საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში აქტიურ და გმირულ წინააღმდეგობას უწევდა საოკუპაციო რეჟიმს. ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს წარმოადგენდა სვანეთის ანტისაოკუპაციო აჯანყება.
ახლა სწორედ სვანების ბრძოლას გავიხსენებთ.
სვანეთსა და ხევსურეთში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. XX საუკუნის დასაწყისის გავლენიანი იტალიური გამოცემა „ილ მესაჯერი“ აღნიშნავდა, რომ მიუხედავად საქართველოს დედაქალაქის დაცემისა, რესპუბლიკის სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით მთიანეთში, სერიოზული წინააღმდეგობა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. გამოცემა ხაზს უსვამდა პარტიზანთა გმირულ მოქმედებებს, რომლებიც სასტიკ ჩეკასა და რუსულ სამხედრო ნაწილებს უპირისპირდებოდნენ, უცხო რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლების მიზნით.

სვანეთის აჯანყება, საბჭოთა ოკუპაციიდან, დაახლოებით ოთხი–ხუთი თვის შემდეგ დაიწყო და მალევე მთელი რეგიონი მოიცვა. აჯანყებულებმა დაამხეს ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტები, განაიარაღეს მილიცია, ჩაკეტეს სვანეთისკენ მიმავალი გზები და ბილიკები.

აჯანყების ტალღა ისე გაფართოვდა, რაჭა-ლეჩხუმსაც გადაწვდა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ აჯანყების ჩასახშობად მთაში რუსეთის წითელი არმიის 15 000-კაციანი შენაერთი გაგზავნა. სვანებმა ორი რუსული ლეგიონი უკუაქციეს და დაახლოებით 500 ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს. ამასთანავე, თბილისში გაგზავნეს დელეგაცია, რომელმაც ბოლშევიკურ ხელისუფლებას რუსეთის საოკუპაციო
ჯარების გაყვანა და თავისუფალი არჩევნების გზით ახალი ხელისუფლების ფორმირება მოსთხოვა.
აღნიშნულ ფაქტებს ადასტურებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას დეპეშაც, რომელიც გენუის კონფერენციის მიმდინარეობისას, ვენის ინტერნაციონალის აღმასრულებელ კომიტეტს გაეგზავნა. ჟორდანია აღნიშნავდა, რომ ბოლშევიკებმა სვანთა დელეგაციის მოთხოვნები უარყვეს, რის შემდეგაც სვანებმა საკუთარი საზღვრები გაამაგრეს. მისი ცნობით, 1922 წლის მარტში რუსულმა ჯარებმა სვანეთზე ოთხი მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

ჟორდანია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდა, მოეხდინათ ზეწოლა მოსკოვზე, საქართველოში სისხლისღვრის შესაჩერებლად. სამწუხაროდ, დახმარების თაობაზე სიტყვიერი დაპირებები, დაპირებებად დარჩა.
ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ აჯანყებულთა განიარაღება მხოლოდ 1922 წლის აგვისტოში შეძლო, თუმცა სვანეთის სრული დამორჩილება მაინც ვერ მოახერხა. ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა აჯანყების ხელმძღვანელთა დასჯაც.
სვანეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი იყო ბიძინა პირველი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რომელიც 1924 წლის აჯანყებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. შემდგომში იგი დააპატიმრეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ფორმალურად აღიარა საბჭოთა ხელისუფლება, თუმცა მიუხედავად ამისა, 1938 წელს დახვრიტეს.

აჯანყების კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა იყო გენერალი ნესტორ გარდაფხაძე, რომელიც ტაბახმელის ფრონტზე იუნკერთა ასეულს მეთაურობდა. ის გადაურჩა 1921–1922 წლების აჯანყებასთან დაკავშირებულ რეპრესიებს, თუმცა 1924 წლის აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს და დახვრიტეს.

გარდაფხაძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და სამეგრელოსა და სვანეთში მოქმედ პარტიზანული მოძრაობის ხელმძღვანელებთან — მუშნი და ოთარ დადიანებთან ერთად იბრძოდა. ისინი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ომებში გამოცდილი, პროფესიონალი და პატრიოტი სამხედროები იყვნენ.
02/10/2026