Logo

როგორ ამოვიცნოთ ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი? - ნიშნები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიგვანიშნებს

როგორ ამოვიცნოთ ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი? - ნიშნები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიგვანიშნებს

10/14/2026

ტექსტის ზომა

დაღლილობა, უმიზეზო წონის მატება ან კლება, გულის ფრიალი, გაღიზიანება, უძილობა, თმის ცვენა - ეს სიმპტომები შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას უკავშირდებოდეს.

როგორ ამოვიცნოთ ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს? ამის შესახებ zmna.ge-ს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ესაუბრა.

ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ზედაპირზე მდებარე, პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა, რომელიც ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ჰორმონებს გამოიმუშავებს. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს T3-სა და T4-ს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლაზე, ენერგიის გამომუშავებაზე, გულის მუშაობაზე, სხეულის ტემპერატურასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე ახდენენ გავლენას.

როგორც შოთა ჯანჯღავა განმარტავს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ძირითადად ორი მიმართულებით ვლინდება: ჰიპოთირეოზით, როდესაც ჯირკვალი არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონებს, და ჰიპერთირეოზით, როდესაც ჰორმონების გამომუშავება ჭარბია.

როგორ ვლინდება ჰიპოთირეოზი?

ჰიპოთირეოზის დროს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ნელდება, რაც სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზეც აისახება. ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

• მუდმივი დაღლილობა, სისუსტე და მოდუნება;

• წონის მატებისკენ მიდრეკილება;

• სიცივის აუტანლობა და მუდმივი მცივანობა;

• კანის სიმშრალე და თმის ცვენა;

• ყაბზობა;

• შენელებული გულისცემა;

• მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება.

გამოხატული ჰიპოთირეოზის დროს ადამიანს შესაძლოა აზროვნებისა და ინფორმაციის დამუშავების ტემპიც შეუნელდეს. ზოგჯერ პაციენტს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეტი დრო სჭირდება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ ქოლესტერინის ცვლის რეგულაციაშიც. ამიტომ ჰიპოთირეოზის დროს სისხლში ქოლესტერინის დონე შესაძლოა გაიზარდოს.

როგორ ვლინდება ჰიპერთირეოზი?

ჰიპერთირეოზის შემთხვევაში საპირისპირო პროცესები ვითარდება. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, რაც ხშირად გულის მუშაობასა და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე აისახება.

მისთვის დამახასიათებელია:

• წონის კლება;

• გახშირებული გულისცემა და გულის ფრიალი;

• მომატებული ოფლიანობა;

• სიცხის აუტანლობა;

• გაღიზიანება, შფოთვა და ემოციური არასტაბილურობა;

• უძილობა;

• ნაწლავთა მოქმედების გახშირება.

ჰიპერთირეოზის ერთ-ერთი საყურადღებო გართულება გულის რიტმის დარღვევაა. სწორედ ამიტომ პაციენტები ხშირად თავდაპირველად კარდიოლოგს მიმართავენ, რომელიც გულის აჩქარების ან არითმიის შესაძლო ენდოკრინული მიზეზის გამოსარიცხად მათ ენდოკრინოლოგთან აგზავნის.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც მოქმედებენ. ამიტომ ზოგჯერ გაღიზიანება, შფოთვა და განწყობის მკვეთრი ცვლილება მხოლოდ ფსიქოლოგიურ პრობლემად არ უნდა მივიჩნიოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს არ ახასიათებს. თუმცა, თუ რამდენიმე მათგანი ერთდროულად ვლინდება ან ხანგრძლივად გრძელდება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი კვლევებით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება," - გვირჩევს ენდოკრინოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

შოთა ჯანჯღავაჭარბთმიანობაჭარბთმიანობა ქალებშიჰირსუტიზმი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026