რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"კვირის პალიტრა" მონაზონი სიდონია ყაჭიაშვილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. დედაო თავის ცხოვრებას პალიტრის ფერებად გვიცოცხლებს და მკითხველთან შემდეგ ამბებს იხსენებს. გთვაზობთ ამონარიდს...
დედა სიდონია: ეკლესიაში თავიდან ჩემი და მივიდა, მერე მამა მიიყვანა, მერე მივედი მეც, რამაც ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც ადამიანებს ბავშვობასა და მოზრდილობას შორის აქვთ ხოლმე, დამიბალანსა. ეს ყველაფერი ტაძრის გუმბათის სარკმლიდან კონცენტრირებული მზის სხივის ჩამოსვლას ჰგავდა, რომელიც ყველაფერს ერევა.
შუამთაში დავდიოდით წირვებზე. იმ პერიოდში საქართველოში სულ 5-6 ბერი იყო, ერთ-ერთი, ვინც იქ მოღვაწეობდა, ჩვენი ოჯახის მოძღვარი გახლდათ... თავიდან მონასტერში სტუმრად წავედი და ის პერიოდიც ახლა ოქროსფრად და ვარდისფრად ბრწყინავს. იქ დავინახე სრულფასოვნებისკენ სწრაფვა, რამაც მომხიბლა. არადა, ბევრს ჰგონია, რომ მონასტერში რომ მიდიხარ, იქ მიწას გაყრიან, იქაურობა მხოლოდ მუქ ფერთან ასოცირდება. პირიქით, მე იქ პროგრესი და პიროვნული ზრდის მეტი გარემო აღმოვაჩინე. დღეს არსებული მონასტრების წინამძღვრები მაშინ სამთავროში იყვნენ, ფანტასტიკურად
გალობდნენ... ხელგარჯილობით გატაცებული მონაზვნები საოცრად განათლებულები და კარგი ოჯახის შვილები იყვნენ.
იმ ყველაფრისთვის მამა გაბრიელის პერიოდი ჩუქურთმა და სამშვენისი გახლდათ. სამთავროს მონასტერში სამი წელი ვცხოვრობდი და ჩვენი სენაკები თითქმის გვერდიგვერდ იყო. მამა გაბრიელთან სენაკში ხშირად მიწევდა შესვლა. მონასტერზე თუ რამე განსაცდელი მოდიოდა, ის სალოსობას იწყებდა და საკუთარ თავზე იღებდა იმ ყველაფერს. ადამიანებს მან დააძლევინა ბევრი სირთულე და ის გზა გაკვალა, რის წყალობითაც ბევრი რამ უმტკივნეულოდ გადაგვიტანია. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო. მამა გაბრიელი უყვარდათ, მაგრამ როგორც ავტორიტეტს არ აღიარებდნენ. გარდაცვალების შემდეგ როგორი დიდებაც აქვს, სიცოცხლეში ასე არ ყოფილა. მახსოვს, ის დღე ფეხი რომ მოიტეხა, - აივანზე ვიდექით, ერთი დაიძახა და მერე სიჩუმე ჩამოწვა, გვეგონა, როგორც იცოდა, რაღაც გააშარჟა, იხუმრა, მეორე დღეს ექიმი რომ მოვიყვანეთ, გაირკვა, რომ მენჯის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. იმის მერე უკან-უკან წავიდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...
***
შემდეგ დაძველებული თოვლის ფერი გახდა ჩემი ცხოვრება, სიყვითლე რომ შეეპარება ისეთი, აღარც ბრწყინავდა, რადგანაც მონაზვნების გადაყვანა დაიწყო სხვადასხვა მონასტრებში. დაიშალა ის შემადგენლობა.
90-იანი წლების მძიმე ფონის ნიადაგზე ფილტვების დაავადება დამემართა. ინფექცია იყო და ბევრს გაგვირთულდა. მაშინ 19 წლის გახლდით... ადრინდელი წრფელი დამოკიდებულებაც თითქოს დაიკარგა, ოღონდ, რა დროს, არა ვიცი... იმ უცნაურ პერიოდში აქტიურად განვაახლე წიგნების კითხვა, ჟანრების მიხედვით ვკითხულობდი, 4 სხვადასხვა წიგნი მედო მუდმივად გვერდით, რამაც გამაძლებინა. მკურნალობა დიდხანს მომიწია.
შემდეგ იყო აბასთუმნის მონასტერი, სადაც გადამიყვანეს... ახალი მონასტერი იყო. ფილტვები ისევ ცუდ მდგომარეობაში მქონდა. 38-გრადუსიანი სიცხით დავდიოდი სამხედრო ჩექმებით, მძიმე "ბუშლატით", ტაძარში მარტოს მიწევდა მთელი დიდი მარხვის ლოცვების კითხვა, თან რეგენტიც გახლდით... სულ დაძაბული და ყურადღებით ვიყავი, რომ არაფერი ჩამეგდო, არ მოვდუნებულიყავი, მგონი, ამანაც გადამარჩინა. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი მუქი მწვანე ფერისაა, ოღონდ, მზის სხივიანი. იმ დროს 21 წლის ვიყავი.
იქიდან შემთხვევით მოვხვდი მეუფე სერაფიმესთან, რომელმაც ქარგვის წრის გახსნა მთხოვა, იქ ისევ გამჭვირვალე პერიოდი წამოვიდა, მოლურჯო, ცისფერი. უამრავი კარგი ბავშვი დადიოდა ჩვენთან.

შემდეგ ბორჯომთან, ახლოს, სადგერში გადავედით, მეუფემ გვთხოვა, რომ იქაური მონასტრისთვის დახმარება აღმოგვეჩინა, საკმაოდ ასაკოვანი დედები გვყავდა და მათი მხარდაჭერა გადავწყვიტე. კვლავ ბევრი რთული საქმის კეთება მიწევდა. შუა ზამთარში სოფლის თავიდან ბოლოში წყალს ვეზიდებოდით სარეცხისთვის, ჭურჭლისთვის, დასალაგებლად... მძიმე პირობებში ვცხოვრობდით, შეშას მე და ერთი დედაო ვჩეხავდით, ვთოვლავდით და ა.შ. მაინც ბედნიერი დღეები იყო.
- და იმ პერიოდში აღმოგაჩნდათ მძიმე სენი?
- კი, როგორც ჩანს, სიმსივნე უკვე მქონია. გაკეთდა ურთულესი ოპერაცია, ჭრილობა ორი თვე გახსნილი მქონდა, არ იხურებოდა, ერთი თვე ონკოლოგიურიდან არ მიშვებდნენ, შემდეგ დანიშნეს ქიმიოთერაპია... ერთი არ დამიკვნესია, ძველი პერიოდიდან შემართება მომყვებოდა. ვამბობდი, ეს ხორცია, ღმერთმა ეს დაუშვა და უნდა გავუძლო, მთავარია განსაცდელს სიმშვიდით შევხდე და არა ფორიაქით, რომ სულმა წონასწორობა არ დაკარგოს-მეთქი. თუმცა ქიმიოთერაპიის დროს ცოტა გავტყდი, რადგანაც ეკლესიასთან მიმართებაში რაღაც ინფორმაციები მომივიდა, ისეთი, რაზეც მანამდე არაფერი ვიცოდი, ამან ჩემზე იმოქმედა.
იმას, რაც ახლა სასულიერო პირებთან დაკავშირებით ყბადაღებული თემაა... მაშინ ამაზე ვერავინ ლაპარაკობდა და მეც ვერავის ვუზიარებდი და ეს ჩემში იხარშებოდა. ავადმყოფობისას არაფერზე ვფიქრობდი, მთელ რესურს იმას ვახმარდი, რომ სულიერი ბალანსი, წონასწორობა დამეცვა. დინებას მივყვებოდი. ერთი წუთით არ დამიშვია, რომ გარდავიცვლებოდი... და თუ ეს მაინც მოხდებოდა, მჯეროდა, რომ არსებობას გავაგრძელებდი, ის მდგომარეობა ჩემთვის არ გამხდარა სასოწარკვეთის მიზეზი.
ახალი დამთავრებული მქონდა ქიმიოთერაპია, როდესაც დედამ თავი მოიკლა, რითაც უმძიმესი დარტყმა მივიღე... ფაქტობრივად, რაზედაც მანამდე გავიმარჯვე, ყველაფრი აიმღვრა, - სამ წელიწადში უამრავი რამ დამატყდა თავს: მძიმე ოპერაცია, ქიმიოთერაპია და დედის თვითმკვლელობა. დედამ წერილი დაგვიტოვა, სადაც შენდობა გვთხოვა. მასაც სიმსივნე ჰქონდა: მორალურად და ფიზიკურად ტკივილს ვერ გავუძელიო, - წერდა. მაგრამ ამ ყველაფერს ისევ სარწმუნოებრივად მივუდექი...

საერთოდ არ მქონია თავის სიბრალული. ის სამი წელიწადი ჩემთვის კლინიკური სიკვდილის ფერია, ვერცხლისფერი...
მერე იერუსალიმში გამიშვეს, რადგანაც სულს ვღაფავდი. იქ კი ნელ-ნელა ყველაფერი ისევ განათდა და სიწმინდეებმა თავისი გაიტანა, ჩემს ცხოვრებაში სახარებისფერი, ოქროსფერი შემოვიდა ისევ. იერუსალიმიც ხომ ასეთია, - ერთდროულად იისფერი, ვარდისფერი და ოქროსფერი, რამაც ფეხზე წამომაყენა. ღვთისმშობლის საფლავზეც და გოდების კედელთანაც ვილოცე, კონკრეტული არაფერი მითხოვია, ჩემთვის იქ ყოფნა კომუნიკაციის საშუალება იყო ღვთისმშობელთან.
12/16/2025