Logo

საზოგადოება

როგორ აღმოჩნდა პარიზის შადრევანი თბილისში - თავისუფლებისა და თანასწორობის სიმბოლოს ისტორია

როგორ აღმოჩნდა პარიზის შადრევანი თბილისში - თავისუფლებისა და თანასწორობის  სიმბოლოს ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თბილისის ისტორიულ უბანში პატარა სკვერს პარიზული შადრევანი ამშვენებს — Fontaine Wallace-ის ტიპის, ე.წ. „ვალასის წყარო.“ მასზე ფრანგულად ამოტვიფრულია: „Liberté – Égalité – Fraternité!“ — თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ეს სიტყვები მხოლოდ დეკორატიული წარწერა არ არის; ისინი მთელი ეპოქის იდეებს ატარებს და იმ ღირებულებებს გამოხატავს, რომლებმაც თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია ჩამოაყალიბა.

ძალიან საინტერესოა, როგორ დაიდგა თბილისში პარიზული შადრევანი.

თავად შადრევნის ისტორია მე-19 საუკუნის პარიზში იწყება. საფრანგეთ -პრუსიის ომისა და პარიზის კომუნიის შემდეგ, ქალაქში სუფთა სასმელი წყალი დეფიციტური გახდა. შექმნილი კრიზისის საპასუხოდ ინგლისელმა ქველმოქმედმა რიჩარდ ვალასმა გადაწყვიტა პარიზელებისთვის შეექმნა უფასო სასმელი წყლის შადრევნები, რომლებიც სუფთა წყალს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა, სოციალური სტატუსის მიუხედავად. 1876 წელს მან პარიზს ათეულობით ასეთი შადრევანი აჩუქა.

შადრევანი

ვალასმა შადრევნების დიზაინი მოქანდაკე შარლ ლებურგს შეაქმნევინა. ეს არის სამნაწილიანი კლასიცისტური ქანდაკება, ზედა ნაწილი გუმმბათოვანია, ქვედა ნაწილი კი კუთხოვანი, რომელთა შუა ნაწილში განლაგებულია ოთხი ქალის ფიგურა — კარიადიტების სტილში, ერეხეონის ტაძრის ფასადის მიხედვით.

შადრევანი

ფიგურები ქველმოქმედებას, სიკეთეს და ჰუმანურ იდეას — „წყალი ყველასთვის“ — განასახიერებს. იდეამ და პრაქტიკულმა დანიშნულებამაც ვალასის შადრევნები პარიზის არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ეთიკურ სიმბოლოდ აქცია. მაგრამ დავუბრუნდეთ თბილისს.

შადრევანიშადრევანი

პარიზის შადრევანი თბილისში

საფრანგეთში დამზადდა და თბილისში საჩქურად გამოიგზავნა. ეს 1991 წელს მოხდა, სწორედ იმ წელს, როცა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. წონით 800 კგ -ს იწონის, გამოგზავნა მარტივი არ იქნებოდა.მას შემდეგ პარიზის სიმბოლო დგას ძველის თბილისის პატარა სკვერში და დღემდე ინარჩუნებს როგორც ესთეტიკურ, ისე სიმბოლურ მნიშვნელობას.

შადრევანი

ისტორიის სათავე ემიგრაციაში უნდა ვეძებოთ. გასული საუკუნის მიწურულს ევროპაში მცხოვრებმა ცნობილმა ჟურნალისტმა, ერთხანს კი „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის დირექტორმა კარლო ინასარიძემ და მისმა მეუღლემ - თინა ინასარიძემ, 1990 წლის ზამთარში გამოთქვეს სურვილი თბილისისთვის ეჩუქებინათ პარიზის შადრევანი — „ვალასის წყარო.“

ინასარიძეები

მალე ინასარიძეების სურვილის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს ხელმძღვანელობისთვის. ემიგრანტების ოჯახის ინიციატივა აქ სიამოვნებით მიიღეს.

თინა და კარლო ინასარიძეების 1991 წლის 26 მაისით დათარიღებული წერილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას

„ჩვენ შევისყიდეთ საფრანგეთში ე.წ. “Fontaine Wallace” — „ვალასის შადრევანი,“ რომელიც გვსურს ვაჩუქოთ ჩვენს დედაქალაქ თბილისს.“

წერილში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული შადრევანზე დატანილ სიმბოლურ თარიღებზე — 1789 წლის 14 ივლისსა და 1918 წლის 26 მაისზე, საფრანგეთის რევოლუციის დაწყების დღესა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეზე.

გაზეთი

წერილის თანახმად, პირველი პიროვნების თავისუფლების უნივერსალურ იდეას განასახიერებს, მეორე კი — საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე — ამ იდეას ეროვნულ განზომილებას უკავშირებს. ამგვარად, ერთი შეხედვით ლამაზი შადრევანი ორ ისტორიულ ნარატივს აკავშირებს: ევროპულსა და ქართულს.

ზვიად გამსახურდია

ინასარიძეები წერილში კიდევ ერთ მნიშვნელოვან სურვილს გამოხატავდნენ — თბილისში შექმნილიყო „პარიზის სკვერი,“ რომლის ცენტრშიც ეს შადრევანი დაიდგმებოდა. მოხდა ისე, რომ შადრევანი საპატრიარქოს წინ მდებარე სკვერში დგას. „პარიზის სკვერის“ შექმნა იდეად დარჩა.

შესაძლოა, ბევრი გამვლელი ძველი თბილისის სკვერში მდგარ შადრევანს უბრალოდ ლამაზ ქმნილებად აღიქვამს, სინამდვილეში კი ინასარიძეების საოცდაექვსმაისო საჩუქარი მნიშვნელოვანი სიმბოლოა იმისა, რომ იდეები — თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა — საზღვრებს არ ცნობენ და ყოველთვის პოულობენ გზას იქითკენ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ავტორი: ელენე ლომთაძე

03/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024