ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზაფხულის დადგომასთან ერთად, მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კოღოებთან ბრძოლა ხდება. ბავშვის ნაზი კანი მწერების ნაკბენის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რის გამოც, ნაკბენმა შესაძლოა ძლიერი ქავილი, ალერგიული რეაქცია ან კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
როგორ შევუქმნათ პატარებს უსაფრთხო გარემო და რომელი საშუალებებია რეალურად ეფექტური მავნე მწერების წინააღმდეგ?
პედიატრი თაკო ძაგანია მიიჩნევს, რომ კოღოებთან ბრძოლა ორი მეთოდითაა შესაძლებელი - გარემოს სწორად მოწყობა და კოღოს საწინააღმდეგო უსაფრთხო საშუალებების (რეპელენტების) შერჩევა.

„კოღოებისგან ბავშვების დაცვა ყოველ ზაფხულს ძალიან აქტუალური ხდება. პრობლემის მოგვარება, ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს.
1.კოღოებისგან თავისუფალი გარემოს მოწყობა;
2. კოღოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
გარემოს მოწყობას რაც შეეხება, რეკომენდაციები ასეთია:
გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო ბადეები კარი-ფანჯარაზე;
ოთახში შეგიძლიათ ჩართოთ კონდიციონერი, იმიტომ რომ კოღოებს არ უყვართ გრილი ჰაერი;

დაცალეთ ეზოში არასაჭირო წყლის რეზერვუარები. ნახეთ, თუკი სადმე ძველი ჭურჭელი დევს და ივსება ნაწვიმარი წყლით, იცოდეთ, ეს კოღოების გამრავლების ადგილია;
დასადგმელი აუზები კვირაში ერთხელ გაასუფთავეთ - წყალი გაწმინდეთ და ხელახლა აავსეთ;
გარეთ ყოფნისას ჩააცვით ბავშვს გრძელმკლავიანი მაისური და გრძელტოტებიანი შარვალი, სასურველია ღია ფერის (რატომღაც კოღოებს მუქი ფერის ტანსაცმელი უფრო იზიდავს).

რაც შეეხება კოღოს საწინააღმდეგო საშუალებებს, არსებობს ორი ვარიანტი. ერთი, ეს არის შედარებით ძველებური მეთოდი - შტეფსელში შესაერთებელი ფუმიგატორები.
ისინი შეიცავს პესტიციდებს, ამიტომ ბოლომდე უსაფრთხოდ არ ითვლება. ამის გამო, მას რეკომენდაციას ხშირად აღარ უწევენ. თუმცა, საკმაოდ ეფექტურია და ჩემი აზრით, ზოგჯერ შეგიძლიათ მათი გამოყენება. განსაკუთრებით თუ ხართ სტუმრად, ან კურორტზე, სადაც გარემოს ადვილად ვერ შეცვლით. ასეთ დროს, შეგიძლიათ ჩართოთ ღამით, დაახლოებით 8-10 საათის მანძილზე და დაიცვათ თქვენი პატარა კოღოს ნაკბენისგან.

დღესდღეობით, როგორც უსაფრთხო და ეფექტური საშუალება, დამტკიცებულია ეგრეთ წოდებული რეპელენტები. ეს არის კანზე დასატანი სპრეი, რომელიც კოღოს განდევნის.
ასეთი საშუალებები საკმაოდ ადრეული ასაკიდან გამოიყენება. რამდენიმე მათგანის გამოყენება, 2 თვიდან ჩვილისთვისაც კი არის შესაძლებელი," - გვირჩევს პედიატრი.
06/29/2026