ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხშირად გვგონია, რომ თუ წყენას, ბრაზს ან სევდას სადღაც, გონების შორეულ კუთხეში გადავმალავთ, ამით თავს დავიცავთ და მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას.
„ძლიერი ადამიანები არ ტირიან“, „ბრაზის გამოხატვა სისუსტეა“ მსგავსი შაბლონებით ჩვენს სხეულს ერთგვარ უხილავ ჯავშანს ვაცმევთ. თუმცა, ფსიქოლოგია და სხეულზე ორიენტირებული თერაპია საპირისპიროს გვიმტკიცებს.
სხეული არასოდეს ტყუის, ის ყოველთვის ინახავს იმას, რისი აღიარებაც გონებამ აირიდა. ემოციების შერჩევითი ბლოკირება შეუძლებელია. როდესაც ვცდილობთ არ ვიგრძნოთ „ნეგატივი“, ამით, გაუცნობიერებლად, სამყაროს აღქმის ფერებსა და სიცოცხლის ძალასაც ვკარგავთ.
სწორედ იმაზე, თუ როგორ აისახება ჩვენი განდევნილი გრძნობები ფიზიკურ სხეულზე და რა კავშირშია ჩახშობილი ბრაზი ჩვენს ყოველდღიურ მოტივაციასთან, ფსიქოლოგი ვახტანგ კეჟერაძე საუბრობს:
„როდესაც ერთ ემოციას თრგუნავ, განდევნი და ბლოკავ, ეს სხვა ემოციებზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, მე თუ ბრაზს ვთრგუნავ, სურვილიც მეკარგება, იმიტომ რომ ბრაზის ენერგია აუცილებელია სურვილებისთვის ცხოვრებაში. ამ დროს იკარგება ისიც, რასაც ვეძახით "დრაივს", რასაც ვეძახით ჟინს, რომ რაღაცა გავაკეთო, რაღაცას მივაღწიო.
როდესაც ვთრგუნავთ, მაგალითად, სევდას, სიხარულიც ითრგუნება დროთა განმავლობაში. ანუ განდევნა ყველა ემოცია მოიქცევს ხოლმე და ადამიანი რჩება ანესთეზირებული. არსებობს, გადარჩა, ცხოვრობს, მაგრამ სიცოცხლის განცდა არ აქვს.
ასეთი ტიპის ბლოკები ინახება გულმკერდის არეშია... ეს არის არგანცდილი სიხარული, არგანცდილი სევდა, გადაუმუშავებელი, დაუსრულებელი, გამოუგლოვებელი სიტუაციები,“ - ამბობს ფსიქოლოგი.
07/15/2026