საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ადამიანის ფანტაზიას და შესაძლებლობას რომ საზღვარი არ აქვს, ეს ახალი ამბავი არ არის. „ზმნა“ გაგაცნობთ ადამიანს, მაგალითს იმისას, თუ როგორ შეიძლება, იდეა აქციო რეალობად, "ნარჩენები" - პრაქტიკულ ნივთებად, ბრენდად და შემოსავლის წყაროდ, თანაც ისე, რომ გარემოზეც იზრუნო და მიუსაფარ ცხოველებზეც.
გაგაცნობთ ბრენდ „ადამიანის“ დამფუძნებელს, დიზაინერს, ხელოვანს და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, ნიჭიერ ნიკოლოზ ლუტიძეს.
- ნიკოლოზ, რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ქართული ბრენდი „ადამიანი“ არსებობს და რა იყო ის პირველი პროდუქტი, რითაც ბრენდმა სტარტი აიღო?
- 2013 წელს ბრენდი „ჰუმანოიდი“დავაარსე. პანდემიის დროს, გარემოებამ რებრენდინგის საჭიროება მოიტანა და „ჰუმანოიდი“ „ადამიანად“ გადაკეთდა. პირველი ნაწარმი დაბრენდილი ფერადი ბლოკნოტები იყო, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. შემდეგ იყო პატარა ჩანთები. პირველად ხელით კერვა დავიწყე, რადგან საკერავ მანქანასთან მუშაობა არ ვიცოდი. ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემი პირველი ნაბიჯები ამ საქმეში. შემდეგ ნელ-ნელა დიზაინები გავართულე და ცოდნაც გაღრმავდა. პანდემიამდე სახელოსნოში ოცდათექვსმეტი ვიყავით. პანდემიამ ძალიან „შეგვჭამა“, სამწუხაროდ, ბევრს დავემშვიდობეთ. დღეს ექვსნი (ძირითადი ბირთვი) ვართ.

- ჩვენი ინტერვიუს მთავარ თემაზე რომ გადავიდეთ; როგორ და საიდან გაჩნდა იდეა, შინაური ცხოველების საკვების ტომრების გადამუშავების შედეგად, ყოველდღიურად გამოსაყენებელი პროდუქცია შეგექმნათ?
- დავიწყოთ იქედან, რომ მე თვითონ ბევრი ცხოველი მყავს სახლში, ხუთი ძაღლი და ორი კატა. ამათ გარდა, გარეთ კიდევ ბევრს ვკვებავთ და ვმკურნალობთ. აქტიურად ვართ ჩართულები ამ ამბავში. ლოგიკურია, ბევრი ტომარა ცარიელდება და მიგროვდება. მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, ლიფტი არა გვაქვს. ერთ ჩვეულებრივ დღეს, ტომარა მხარზე მოგდებული რომ ამქონდა, მაშინ გამიელვა ფიქრად, ამ ტომრებს რატომ ვყრი-მეთქი? როგორც კი ავედი სახლში, ვიპოვე ცარიელი ტომარა, გავწმინდე და საწარმოში გასატესტად წამოვიღე. მაინტერესებდა, რამდენად გაუძლებდა კერვას და როგორ იმუშავებდა. ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, ამ პროდუქციამ დღის სინათლე იხილა.
- რომ დაგვიკონკრეტოთ, ამ მასალისგან რა პროდუქცია, თუ აქსესუარები მზადდება და ეკოლოგიურად რამდენად სუფთა პროდუქციას ქმნით?
- გადამუშავებული ტომრებით იკერება ცხოველების ყელსაბამები, ზურგჩანთები, მხრის, კოსმეტიკის, ლეპტოპის ჩანთები. ამ ტომრების ფაქტურას უამრავი შესაძლებლობა აქვს. ულამაზესი ნივთები გამოდის. ვიზუალურად ეფექტურია, ძაღლები და ფისოები რომ ახატია, ამას აქტიურად ვიყენებთ დიზაინში. რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, დამზადების პროცესში იმდენ პროცედურას გადის, გეტყვით, რომ ნამდვილად ეკოლოგიურად სუფთაა.




- რამდენად სარგებლობს ეს წამოწყება საზოგადოების ინტერესით და პროდუქციის რეალიზებით ხართ თუ არა კმაყოფილი?
- მე არ მინახავს ადამიანი, ვისაც ამ პროდუქტების მიმართ აღფრთოვანება არ გამოეხატოს. შეიძლება ცხოველი საერთოდ არ უყვარდეს, მაგრამ აქსესუარი „რაღაცნაირი“ გამოდის. ბუნებრივად პოზიტიური პროდუქტია. რაც შეეხება რეალიზებას, სამწუხაროდ, ბევრს ვერ ვკერავთ. ფიზიკურად არ გვაქვს რესურსები. ერთდროულად სამი პროექტის კეთება მიწევს. რასაც ვახერხებთ, თითქმის ყველაფერი იყიდება.
- აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტომრების ჩაბარებით და მერე მისგან წარმოებული პროდუქციის შეძენით, ადამიანები, ავტომატურად კეთილი საქმის მონაწილენი არიან. როგორ ხდება ეს?
- ეს ხდება პროექტის - „მაშო მეგობრებისთვის“ ფარგლებში. ძალიან მიყვარს ეს პროექტი, რომელიც უკვე სამი წელია არსებობს.
მაშო ჩვენი ძაღლი იყო, ჩვენს სახელოსნოში სამი წელი იცხოვრა. მისმა მოულოდნელმა გარდაიცვალებამ, გული ძალიან დაგვწყვიტა. ერთხელაც აზრად მომივიდა, მაშოს სახელით, მიუსაფარი ცხოველებისთვის რაღაც გამეკეთებინა. როდესაც ცხოველი გიკვდება, ყოველთვის გაქვს განცდა, რომ რაღაც დააკელი.

ამგვარად, ამ პროდუქციიდან შემოსული თანხის 30 % მიდის მიუსაფართა კვებასა და მკურნალობაზე. ასევე მინდოდა სახელის ქვეშ - „მაშო მეგობრებისთვის“ ზოო მაღაზიების ქსელის გაკეთება, რომელიც პირველი ზოო მაღაზია იქნებოდა პლანეტაზე, რომელიც თავისივე ნარჩენებს, მთლიანად, 100 %-ით გადაამუშავებდა და ნივთებსაც აწარმოებდა. ამ სასარგებლო საქმისთვის პარტნიორს ან სპონსორს ვეძებდი, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ გამომეხმაურა.
- რამდენად ადამიანური ფასები აქვს „ADAMIANI-ს“ ნაწარმს და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა ანდა - ტომრების ჩაბარება? დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუს შემდეგაც, ბევრი მსურველი გამოჩნდება.
- მე ვფიქრობ, რომ ფასები ხელმისაწვდომია და ვცდილობ, არ გავაძვირო, მიუხედავად იმისა, რომ მასალების ფასები, თითქმის ყოველდღიურად მატულობს. ჩვენი პროდუქციის შეძენა, შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე ჩვენთან მაღაზიაში - „17 კვადრატი“, რომელიც უკვე ცამეტი წელია არსებობს და ჭანტურიას ქუჩაზე, ლიტერატურის მუზეუმის ეზოში მდებარეობს. რაც შეეხება ტომრების მოტანას, თამარ მეფის გამზირზე, ჩვენს საწარმოში ვიბარებთ ხოლმე.
- შეიძლება ითქვას, რომ „ადამიანმა“ უხერხულობის შეგრძნება გააჩინა, რომ ნარჩენები და ტომრები აღარ გადაყარონ?
- ჩემი აზრით, შესაძლებლობა გააჩინა. მაგალითად, ერთმა ქალბატონმა მომწერა, რვა წელია ზოო მაღაზია გავხსენი და ერთი ტომარაც არ გადამიგდიაო. ინახავდა, რომ რაღაცაში გამოიყენებდა.
- რამდენად საშიშია ეს მასალა გარემოსთვის, რამდენ ხანში ხდება მისი დაშლა?
- გარემოში მოსახვედრად, მართლა ძალიან ცუდი მასალაა, ჯოჯოხეთია. სამასი წელი სჭირდება, რომ ბუნებამ გააქროს. ფანტასტიკის ჟანრია. მიზერულია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ გარემოს დასაცავად, ბევრად მეტი მინდა გავაკეთო, მაგრამ ძალიან რთულია.
- როდის ჩაებით ძალზედ სასარგებლო პროექტში - „ნარჩენების მართვა“? ისიც მაინტერესებს, რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში?
- მესამე წელია, რაც ნარჩენების მართვის პროექტი დავიწყე. ნარჩენების მართვის კურსიც გავიარე. აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ბევრ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი. სხვათა შორის, ახლახანს TBC-ის ბიზნეს დაჯილდოვებაზე გავიმარჯვეთ, ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“. ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა საქართველოში, ნარჩენების წარმოების ელემენტარული ნებართვა რომ მოიპოვო, ადეკვატური პასუხი რომ მოეცა ვინმეს, როგორ გამეკეთებინა ეს ყველაფერი, გარემოს დაცვის სამინისტროში, ერთ დღეს, ოცდაორჯერ დავრეკე.

- ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობაზეც გვითხარით.
- პრობლემა ნაგვის გადაყრა კი არ არის, პრობლემა ნარჩენების გადაუმუშავებლობაა. განვითარებულ ქვეყნებში ნარჩენების ყიდვა ხდება, სხვადასხვა ქვეყნებიდან ყიდულობენ ნარჩენებს. ჩვენ ელემენტარულ რაღაცებს ვერ ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ მაგ მიმართულებით უდიდესი გრანტებია შემოსული, არავინ არაფერს აკეთებს. უამრავი რამის წარმოება შეიძლება...
- ბანერები ახსენეთ, მოძველებული სარეკლამო ბანერების გადამუშავებასაც ახდენთ, რომელიც ახალ სიცოცხლეს, აქსესუარების სახით, ისევ იძენს. კომპანიებს ჩვეულებრივ შეუძლიათ, რომ მათთვის უკვე უვარგისი სარეკლამო ბანერები ჩაგაბარონ?
- ბანერების გადამუშავება ჩვენი მეორე პროექტია. ჩვენი სახელოსნოს ეზოში თეატრია, რემონტი ჰქონდათ და ნაგავში გადაუგდიათ თავისი სარეკლამო ბანერი. ვკითხე, თუ შეიძლება ავიღო და ახალი სიცოცხლე შევძინო-მეთქი. გაუკვირდათ, არ დაიჯერეს. ისეთი ზურგჩანთა გამოვიდა, ყველას მოუნდა. შემდეგ დავიწყე ფიქრი ამ პროექტის გასაზრდელად, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. შეთავაზება გავუკეთე მსხვილ ორგანიზაციებს. პირველი TBC იყო, ძალიან კარგი პროდუქტი გამოვიდა. ზურგჩანთები და ლეპტოპის ჩანთები გავუკეთეთ, ასევე cityzen, Alta და ა.შ.

გერმანიაში, მაისის თვეში, ზოო მაღაზიების გამოფენა ეწყობა. ძალიან გვინდოდა ამ პროექტის წაღება, მაგრამ გრანტი არ მოგვცეს. ჩვენი რესურსებით კი ძალიან რთულია. მხოლოდ მონაწილეობის მიღება და სტენდის დადგმა თორმეტი ათასი ევრო ჯდება. არადა, ძალიან დიდი შანსი გვაქვს გერმანიის ბაზარზე. ოთხმოც მილიონიანი პოტენციური მყიდველი გყავს.
- რა განცდაა, როცა არაფრისგან ქმნი ყოველდღიურად საჭირო ნივთებს?
- იმხელა სტიმული და სიხარულია, როდესაც ბოლო შედეგს ხედავ. რაღაცნაირი პატარა გამარჯვებებია; მით უმეტეს, როცა ადამიანებს ხედავ ქუჩაში, ვინც შენი პროდუქტით დადის. წარმოიდგინეთ, ჩემთან რომ მოაქვთ ჩემივე ათი წლის წინანდელი ჩანთა შესაღებად. იმდენად უყვართ და პრაქტიკულია ყოველდღიურობაში, გადასაგდებად ვერ იმეტებენ. ხვდებით, რამხელა სიხარული შეიძლება იყოს, როცა ვიღაცა შენს გაკეთებულ ჩანთას ათი წელი ყოველდღიურად იყენებს?!
- ცამეტი წელია ბაზარზე ხართ, რა დაგანახათ და გასწავლათ ამ წლებმა და რას ურჩევდით მსგავსი იდეებით შეპყრობილ ადამიანებს, რომლებიც ვერ რისკავენ საქმის დაწყებას?
- ამ წლებმა უამრავი გამოცდილება დამიგროვა. ყოველდღე ახალ რაღაცას ვსწავლობ. სხვანაირად ვერ განვითარდები და ვერც კონკურენციას გაუძლებ. დიზაინზე მუშაობა ჯადოსნური პროცესია. ტექნიკური ცოდნა მეხმარება, რომ დიზაინი უფრო კომფორტული, სადა და ხელმისაწვდომი გავხადო. ყოველთვის, როცა იდეა გაჩნდება, თუნდაც მცირე ნაბიჯი გადადგან გასაკეთებლად, სხვანაირად ფიზიკურად ვერასოდეს ვერ გააკეთებ.
როცა ჩემი პროდუქცია პოპულარული გახდა, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, მეც მქონდა ეგ იდეა ერთი წელია ვფიქრობო. როგორც კი იდეა გამიჩნდა, ავდექი და ეგრევე გავაკეთე. მესმის, რომ რთულია, მეც უამრავი იდეა მაქვს, რომელსაც ეგრევე ვერ ვაკეთებ, მაგრამ აუცილებლად გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები.
- თქვენი მიზანი და სამომავლო გეგმები...
- მთავარი ამოცანა და მიზანი ამ საქმის გადარჩენა და ცოდნის გაზიარებაა. სწორედ ამიტომ, მეგობართან ერთად შევქმენი Workshops by ADAMIANI, სივრცე, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ვორქშოპი გვექნება სხვადასხვა მიმართულებით, რაზეც ჯერ არ ვისაუბრებ, თუმცა ამ ეტაპზე დავიწყეთ 2-საათიანი “პირველი ნაბიჯები ტყავთან”, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის ადამიანს შეუძლია შეიძინოს დამატებითი ჰობი ან აქციოს ეს საქმე შემოსავლის წყაროდ.
ძალიან არ მინდა ქვეყნიდან წასვლა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ აქ ვაკეთო ის, რაც მიყვარს. საკმაოდ დიდი რესურსები, გამოცდილებები და იდეები დაგროვდა, გული მწყდება, გარემოებებიდან გამომდინარე, რაღაცების გაკეთებას რომ ვერ ვახერხებ, თუმცა მიხარია, რომ შემიძლია ამ ყველაფრის სხვებისთვის გაზიარება.
01/08/2026