ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმა "რობლოქსი" კვლავ სკანდალის ცენტრში მოექცა.
კონექტიკუტის შტატის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ტონგმა, პლატფორმის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა და საზოგადოებას ფოტომასალაც წარუდგინა, სადაც, მისი თქმით, სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში 2012 წელს მომხდარი მასობრივი სროლის სიმულაცია იყო ასახული.

გამოძიება Roblox-ზე გავრცელებულ ძალადობრივ კონტენტს, ბავშვთა უსაფრთხოების პრობლემებსა და შესაძლო ონლაინ ექსპლუატაციის შემთხვევებს ეხება.
ტონგის განცხადებით, პლატფორმა, რომელსაც მილიონობით არასრულწლოვანი იყენებს, შესაძლოა არასაკმარისად იცავდეს ბავშვებს მავნე და ტრავმული შინაარსისგან.
„Roblox-მა ონლაინ პედოფილების სათამაშო მოედანი შექმნა,“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა და აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანია დადგინდეს, რა იცოდა კომპანიამ ბავშვთა ექსპლუატაციისა და საფრთხეების შესახებ და რამდენად ეფექტურად რეაგირებდა მათზე. ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მაგალითად კი სწორედ Sandy Hook-ის ტრაგედიის სიმულაცია დასახელდა. 2012 წლის 14 დეკემბერს, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში მდებარე დაწყებით სკოლაში მომხდარმა მასობრივმა სროლამ 20 ბავშვისა და 6 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტონგის თქმით, შტატი Roblox-ისგან დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს როგორც ბავშვთა უსაფრთხოების მექანიზმებზე, ისე იმ კონტენტზე, რომელიც არასრულწლოვან მომხმარებლებს შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს.
05/28/2026