Logo

რელიგია

რისთვის დასაჯა და ჩამოხსნა ჯვარი პატრიარქმა ბერ ნიკოლოზს - ურჩობა თუ ასკეტური ცხოვრებისკენ მიდრეკილება

რისთვის დასაჯა და ჩამოხსნა ჯვარი პატრიარქმა ბერ ნიკოლოზს - ურჩობა თუ ასკეტური ცხოვრებისკენ მიდრეკილება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

60 წელს გადაცილებული ბერი ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი, 19 აპრილს, კვირაცხოვლობას სახლში, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. ის მჯდომარე მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი. უკანსკნელი წლების მანძილზე ამ მდგომარეობაში იძინებდა. შექმნილი ჰქონდა ქვედა კიდურების და გულის პრობლემა... როგორც მისი სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია ჰყვება, 9 აპრილს კარდიოლოგთან ერთად მისული, კართან მდგომებმა, ბერთან არ შეუშვეს.

ბერი ნიკოლოზი

ბევრს აინტერესებს, თუ რატომ შეუჩერა ნარიმან მაქარაშვილს მღვდელმსახურება პატრიარქმა ილია II-მ?

მიტროპოლიტმა იოსებ შემოქმედელმა ოთხი წლის წინ ბერი ნიკოლოზის შესახებ აქამდე უცნობი ამბავი მოჰყვა.

მიტროპოლიტი იოსებ შემოქმედელი: მსურს გამოვეხმაურო ბერ მამა ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლი აქტიურ პროპაგანდას ეწევა მთელს საქართველოში.

მე როგორც გურიის ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს) ალბათ ყველა სასულიერო პირზე კარგად ვიცნობ, რამეთუ მე და ის დიდი ხნის მანძილზე ვმსახურობდით სვეტიცხოველში.

მიტროპილიტი იოსებ შემოქმედელი

მსურს გაგიზიაროთ და გავიხსენო ის მცირე მოგონება, წლები, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი ერთად ვმსახურობდით სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში.

1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაკურთხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მორჩილად, ხოლო წინამძღვრად პატრიარქის მიერ დადგენილ იქნა დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი), იგივე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.

1991 წელს, ერთი წლის შემდეგ ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა ნარიმან მაქარაშვილმა, იგივე ბერმა ნიკოლოზმა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე, თუმცა ჩემი შეხედულებით ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლური რელიგიებისა; კერძოდ, ბუდიზმის, კრიშნაიზმის და სხვა. მე იმედი მქონდა, რომ გაივლიდა წლები და იგი კარგად განისწავლებოდა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, თუმცა, როგოც ჩანს, მან რაღაც ახალი მოძღვრება შექმნა და იგი დღითიდღე ყალიბდება, როგორც ახალი სექტა.

იგი ხშირად აცდენდა წირვა-ლოცვებს და მე როგორც წინამძღვარს სვეტიცხოვლისა, მიწევდა მის მაგივრად წირვის ჩატარება. თავიდანვე მამა ნიკოლოზი დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ასკეტური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიღებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და მე ეს მომწონს, მაგრამ მისი ასკეტიზმი უფროდაუფრო ემსგავსებოდა ფანატიზმს, ხიბლს, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: მსურს გავიხსენო ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას შეუჩერა მღვდელმსახურება:

მამა ნიკოლოზი ხშირად მიმართავდა უკიდურეს ფორმას ასკეტიზმისა, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენე, უმეტესად ახასიათებს აღმოსავლურ რელიგიებს: შიმშილი, წყლის არმიღება და სხვა. მე, როგორც იმ დროისთვის არქიმანდრიტი, წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, ვეკითხებოდი მას, თუ რატომ შიმშილობდა იგი. მისი პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ ფეხით წყალზე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვშიმშილობო (რათა სასწაულმოქმედი გავხდეო), ანუ ეძიებდა და ითხოვდა ღმერთისგან სასწაულის კეთების უნარს...

ბერი ნიკოლოზი

ერთ დღეს სვეტიცხოველში ჩამობრძანდა კათოლიკოს- პატრიარქი ილია II, შეწუხებული მამა ნიკოლოზის გამო. პატრიარქმა მამაოს სთხოვა, შეეჭამა მცირეოდენი საჭმელი, რომელიც მისმა უწმინდესობამ თავისი ხელით გაუმზადა. მამა ნიკოლოზმა კი მტკიცე უარი უთხრა პატრიარქს მის მიწოდებულ დახეხილ სტაფილოზე: არა თქვენო უწმინდესობავ, მე შიმშილით ჭეშმარიტება უნდა გავარღვიოო. ბევრი საუბრის, ბევრი თხოვნის, ბევრი შეგონების მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა მაინც არ შეასრულა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა და მუდარა.

მახსოვს, მისი უწმინდესობის დამწუხრებული, სევდიანი სახე. იგი ვერაფერს გახდა და წავიდა მწუხარე. მეორე დღეს, ალბათ, დიდი ფიქრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ჩამოეხსნა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე, სანამ მე შემოქმედელი ეპისკოპოსი გავხდებოდი, ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობდით. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მე ალბათ უფრო ვემორჩილებოდი მას, ვიდრე იგი მე. მას აშკარად ეტყობოდა ხიბლი და თავის თავზე დიდი წარმოდგენა.

ბერი ნიკოლოზი

შემდგომ, როდესაც ეპისკოპოსი გავხდი, ხშირად ვნახულობდი მას, ხშირად ვჩუქნიდი თაფლს და სხვა, ასევე ვთხოვდი, წამოსულიყო ჩემთან ეპარქიაში და მისი სურვილისამებრ გავუშვებდი მონასტერში, მივხედავდი და ყოველმხრივ შევუწყობდი ხელს, თუმცა მან თბილისში დარჩენა არჩია.

ერთ დღეს კი, ჩვეულებისამებრ, მე და ოთარ ნიკოლაიშვილი ვესტუმრეთ მას. მან დაიწყო საუბარი წმინდა სამების დოგმატზე და თქვა, რომ თუ იესო ქრისტე განკაცდა, რატომ არ შეიძლება მამა ღმერთი განკაცდესო, ხოდა, მე ვარ ის მამა ღმერთიო. ესეთი მკრეხელობა და მწვალებლობა, სიმართლე გითხრათ, ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე.

რამდენიმე წლის უკან მცხეთაში მივედით ისევ ოთარ ნიკოლაიშვილი და მე, მასთან, ნათხოვარ ბინაში. მივართვით თაფლი, თაფლზე მადლობა გადაგვიხადა, მაგრამ ჩვენ სახლში არ შეგვიშვა. ამის შემდეგ მე გადავწყვიტე აღარ მომენახულებია იგი არასოდეს, რადგანაც უფრო და უფრო მძიმე ცოდვაში არ ჩამეგდო. სამწუხარო იყო ჩემთვის კიდევ ის ფაქტი ,რომ მამა გაბრიელის წესის აგებაზე ის არ მოვიდა. მე მახსოვს, მამა გაბრიელის სიტყვები მის მიმართ თქმული: მამა ნიკოლოზს ურჩობისთვის ღმერთმა გონება ახადაო. ამას დამემოწმება მამა გაბრიელის მომვლელი, მონაზონი დედა პარასკევა.

ბერი ნიკოლოზი

ესეც მრევლის მონათხრობიდან:


ელისაბედ ვეკუა: 1994 წლის ზაფხულში დაუწყია 40-დღიანი შიმშილობა. შიმშილობის კურთხევა მამა გაბრიელისგან აუღია (ვკითხე: "მამა გაბრიელმა თვითონ გითხრათ, თუ თქვენ უთხარით, მამაო, შიმშილობაზე?"--„მე ვუთხარი").

"10 დღე რომ ვიშიმშილე, პატრიარქისთვის უთქვამთ, ნიკოლოზი შიმშილობსო და სვეტიცხოველში რომ მოვიდა, შიმშილობა შეწყვიტეო მითხრა და თავისი ხელით მომაწოდა გახეხილი სტაფილოს წვენი--დალიეო.--„არ დალიეთ, მამაო?"--„შიმშილობის კურთხევა მამა გაბრიელისგან მქონდა აღებული და უარი ვუთხარი რა თქმა უნდა".--„მამაო, ეს ურჩობაში არ ითვლება?"--„კი. პირდაპირ ტუჩებთან მომიტანა ჭიქა თავისი ხელით და მე თავი გვერდზე შევაბრუნე. გამიჭირდა უარის თქმა, მე პატრიარქი ძალიან მიყვარდა, ელისაბედ, ძალიან მიყვარდა, მაგრამ მამა გაბრიელი ისე მიყვარდა, რომ მის სიტყვას ვერ გადავედი... მერე პატრიარქს ჩემებთან დაურეკავს--წაიყვანეთ თქვენი შვილიო. დედაჩემი და ჩემი ძმა ჩამოვიდა... მერე მამა გაბრიელმა პურის პატარა ნატეხი მაჭამა... ჩემებმა წამიყვანეს. ბიძაჩემთან წავედი წაღვერში... ვერ გავჩერდი და წამოვედი (რამდენადაც მახსოვს მეორე დღესვე წამოსულა, მცხეთას გაუვლია მამა გაბრიელთან და) მარტყოფის მონასტერში წავედი. იქაც ვერ გავჩერდი. კი ვიყავი სადღაც ერთ თვემდე, მაგრამ ვერ გავჩერდი და წამოვედი"...

ასე წამოუყვანია ღვთის განგებას მარტყოფში ბერად განწესებული მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (მაქარაშვილი), მარტყოფის მონასტრიდან მარტოდ მყოფობაში ბერობის აღსასრულებლად.

მამა ნიკოლოზი... ყოველ საუბარში შემაპარებს, რომ პატრიარქმა იგი დასაჯა, რომ ასე უთხრა--„დაგსჯი, ჯურღმულებში ჩაგაგდებ, არავის დაგანახებ და ისეთ დღეში ჩაგაყენებ, რომ ადამიანი გენატრებოდეს, შენს ხორცს თვითონვე იგლეჯდე და მიწას ჭამდეო". ვიჯექი, ვუსმენდი და რამე აზრი--თანხმობისმაგვარი ან საწინააღმდეგო არ მომდიოდა. ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი პატრიარქი ასეთ სიტყვებს ვინმეს ეტყოდა საერთოდ, თუმცა ვერც ის გამეგო, თუ ეს მართალი არ იყო, მამა ნიკოლოზს რაში შეიძლება დასჭირვებოდა ან როგორ შეეძლო ეთქვა ამხელა ტყუილი.

მამა ნიკოლოზი

***

აზა გოდერძიშვილი: წლების წინ, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეზოში, შემთხვევით გავიცანი ქალბატონი, რომლის კოორდინატები სამწუხაროდ არ ჩამინიშნავს. მან მიამბო, თუ როგორ განუცხადა მამა ნიკოლოზმა წინასწარ, რომ მოღვაწეობის გაგრძელებას სხვა გზით აპირებდა! ამიტომ, ცოტა ხანში იგი მოძღვარი აღარ იქნებოდა და ამ მიზეზით ეუბნებოდა მამა ნიკოლოზი უარს სულიერ შვილად მიღებაზე: მე რომ ახლა აგიყვანო, მალე ახალი მოძღვრის ძიება მოგიწევს და ცოდვა იქნებიო!!!

მაშინ ამ ინფორმაციამ დამამშვიდა, მივხვდი ჯვარახსნილობა მამაოს ცხოვრებაში წინასწარ განსაზღვრული ეკლიანი გზა იყო, სავარაუდოდ, წმინდა ბერი გაბრიელის კურთხევითა და მითითებით შერჩეული!!..

მამაოს ეკლესიის წინაშე რაიმე დანაშაული არ მიუძღვის!!! გარდა პატრიარქის მიმართ აუცილებლობით გამოწვეული „ურჩობისა", ამიტომ ჩემი აზრით, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ დროებით მღვდელმსახურებიდან დაყენება, მან თავად იტვირთა მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევითა და მორჩილებით და ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულით!!!

მამა ნარიმანი

ასევე დაგაინტერესებთ:

"მამა გაბრიელს უთქვამს მისთვის, ნუ გეშინია, ამ ხალხს მე ჩამოგაშორებო..." - უცნობი ფაქტები ბერ ნიკოლოზზე

ავტორი: ზმნა

04/20/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024