Logo

ჩვენი ისტორია

როგორ ებრძოდა „ინტელიგენცია“ პირველი პრეზიდენტის რეაბილიტაციას

როგორ ებრძოდა „ინტელიგენცია“ პირველი პრეზიდენტის რეაბილიტაციას

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

2001 წლის 25 ივლისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელთა - მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის, ნიკო ლომოურის, გურამ ბენაშვილის, თამაზ კვაჭანტირაძისა და სხვათა ღია წერილი გენერალური პროკურორის, გია მეფარიშვილისადმი. წერილის ავტორები უკიდურესად აღშფოთებულნი იყვნენ პარლამენტის გავლენიანი ჯგუფის მოთხოვნით, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის და პირველი პრეზიდენტის სახელის რეაბილიტაციის თაობაზე.

WhatsApp Image 2026-08-13 at 16.17.00

ეს იყო ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის ჯგუფის მოწოდება პროკურატურისადმი, გამოეჩინათ „პატრიოტიზმი“ და არ დაქვემდებარებოდნენ გამსახურდიას რეაბილიტაციის „პოლიტიკურ დაკვეთას.“ ისინი მოითხოვდნენ, ბოლომდე ემხილათ პირველი პრეზიდენტის „დანაშაულები.“ მეტიც, წერილის ავტორები აპელირებდნენ კითხვაზე, რომელიც სამხედრო გადატრიალების სრულ გამართლებას წარმოადგენდა: „რანაირად დაამხო კიტოვანმა ხელისუფლება 200 კაცით, თუკი საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა?“

კიტოვანი სიგუა

ეს ნამდვილი ისტორიაა. ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის რიგი წარმომადგენლები იმეორებდნენ ძალაუფლების მიმტაცებლებისგან დამკიდრებულ პროპაგანდას.

2001 წლის ზაფხულში, როდესაც პარლამენტარმა კოტე კემულარიამ ზვიად გამსახურდიას შესაძლო რეაბილიტაციაზე მიანიშნა, ის ე.წ. „რეფორმატორთა ჯგუფს“ წარმოადგენდა, აღნიშნული ჯგუფი კი მიხეილ სააკაშვილთან იყო ასოცირებული. ეს პერიოდი გამოირჩეოდა საჯარო ურთიერთდაპირისპირებით შევარდნაძის კორუმპირებული სისტემის წარმომადგენლებსა და კორუფციის მამხილებლებს შორის. ამ მხარეს „რეფორმატორთა ჯგუფი“ ყველაზე აქტიური იყო და სწორედ მისგან გაჟღერდა პირველი პრეზიდენტის რეაბილიტაციის მოთხოვნაც. მოთხოვნა არა მარტო სამართლიანობას, ასევე - სამოქალაქო დაპირისპირების ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას და მშვიდობას უჭერდა მხარს. ხომ საინტერესოა, რა ჰქონდა ამის საწინააღმდეგო შემოქმედებითი ინტელიგენციის ჯგუფს? მიაჩნდათ, რომ დამხობილი პრეზიდენტის სახელის რეაბილიტაცია მშვიდობას კი არა, ქაოსს მოიტანდა. განსაკუთრებით აშინებდათ პერსპექტივა, რომ გამსახურდიას საქმის გადახედვას შესაძლოა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა და დასჯა მოჰყოლოდა.

გაზეთიი

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წელს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეწყვიტა 1992 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა 400-ტომიანი მასალის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ პირველი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო. ასე, ოფიციალურად ბრალდებები ზვიად გამსახურდიას მოუხსნეს, გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ. ამ დროს გენერალური პროკურორი აღარ იყო გია მეფარიშვილი. შემოქმედებითი ინტელიგენციი ის ჯგუფი გაწბილებული იყო, ოღონდ ბოლომდე არა, დასჯით არავინ დასჯილა.

წლების განმავლობაში დათესილ პროპაგანდას და დეზინფორმაციას ისეთი ღრმა კვალი ჰქონდა დატოვებული, საზოგადოების ნაწილში უჭირდათ პასუხი გაეცათ შეკითხვებზე: სჯეროდათ თუ არა კომისიის დასკვნის? იყო თუ არა მართალი ზვიად გამსახურდია , როცა სასტიკმა დამნაშავეებმა ბრალი დასდეს ბანდფორმირებების შექმნაში, ფულის გატაცებასა და სამშობლოს ღალატში?

ეს ჩვენი ტრაგიკული გამოცდილებაა, რომელიც გვახსენებს, რამდენად მყიფე შეიძლება იყოს სიმართლე საზოგადოებრივი მითებისა და პროპაგანდის წნეხის ქვეშ.

ავტორი: ელენე ლომთაძე

08/13/2026

ზვიად გამსახურდია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024