Logo

რელიგია

როდემდე შეგიძლიათ წმინდა ნექტარიოსის სასწაულმოქმედი სარტყელის მოლოცვა

როდემდე შეგიძლიათ წმინდა ნექტარიოსის სასწაულმოქმედი სარტყელის მოლოცვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უკვე რამდენიმე კვირაა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია-ში დაბრძანებულია მეოცე საუკუნის წმინდანის - წმინდა დიდი მღვდელმთავარისა და სასწაულთმოქმედის, ნექტარიოს ეგინელის სარტყელი. ტაძარი მდებარეობს ნუცუბიძის პლატოზე, მე 4 მიკ-რნი, კონსტანტინე კაპანელის პირველი შესახვევი N 13.

სარტყელი ახდენს სასწაულებს. ტაძარში მომლოცველების ნაკადი არ წყდება. მიდიან რწმენით, წელზე ირტყამენ სარტყელს, წმინდანს გულით შესთხოვენ და განკურნების იმედით ლოცულობენ. როგორც ამბობენ, როცა მას იკეთებენ, განსაკუთრებული ემოცია იპყრობთ.

სარტყელის გაკეთებაში მრევლს დედა ეფემია ეხმარება.

"რამე რომ ამტკივდება, მის ზეთს ვიცხებ და ტკივილი მტოვებს. ეს ადამიანის რწმენაზეა დამოკიდებული" - ამბობს მონაზონი.

სარტყელის მოლოცვა შეგიძლიათ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ეგინადან ჩამობრძანებული სიწმინდე თბილისში შობამდე დარჩება...

ვიდეო

ვინ იყო წმინდა ნექტარიოსი?

წმიდა ნექტარიოსი 1846 წელს სილივრიაში, თრაკიაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ანასტასი, ასე დაარქვეს ბიჭს, ოჯახში მეხუთე ბავშვი იყო. მისი ღვთისმოსავი მშობლები, დიმოს და ვასილისა კეფალასები, ცდილობდნენ, შვილები კარგ ქრისტიანებად აღეზარდათ. დაწყებითი განათლება ანასტასიმ მშობლიურ მხარეში მიიღო, მაგრამ მას საღვთისმეტყველო განათლების მიღება და სახარების ქადაგება სურდა, რათა ხალხისთვის სარგებელი მოეტანა.

ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში, როდესაც ბებია 50-ე ფსალმუნს უკითხავდა, და მიუახლოვდებოდა სიტყვებს – "ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ", იგი ბებიას პირზე ხელს აფარებდა და ეუბნებოდა: "ამ სიტყვებს ნუ წაიკითხავ, ამას მე ვიტყვი, მეც ასე უნდა ვასწავლო ხალხს". შვიდი წლის ასაკში ანასტასიმ ქაღალდის ფურცლები ერთმანეთს მიაკერა. დედის შეკითხვაზე, რად უნდოდა ეს, მან უპასუხა: "წიგნი უნდა გავაკეთო და შიგ უფლის სიტყვები ჩავწერო".

სულ ახალგაზრდამ, დაახლოებით თოთხმეტი წლის ასაკში, ანასტასიმ დედის კურთხევა მიიღო და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.

პორტში ის კონსტანტინოპოლში მიმავალი გემის კაპიტანთან მივიდა და წაყვანა სთხოვა; კაპიტანმა დაცინვით უთხრა: "წადი, პატარავ, გაისეირნე, როდესაც დაბრუნდები, წაგიყვან". "პატარა" ადგილიდან არ დაძრულა და გემს ნაღვლიანად გაჰყურებდა. და აი, მოხდა სასწაული. კაპიტანმა ბრძანება გასცა, ძრავი ამუშავდა, მაგრამ გემი ადგილიდან არ დაიძრა, ვერც ხელმეორე ცდამ გამოიღო ნაყოფი. შეშფოთებულმა კაპიტანმა ნაპირზე მდგომ დანაღვლიანებულ ბიჭს თვალი მოჰკრა და ხელით ანიშნა, ამოსულიყო. როგორც კი ანასტასიმ გემბანზე ფეხი დაადგა, გემი მაშინვე დაიძრა.

როდესაც გემზე ბილეთების შემოწმება დაიწყო, ანასტასი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, კაპიტანიც მის გვერდით აღარ იყო. მაშინ მან ძალა მოიკრიბა და კონტროლიორს უთხრა: "მე ღარიბი ვარ, ბილეთის ფული არა მაქვს, სამუშაოს საძებნელად მივემგზავრები, რათა მშობლებს დავეხმარო". კონტროლიორს ბიჭი შეებრალა.

კონსტანტინოპოლში ანასტასიმ სამუშაო დიდხანს ვერ იშოვა, ბოლოს კი თავისი ნათესავის თამბაქოს ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ჯამაგირი ძალიან პატარა ჰქონდა, ამიტომაც ნახევრად შიშველი და ნახევრად მშიერი იყო. მხოლოდ ტაძარში წირვისას პოულობდა ნუგეშს. ერთხელ მან ზეცაში იესო ქრისტესადმი წერილის გაგზავნა გადაწყვიტა და ასეთი ტექსტი შეადგინა: "იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, გევედრები, შემეწიე". იგი ფოსტაში აპირებდა წერილის წაღებას; ამ დროს მის მეზობლად მცხოვრები ვაჭარიც იქითკენ მიდიოდა. მან ბიჭს წერილი გამოართვა და გაგზავნას შეჰპირდა. როდესაც კონვერტზე უცნაური მისამართი დაინახა –"უფალ იესო ქრისტეს ზეცაში", გახსნა და წაიკითხა. წერილის შინაარსით გულაჩუყებულმა ვაჭარმა კონვერტში დიდი თანხა ჩადო და ანასტასის გაუგზავნა.

მაგრამ ანასტასის ამან ვერ უშველა. როდესაც პატრონმა იგი კარგად გამოწყობილი დაინახა, იფიქრა ყველაფერი მე მომპარაო, გალანძღა იგი და სამსახურიდან გააგდო. საბედნიეროდ, ეს ამბავი მისმა კეთილისმყოფელმა ვაჭარმა შეიტყო, საქმის ვითარება პატრონს აუხსნა და ყმაწვილი ბრალდებისაგან გაათავისუფლა.

***

დროთა განმავლობაში მონაზვნობის სურვილი, რომელზედაც ანასტასი ბავშვობიდან ოცნებობდა, სულ უფრო და უფრო განუმტკიცდა. მას ღვთისმეტყველების შესწავლა სურდა. ასკეტური ცხოვრება უყვარდა, ამიტომაც ხშირად მიდიოდა მონასტერში, სადაც ბერი პახომი ზნეობრივი სრულყოფის მიღწევისა და ღმერთთან ერთობის უმოკლეს გზას, მონაზვნურ ცხოვრებას ასწავლიდა.

1876 წელს იგი მონაზვნად აღიკვეცა და ქიოსში "ნეა მონიის" მონასტერში მორჩილად დადგა. ოდესღაც ამ მონასტერს ასობით მონაზონი ჰყავდა. სავანე დღემდე ინარჩუნებს თავის დიდებას და მსოფლიოს ყველა კუთხის მომლოცველს შესანიშნავი მოზაიკებით – ბიზანტიური ხელოვნების შედევრებით ხიბლავს. აქ ახალგაზრდა მონაზონი წმიდა წერილისა და წმიდა მამათა ნამუშევრები შესწავლას შეუდგა. სამი წელი მონასტერში ასკეტურად ცხოვრობდა. გულმოდგინებისა და მკაცრი ცხოვრებისათვის ძმებმა იგი ძალიან შეიყვარეს. მაგრამ ის მაინც სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ ეღვაწა მოყვასის სასიკეთოდ.   

ამის შემდეგ ქიოსის ერთმა მდიდარმა მკვიდრმა – იოანე ქორემისმა, რომელსაც ღვთისმოსავი ყმაწვილის შესახებ ბევრი სმენოდა, მისი გაცნობა მოინდომა. მდიდარმა ბერძენმა გადაწყვიტა, ნექტარიოსს განათლების მიღებაში დახმარებოდა. რა დიდი საქმე გააკეთა ამ კაცმა თავისი სულის ცხონებისათვის! ქორემისმა ნექტარიოსი ათენში გიმნაზიის დასამთავრებლად საკუთარი ხარჯებით გააგზავნა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ქორემისმა მას ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონისთან სარეკომენდაციო წერილი გაატანა. პატრიარქი დარწმუნდა, რომ ნექტარიოსი ღვთისმოსავი, სათნო ადამიანი იყო და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სასწავლებლად გააგზავნა. ნექტარიოსი წარმატებით სწავლობდა. პედაგოგები და თანაკურსელები მას სიყვარულით ეპყრობოდნენ. მეორე კურსის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ სტიპენდია დაენიშნა. 1885 წელს მან დიპლომი დაიცვა, რომელიც დღესაც კუნძულ ეგინაზე, მის მემორიალურ ოთახშია გამოფენილი. შემდეგ ნექტარიოსი ალექსანდრიაში დაბრუნდა. პატრიარქი სიხარულით შეხვდა თავის სულიერ შვილს და მღვდლად დაასხა ხელი. მას დაევალა ქადაგება, საპატრიარქოს მდივნობა და კაიროში პატრიარქის წარმომადგენლობა. მის ქადაგებებს სხვადასხვა კონფესიის ხალხი ესწრებოდა, იგი ზრუნავდა ტაძრების აღდგენაზე, აგროვებდა შესაწირს და შემდეგ ამ თანხებს ტაძრებისა და ხატების რესტავრაციაზე მიმართავდა. მისი მოღვაწეობა შეესაბამებოდა ფსალმუნის სიტყვებს: "რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე" (ფსალმ. 68. 10).

გადის კიდევ სამი წელი, ნექტარიოსი პენტაპოლის მიტროპოლიტი ხდება და ამ ახალ ხარისხშიც იმავე გულმოდგინებით ემსახურება ეკლესიას. მრავალი სათნოების გამო მთელ მართლმორწმუნე მრევლს უყვარდა იგი, ამაყობდნენ მისით და ამბობდნენ: "აი, ჭეშმარიტი მსახური ღმრთისა, აი, ალექსანდრიის პატრიარქობის ღირსეული კანდიდატი".

წმიდა ნექტარიოსმა მიტროპოლიტის ხარისხი დიდი მორჩილებით მიიღო, როგორც მონამ, რომელიც უფლის ნებას ემორჩილება. ღმრთის ნებას იგი მუდამ უყოყმანოდ ასრულებდა; ღმერთისა და მოყვასის სადიდებლად სამსახური, ეს იყო მისი ერთადერთი სურვილი.

მას შემდეგ ბევრი დამცირება, დევნა გადაიტანა... მთელი სიცოცხლე გაჭირვებულთა დახმარებაში და სიკეთის კეთებაში გალია...

ავტორი: ზმნა

12/04/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024