭოთა ტერმინოლოგიით, იგი „სხვაგვარად მოაზროვნე“ იყო, თუმცა სიკვდილით ამისთვის არ დაუსჯიათ. საბჭოთა სასამართლომ ვლადიმერ ჟვანიას უმძიმესი ბრალდების საფუძველზე მიუსაჯა სასჯელის უკიდურესი ზომა, ეს იყო ტერორიზმი.
რამ მიიყვანა ვლადიმერ ჟვანია ტერორიზმამდე და რატომ იცავდნენ მის უფლებებს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, შეიტყობთ აქ.
საქმე ეხებოდა სოხუმში, თბილისში და ქუთაისში მომხდარ ძლიერ აფეთქებებს — 1975–1976 წლებში საბჭოთა საქართველოს ქალაქებში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს. სოხუმში შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა — რუსეთიდან ჩამოსული ტურისტი.
აღსანიშნავია, რომ აფეთქებებს ვლადიმერ ჟვანია მარტო გეგმავდა და ახორციელებდა. არსებული ცნობებით, ის ცდილობდა მსხვერპლი მაქსიმალურად აერიდებინა და ადგილებზე, სადაც ასაფეთქებელ მოწყობილობას ტოვებდა, გამაფრთხილებელ ნიშნებსაც აყენებდა. სოხუმში დაღუპულმა რუსმა ტურისტმა ეს ნიშანი ან ვერ შენიშნა, ან ყურადღება არ მიაქცია. ამას რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ ჟვანიამ ტერორისტული აქტები განახორციელა და მისმა ქმედებამ ადამიანები იმსხვერპლა.

საბჭოთა კავშირში ვინ გაბედავდა ამ მძიმე დანაშაულში სავარაუდო დამნაშავის უფლებებზე ხმამაღლა ლაპარაკს? ვინ გაბედავდა ტერორიზმში ბრალდებულის დაცვას? ასეთი ორი კაცი იყო— ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ისინი ევროპელ უფლებადამცველ ორგანიზაციებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქმის შესახებ. მიზანი საბჭოთა ხელისუფლებაზე ზეწოლა იყო, რათა ვლადიმერ ჟვანია არ დაეხვრიტათ.
გამსახურდიასა და კოსტავას შეფასებით, ჟვანიას მიზანი ადამიანის მოკვლა არ ყოფილა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საქმეზე არ უნდა გავრცელებულიყო საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. გამსახურდია და კოსტავა ბრალდებულის საქმის სხვა მუხლით შეფასებას ითხოვდნენ.
საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებულ ერთ წერილში, რომელსაც სწორედ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა აწერენ ხელს, დეტალურად არის მოთხრობილი ვლადიმერ ჟვანიას ოჯახის ისტორია. მისი მამა 1921 წელს ბოლშევიკების მხარეს იბრძოდა, თუმცა 1938 წლის რეპრესიებმა იგი თავად შეიწირა. ამის შემდეგ ოჯახს ქონება ჩამოართვეს და ქუჩაში დატოვეს. წერილის ავტორები ხაზს უსვამდნენ, რომ ჟვანია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი ოჯახის შვილი იყო და ამ გარემოებას მის შემდგომ ცხოვრებასა და მოქმედებებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.
ინგლისურის რეპეტიტორობიდან ტერორისტობამდე
მეცხრე კლასში ვლადიმერ ჟვანია სკოლოდან გარიცხეს, რადგან თამაშის დროს საკლასო ოთახში კედლებიდან საბჭოთა ბელადების პორტრეტები ჩამოყარა. 1955 წელს დააპატიმრეს საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მცდელობისთვის და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, როგორც მისი დამცველები მიუთითებდნენ, პროვოკაციის საფუძველზე კვლავ დააპატიმრეს და კიდევ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ჰქონდა მხედველობის სერიოზული პრობლემა. დამოუკიდებლად შეისწავლა ინგლისური ენა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სამსახურში არსად იღებდნენ და თავს რეპეტიტორობით ირჩენდა.
მოკლედ, „მარტოხელა საბჭოთა ტერორისტს“ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. მიიჩნევდა, რომ საქართველოს უნდა აღედგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში, ამ მოთხოვნისადმი ყურადღების მისაპყრობად ძალადობრივ მეთოდს მიმართა. დაპატიმრებისას ჯიბეში აღმოუჩინეს წერილი საბჭოთა მთავრობის სახელზე,რომელშიც საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და მრავალპარტიული არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.
საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა ჟვანია წარმოეჩინა წყალწაღებულ კრიმინალად, სასტიკ და უსაქმურ ადამიანად. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ამ ნარატივს სიცრუედ აცხადებდნენ და რთულად, მაგრამ მათი ხმა აღწევდა „რკინის ფარდის“ მიღმა — ევროპელ უფლებადამცველებამდე. ეს მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლოთ, ვინც ადამიანის უფლებების დაცვას არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ მორალური პასუხისმგებლობის საკითხად მიიჩნევდა.

ნამდვილი უფლებადამცველები იცავენ ადამიანის უფლებებს მაშინაც კი, როცა საქმე მძიმე დანაშაულში ბრალდებულს ეხება. იცავენ მაშინაც, როცა საზოგადოება ამას ვერ იგებს ან ვერ იღებს. ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როცა ადამიანი უდანაშაულოა; ხშირად ის ყველაზე მეტად მაშინ არის აუცილებელი, როცა საზოგადოება მზად არის, სრულად უარყოს კონკრეტული ადამიანი და მისი უფლებები.
03/11/2026