სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კარაქი ერთ-ერთია იმ პროდუქტებიდან, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თითქმის ყოველდღიურად მოიხმარს.
რამდენადაც სასარგებლოა ნატურალური კარაქის მიღება, იმდენად დიდ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს პროდუქტი, რომელიც არ არის ნატურალური და ტრანს ცხიმებითაა გაჯერებული.
რა განსხვავებაა კარაქს, სპრედსა და მარგარინს შორის? და როგორ ამოვიცნოთ ნატურალური კარაქი? - ამ კითხვებით ZMNA.GE სურსათის უვნებლობის სპეციალისტს სოფიო გორხელაშვილს დაუკავშირდა.
"კარაქი ნედლი რძისგან მიღებული პროდუქტია, რომელიც მცენარეულ ცხიმს არ შეიცავს. სპრედი ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნაზავია, ხოლო მარგარინი მხოლოდ მცენარეული ცხიმებით მზადდება.

ნატურალური კარაქის შემადგენლობა კანონმდებლობით რეგულირდება. მის შემადგენლობაში მხოლოდ სამი ნივთიერება - ნედლი რძე, დედო და საჭიროების შემთხვევაში მარილი უნდა შედიოდეს.
სპრედში ფერისა და გემოვნური თვისებებისათვის არომატიზატორები ემატება.
როცა არ არსებობდა შესაბამისი კანონმდებლობა და რძის ტექნიკური რეგლამენტი, მაშინ ხშირად ხდებოდა ისე, რომ პროდუქტს ეწერა კარაქი და შეიძლებოდა სპრედი შეგვეძინა.
მას შემდეგ, რაც საკითხი კანონმდებლობით რეგულირდება, ხდება ნიმუშების აღება და კვლევა, მეწარმეები ვალდებული არიან სწორი ინფორმაცია მიუთითონ შეფუთვაზე.
თუ პროდუქტი წონით, შეფუთვის გარეშე გვინდა შევიძინოთ, ან სანდო სარეალიზაციო წერტილში არ ვყიდულობთ, მაშინ შეცდომის თავიდან ასარიდებლად ყურადღების გამოჩენაა საჭირო.

შესაძლებელია პროდუქტის ფერით იდენტიფიცირება.
ნატურალურ კარაქს ღია მოყვითალო ფერი აქვს. მისი მთლიანი სტრუქტურა ერთ ფერშია.
სპრედი მუქი ყვითელი ფერისაა და ფერი ერთგვარად შერეულია, თითქოს აჭრელებულია.
მარგარინი მკვეთრად თეთრია.

ასევე შეგვიძლია დავაკვირდეთ შესაფუთ მასალას.
თუ შესაფუთ მასალაზე ცხიმია მიკრული, ე.ი. ის ერთგვაროვანი არ არის და მასში მცენარეული ცხიმი ურევია.
ნატურალური კარაქი ძირითადად ერთგვაროვანია და შეფუთვაზე კვალს არ ტოვებს.

მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას, კარაქი თანაბრად დნება, არ აქვს შხეფები და იკეთებს თეთრ ქაფს.
სპრედის შემთხვევაში წყლის მაღალი შემცველობის გამო, არის დიდი შხეფები, არათანაბარი, არაერთგვაროვანი დნობა და ქაფიც განსხვავებულია.

არსებობს კიდევ ერთი ხერხი, რომელიც ნატურალური კარაქისა და სპრედის გარჩევაში დაგვეხმარება.
გამჭვირვალე ჭურჭელში, ადუღებულ წყალში ჩავაგდოთ კარაქი ან სპრედი. კარაქი თანაბრად დაიშლება, ზემოთ გაიკეთებს ცხიმს და გახსნის შემდეგ წყალი გახდება რძისფერი.
სპრედის შემთხვევაში პროდუქტი წყალში არ გაიხსნება და წყლის ფერიც არ შეიცვლება.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მომხმარებელმა კარაქის შეძენისას უნდა გაითვალისწინოს, შეფუთვაზე მითითებული ცხიმის პროცენტულობის მაჩვენებელია. ნატურალური კარაქი 80-82 % ცხიმს უნდა შეიცავდეს. თუმცა არიან მეწარმეები, რომლებიც ცხიმების შემცველობას მცენარეული ცხიმების ხარჯზე ზრდიან. ეს არ არის სასურველი და ასეთი პროდუქტი უკვე აღარ არის ნატურალური კარაქი."
11/04/2025