
09/23/2026
რეჟისორი დავით პაპავა გაბრიელ მარკესთან დაკავშირებით ერთ ძალზე საინტერესო ისტორიას ჰყვება, საიდანაც ვიგებთ, რომ ჩვენი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებმა, 2007 წელს დიდი შეცდომა დაუშვეს.
მაშ ასე. წაიკითხეთ.
დავით პაპავა: თბილისიდან საცხოვრებლად ლონდონში გავემგზავრე, ცოლად იქაური გოგო მოვიყვანე და ბრიტანეთის ერთ-ერთ თეატრს ჩავუდექი სათავეში.
ლონდონში ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის, ამიტომაც ჩემი დასის რამდენიმე მსახიობი უცხოელი იყო. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ესტებანი -კოლუმბიელი. მან ჩვენს თეატრში რვა თვე დაჰყო და ჩემ მიერ დადგმულ ორ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.
ისე ხდებოდა, რომ რეპეტიციების დროს მისი მობილური რეკავდა. ესტებანის რეაქციაზე ვხვდებოდით, რომ მნიშვნელოვანი ზარი იყო, იქ მყოფთ გვიხსნიდა, ბიძა მირეკავს კოლუმბიიდან, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მპატრონობს, ახლა კი სამშობლოში დაბრუნებას მთხოვსო.
ერთხელაც ვკითხე:
– ვინ არის ეს ბიძაშენი?
– გაბრიელ გარსია მარკესი.
– ვიინ? ბიჭო, რვა თვე ჩემთან მუშაობ და ამას მიმალავდი?

ასე აღმოჩნდა კოლუმბიელი ბიძა ცოცხალი გაბრიელ გარსია მარკესი, კოლუმბიელი მსახიობი კი – მარკესის ძმის, ჯიჯოს შვილი – ესტებანი.
ესტებანს ვთხოვე, ოცნების ახდენაში დამხმარებოდა დამედგა „მარტოობის ასი წელიწადი.”
ესტებანი გულისყურით მისმენდა, ბოლოს თავი გააქნია:
„ვერა, დათო, სპექტაკლის დადგმას ვერ შევძლებთ, ბიძაჩემს ორმოცი წლის განმავლობაში უფლება არავისთვის მიუცია ეს რომანი კინოში ან ფილმში გაეცოცხლებინა.”
არადა, რა ახლოს ვარ ოცნების ახდენასთან…
- იქნებ ძალიან ვთხოვოთ, იქნებ მაინც დაგვთანხმდეს, იქნებ...
ესტებანი მობილურს იღებს და ახლა თავად ურეკავს ბიძას. პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა: ესტებანმა მიმიკით მანიშნა, რომ გაბო თანახმაა...
- კარგი, ესტებან, მოგცემთ დადგმის უფლებას, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შემდეგ აუცილებლად შინ დაბრუნდები.
– მოდი, რეჟისორს დაგალაპარაკებო და ესტებანმა ყურმილი გადმომცა.
ძალიან დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ყურმილის მეორე მხრიდან ხომ თვით გაბრიელ გარსია მარკესი მესაუბრებოდა. ჯერ ესტებანზე მკითხა, როგორ არისო, რამე ხომ არ უჭირს და მიმალავსო? შემდეგ კი სპექტაკლის დადგმაზე ვისაუბრეთ. მარკესის ბოლო ფრაზა გახლდათ დაპირება:
- სადაც უნდა დადგათ სპექტაკლი, პრემიერაზე აუცილებლად ჩამოვალ!
რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, თბილისზე ვიფიქრე.
- ნუთუ ეს შესაძლებელია, რომ მარკესი მისი უდიდესი რომანის პრემიერაზე თბილისის ერთ-ერთი თეატრის პარტერში ვიხილოთ. ამაზე უფრო დიდი „PR“ საქართველოსთვის რაღა უნდა ყოფილიყო.
სასწრაფოდ თბილისში გადავფრინდი. ყველა წამყვანი თეატრი მოვიარე, ხელმძღვანელებს შევხვდი და მოვუყევი ამის შესახებ, მაგრამ ვინ რა და ვინ რა მიზეზით, უარით გამომისტუმრეს.
ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ ეს უნიკალური შანსი დაიკარგა! მარკესისა და საქართველოს შეხვედრა-გაცნობა ვერ შედგა...

ფოტოზე - გაბრიელ გარსია მარკესი და დავით პაპავა
დავით პაპავამ 2007 წელს მარკესთან ერთად იმუშავა, რათა მარკესის 80 წლის დაბადების დღის აღნიშვნის პერიოდში მოეხერხებინათ სპექტაკლის დადგმა ბოგოტაში, კოლუმბიაში.
სპექტაკლი 35 ქვეყნის პრესაში მოხვდა, ამასთან საოცარი წარმატება ხვდა, 3 წლის განმავლობაში დგამდნენ, როგორც ნაციონალურ თეატრში, ასევე მთელ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.
გააზიარე სტატია