Logo

რელიგია

როგორ დასაჯა და ქანდაკებად აქცია წმინდა ნიკოლოზის ხატმა გოგონა

როგორ დასაჯა და ქანდაკებად აქცია წმინდა ნიკოლოზის ხატმა გოგონა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდანის ხსენების დღეს ორჯერ აღვნიშნავთ: 19 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 22 მაისს, მირონიდან ბარში  მისი წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს.

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად ითვლება. წმინდანი დიდი სიყვარულით სარგებლობს მორწმუნეებში, მას უხმობენ და მისი შემწეობის იმედი აქვთ  ყველა გასაჭირში.

წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაულები

მეზღვაურები თავიანთ მფარველად ტყულად როდი მიიჩნევენ წმინდა ნიკოლოზს! ამას საფუძვლად მის მიერ ზღვაზე მოხდენილი სასწაულები დაედო.

იყო ერთი ასეთი ბერი ნიკოლოზი, რომელიც ერთხელ მოძღვარმა გაგზავნა ქალაქ კატავალაში საქმეზე. ყმაწვილი იქ ნავით გაემგზავრა. უცებ ამოვარდა ძლიერი ქარი და ტალღებმა მისი ნავი ღია ზღვაში გაიტაცა. ყველანი დაემხნენ ნავის ფსკერზე და საშველად უხმობდნენ წმინდა ნიკოლოზს. და აი, იგიც უცებ გამოეცხადათ თეთრ სამოსში, მიმოდიოდა ტალღებზე და სიტყვებით ათვინიერებდა ტალღებს. მალე ქარი შესუსტდა. გამხნევებულმა მეზღვაურებმა ისევ აიღეს ხელში ნიჩბები და წმინდა ნიკოლოზის შემწეობით ერთ საათში ნაპირს მიაღწიეს, თუმცა ისე იყვნენ ნაპირს დაშორებულნი, რომ თუ არა წმინდა ნიკოლოზის შემწეობა, ორი კვირა მაინც დასჭირდებოდათ ნაპირამდე მისაღწევად.

***

ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილთა თაყვანისსაცემად ის-ის იყო მირონისკენ უნდა გამგზავრებულიყო, რომ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი ზეთი წაეღოთ წმიდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა დაღუპვა სურდა. გამგზავრებიდან მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს აქეთ-იქით. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. როცა იგი გემს მიუახლოვდა, დაიძახა:

- გადააგდეთ ზღვაში ის ბოთლი, ქალმა რომ გამოგატანათ, რადგან იმ ქალის სახით ეშმაკმა ჯადო შემოგატყუათო.

მაშინვე შეასრულეს წმიდანის ნება. გადააგდეს ზღვაში ზეთიანი ჭურჭელი, ამოვარდა საშინელი ალი და აუტანელმა სუნმა აავსო ჰაერი, ზღვიდან კი ამოხეთქა მდუღარე წყალმა. ზღვაოსნები შეშინდნენ, მაგრამ წმიდა ნიკოლოზმა გაამხნევა ისინი. მალე ზღვა ჩაწყნარდა და ხომალდი მოგზაურებით ზურგის ქარმა გააქროლა. დაუბრკოლებლად მიაღწიეს ლუკიის ნაპირებს. მირონში მისულებმა სასწაულებრივად გადარჩენილებმა მოგზაურებმა მადლობა და დიდება შესწირეს წმინდანს.

***

ბერი პაისი ათონელი მოგვითხრობს: „ერთხელ ათონის მთის ერთ-ერთ სენაკში დაშრა ჭა. ამ სენაკის მკვიდრმა მონაზონმა, რომელიც ბავშვური უბრალოებით გამოირჩეოდა, ბაწრით ჩაუშვა ჭაში წმიდა ნიკოლოზის ხატი და წარმოთქვა: „წმიდაო მამაო ნიკოლოზ, თუ გსურს, რომ მე მომავალშიც ავანთო შენს წინაშე კანდელი, ამოიწიე წყალთან ერთად - შენ ხომ შეგიძლია ამის გაკეთება. შენ ხედავ, რამდენი ადამიანი მოდის ჩვენთან, ჩვენ კი მათთვის არა გვაქვს ცივი წყალი“.

და, ჰოი, სასწაულო! წყალმა თანდათანობით იწყო ამოსვლა, მასთან ერთად კი წმინდა ნიკოლოზის ხატმაც ამოიწია, სანამ მონაზონმა იგი ხელში არ აიღო. ამის შემდეგ იგი მოკრძალებით ეამბორა მას და უკან, ტაძარში წაიღო.

***

მღვდელი ქრისტეფორე მიტილენეში ცხოვრობდა. იგი ყოველთვის ფეხით დადიოდა წმიდა ნიკოლოზის თაყვანსაცემად მირონ-ლუკიაში. ერთხელაც გზაზე იგი სხვა მლოცველებთან ერთად არაბებმა შეიპყრეს, ტყვედ წაიყვანეს და აიძულებდნენ სარწმუნოების გამოცვლას. ვერაფრით რომ ვერ გატეხეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მიიყვანეს კიდეც თავის მოსაკვეთად.

ქრისტეფორეს ღრმად სწამდა, რომ განსაცდელში წმინდა ნიკოლოზი შეეწეოდა და გულმოდგინედ ევედრებოდა:

- შენ ხომ მსწრაფლ შეეწევი ყველას, წმიდაო ნიკოლოზ, მიხსენ მე ამ ბასრი ხმლისაგან, გადამარჩინე სიკვდილს!

ამ ლოცვაში იყო, წმინდანი რომ წარსდგა მის წინ და უთხრა:

- არ შეშინდე, ქრისტეფორე! შენთან ვარ!

და როცა ქრისტეფორემ თავი დაუხარა ჯალათს, წმინდა ნიკოლოზმა, რომელსაც ვერავინ ხედავდა, ხმალი გამოსტაცა ხელიდან. ჯალათმა ეს ქრისტეფორეს ჯადოქრობად ჩათვალა და სხვა ხმალი მოიტანა, მაგრამ იგიც სადღაც გაქრა. მესამე ხმალიც რომ ასე გაუქრა, გაოცებულმა შეხედა ქრისტეფორეს.

- წმიდა ნიკოლოზი დგას აქ შენს გვერდით და ის გაცლის მას ხელიდანო. - უთხრა ქრისტეფორემ. მერე უამბო ჯალათს წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებასა და სასაწულებზე, ისიც გაუმხილა, სწორედ მას რომ შეავედრა თავი. მაშინ აღელვებულმა არაბმა ყველა სიკვდილმისჯილს ახსნა ბორკილი და ჩუმად გააპარა.

***

ვოლოგდის მთავარეპისკოპოსი ნიკონი მოგვითხრობს: „ერთ სოფელში ცხოვრობდა კეთილმორწმუნე გლეხი, რომელიც ყოველ დღესასწაულზე ესწრებოდა საზეიმო წირვას. სადაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც კი ეკლესიის ზარების ხმას გაიგებდა, თავს მოუყრიდა ბავშვებს და ტაძარში მიდიოდა. ცოლს დაუბარებდა, რომ საოჯახო საქმეები მალე მოეთავებინა და ტაძარში წამოსულიყო.

ერთხელ, წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე, ამ კაცის ცოლი ჩვეულებრივ ტაძარში წასასვლელად ემზადებოდა და სიჩქარეში კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. ამ დროს მათ სახლთან ჩაიარა იმ მხარეში ცნობილმა ქურდმა, რომელმაც დაინახა ღიად დარჩენილი კარი და სახლში შევიდა. რისი წაღებაც უნდოდა, თავი მოუყარა, შეკრა და წასასვლელად ემზადებოდა, რომ დაინახა, როგორ შემოვიდა დაკეტილი კარებიდან სრული სამღვდელმთავრო შესამოსლით შემოსილი წმიდა ნიკოლოზი. მან მკაცრად შეხედა ქურდს და უთხრა: „ადამიანები, რომლებსაც ღმერთი უყვართ, ტაძარში წავიდნენ, სიჩქარეში ქოხის დატეკვა დაავიწყდათ. შენ ამით ისარგებლე და მათი ნაოფლარის მოსაპარად შემოხვედი?“ ამ სიტყვებით მიუახლოვდა და სილა გააწნა. ქურდი უეცრად დაბრმავდა. მან ოთახში ბორიალი დაიწყო, უნდოდა კარი მოეძებნა და გარეთ გასულიყო, მაგრამ ვერაფრით მოახერხა.

ამასობაში სახლის პატრონებიც დაბრუნდნენ და შეამჩნიეს, რომ ქოხში ვიღაც დადიოდა. შევიდნენ და ნახეს ნაცნობი ქურდი, რომელმაც ტირილით მოუთხრო მათ, რაც თავს გადახდა.

ქურდი გაასამართლეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, რამაც ძალზე გაახარა მთელი სოფელი, რადგან მოსვენება არ ჰქონდათ მისი ავკაცობისაგან. ეტაპირების დროს პატიმრები სოფელზე გაატარეს. ქურდმა ისურვა შესულიყო ეკლესიაში, სადაც წმინდა ნიკოლოზის ხატი ესვენა. დაიჩოქა მის წინაშე, თვალცრემლიანმა მოინანია თავისი ცოდვები და შენდობა სთხოვა. როდესაც ლოცვის შემდეგ ხატს ეამბორა, უეცრად თვალები აეხილა.

***

მარმარილოს ქანდაკად ქცეული ქალიშვილი

ეს ამბავი 1956 წელს ქალაქ სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა თავს.

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.

სტუმრები თითიქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, სახელად კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდებმა მას აღარ დაუწყეს ლოდინი და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და განაცხადა: „რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავკიდებ ხელს და მასთან ვიცეკვებ!“ გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა. მან კი უპასუხა: „თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!“

ჩართეს საცეკვაო მელოდიები და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ცეკვის ტაქტს, რომ ოთახში ანაზდად წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორია ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხირულება უეცარმა ელდამ შეცვალა. შიშისაგან თავზარდაცემულნი, ყველანი გავარდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმიდა ნიკოლოზის ხატით. გამოძახებაზე მისული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ ვერ მოიყვანა ქალიშვილი გონს. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, ტყდებოდა და იღუნებოდა ზოიას მარმარილოს სხეულზე. უნდოდათ მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზოია ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან მას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარს ჭამა.

როდესაც დედა ეკლესიიდან დაბრუნდა და თავისი ქალიშვილი ამგვარ ყოფაში იხილა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. უფლის გულმოწყალებისადმი მისმა რწმენამ და ღმერთისადმი აღვლენილმა მხურვალე ლოცვებმა, შვილისათვის ტანჯვათა შემსუბუქების თხოვნით, მის ქალიშვილს აღუდგინა სასიცოცხლო ძალა. იგი ცრემლებით თხოვდა ღმერთს პატიებას და დახმარებას.

პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო; საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნენი, ცნობისმოყვარენი, სასულიერო პირები. მაგრამ მალე, ხელისუფლების ორგანოების განკარგულებით, შენობაში შეღწევის ყოველგვარი საშუალება აღკვეთილ იქნა გარეშე მნახველებისათვის. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. ამ მორიგეთაგან (რომელთა შორის იყვნენ 28-32 წლის ახალგაზრდები) მრავალი გაჭაღარავდა იმ შემზარავი სურათის მხილველნი, როდესაც ზოია საშინელი ხმით გაჰყვიროდა: „ - დედა, ილოცე; ცოდვებში ვიღუპებით, ილოცე!“ ამ დროს მის გვერდით მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლოცულობდა დედამისი.

მოგვიანებით ზოიასთან დაშვებულ იქნა რამდენიმე ადამიანი. მოსკოვიდან ჩამოვიდა მედიცინის პროფესორი, რომელმაც დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაშეშებისა და გაქვავებულობის მიუხედავად. დედის თხოვნით მოწვეულ იყვნენ სასულიერო პირები, რათა ზოიას ხელიდან გამოეხსნათ წმიდა ნიკოლოზის ხატი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გამოეცალათ ხატი მისი გაქვავებული ხელისგულებისთვის. ქრიტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, რომელმაც აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ზოიას ხელები და ხატს, სათანადო პატივის მიგების შემდეგ, პირვანდელი ადგილი მიუჩინეს. ბერმა ბრძანა: „ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც იგი მოგვივლენს დიდი დღესასწაულისთვის (ე.ი. აღდგომისათვის). თუ ეს არ მოხდა, მაშ, ახლო ყოფილა ქვეყნის აღსასრული“. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.

ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებისაგან ცივი უარი მიიღო. იგი მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა მორიგეებმა არ დართეს შესვლის ნება. მესამედ, უკვე უშუალოდ ხარება დღეს, მორიგეებმა შეუშვეს და მათ ყურს მისწვდა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: „რაო, მოგბეზრდა დგომა?“

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მორიგეებს სურდათ უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი მათ აღარ დახვდა (ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო თვით საკვირველმოქმედი ნიკოლოზი).

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში (128 დღე), თვით აღდგომამდე, რომელიც იმ წელს უწევდა 23 აპრილს (6 მაისს ახალი სტილით).

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღალი ძახილით დაიწყო მოწოდება: „ილოცეთ!“ ღამის გუშაგებმა ვერ აიტანეს მისი საცოდაობა და ჩაეკითხნენ: „ასეთი ხმით რად ყვირიხარ?“ და მიიღეს პასუხად: „საშინელი ცეცხლით იწვის დედამიწა! ილოცეთ! მთელი დედამიწა ცოდვებში ინთქმება. ილოცეთ!“

და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი: მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა. ზოია ჩააწვინეს ლოგინში, მაგრამ ის განუწყვეტლივ ყველას უხმობდა და ითხოვდა ელოცათ ცოდვებით აღვსილი სამყაროსათვის, უკანონობაში ჩაფლული ქვეყნიერებისათვის.

- რით არსებობდი ამ ხნის განმავლობაში? - ეკითხებოდნენ მას. - ვინ გასაზრდოებდა?

- მტრედები, მტრედები მაწვდიდნენ საკვებს, - პასუხობდა ზოია, რითაც ცხადლივ გვეუწყება, რომ შეწყალება და პატიება მოდიოდა თვით უფლის შემოქმედი მარჯვენისგან. უფალმა მიუტევა მას ცოდვები, ღვთის წმიდა სათნომყოფლის, ყოვლადმოწყალე ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის მეოხმყოფლობითა და უმძიმესი განსაცდელის, 128 დღის მანძილზე ფეხზე დგომის საზღაურად.

მომხდარმა ფაქტმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც ესმოდა ზოიას ყვირილი და ვედრება - ელოცათ ცოდვებში მყოფი ადამიანებისათვის, ირწმუნეს ღმერთი. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებელნი ეკლესიებში მიიჩქაროდნენ აღსარების სათქმელად; ვინც ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება - იმდენად დიდი იყო ახლადმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასათვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.

შიშითა და თვალზე მომდგარი ცრემლებით თხოვდა ხალხი ღმერთს საკუთარი ცოდვების შენდობას და თან ზოიას სიტყვებს იმეორებდა: „საშინელება ხდება. დედამიწა იწვის, ცოდვებში ვიღუპებით. ილოცეთ. ადამიანები უკანონობის შედეგად წარწყმდებიან.“

აღდგომის მესამე დღეს ზოიას სული მიიღო უფალმა - აღესრულა მხევალი ღვთისა, რომელმაც თავისი მძიმე ცოდვები 128 დღის ფეხზე დგომით გამოისყიდა. სულიწმიდა იფარავდა მისი სულის არსებობას, აღადგინა იგი მომაკვდინებელ ცოდვებისაგან, რათა მომავლის, ყოველთა ცხოველთა და მკვდართა მარადიული აღდგენის დღეს აღედგინა იგი სხეულით მარადიული სიცოცხლისათვის, რამეთუ თვით სახელი ზოია ნიშნავს სიცოცხლეს. ამინ.

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.

ავტორი: ზმნა

12/19/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024