საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ამჯერად გვინდა შეგახსენოთ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოში ჩადენილი ვანდალიზმის ერთი მივიწყებული ფაქტი. ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი პასუხი სიცრუის პროპაგანდისტებისთვის, რომლებიც მონდომებით ამკვიდრებენ ცრუ წარმოდგენას, თითქოს ჩვენს იდენტობას, მემკვიდრეობასა და ტრადიციებს არა რუსეთი, არამედ ევროპა ემუქრება. აქ არ შევჩერდეთ იმაზე, თუ რაოდენ დიდი დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მოვლაში. გავიხსენოთ, ვინ ანგრევდა ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას. ბევრს გადაავიწყდა, რომ 1991 წლის 11 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცებმა ქარელის რაიონის სოფელ დვანში წმინდა სამებისა და წმინდა გიორგის უძველესი ტაძრები გადაწვეს.

ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან ორი დღე იყო გასული. დვანში მომხდართან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვსა და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრ პუგოს მიმართა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ:

„სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილებმა, რომლებიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არიან შემოყვანილი საქართველოში, კერძოდ სამაჩაბლოში, განსაკუთრებით გაააქტიურეს საომარი მოქმედებები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. დღეს, როდესაც თვით კომუნისტური იდეოლოგიაც კი აღარ უარყოფს რელიგიის აუცილებლობას პიროვნების სულიერი ჰარმონიის ფორმირებისთვის, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები და საბჭოთა არმია სჩადიან ანტიჰუმანურ და მკრეხელურ ვანდალიზმის აქტებს.“
გორბაჩოვისადმი თავის მიმართვაში ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა, რომ ქარელის რაიონის სოფელ დვანში შეჭრილმა საბჭოთა შინაგანი ჯარის წარმომადგენლებმა, წმინდა გიორგისა და წმინდა სამების ეკლესიები სამეთვალყურეო პუნქტის გაუქმების საბაბით გადაწვეს. ამ ვანდალიზმს საქართველოს ისტორიის მოსპობის მცდელობად აფასებდა და ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორიიდან საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა.

იმის გამო, რომ საქმე უკიდურესად სენსიტიურ ფაქტს — უძველესი ტაძრების გადაწვას — ეხებოდა, საქართველოს პროტესტი მხოლოდ გამსახურდიას ღია წერილით არ შემოფარგლულა. იმდროინდელმა პრესამ შემოგვინახა საქართველოს მწერალთა კავშირის ორი ღია მიმართვა: ერთი რომის პაპ იოანე პავლე მეორისადმი, მეორე კი რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორისადმი.
რომის პაპისადმი მიმართვა ასე იწყებოდა:

„თქვენო უწმინდესობავ!
მოგმართავთ თქვენ, რადგან საბჭოთა კავშირში, რომელსაც სათავეში უდგას ‘გამოჩენილი’ კომუნისტი მიხეილ გორბაჩოვი, სამართალი ვერ ვიპოვეთ.“
მიმართვაში აღწერილი იყო მეთოდები, რომლითაც კრემლი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას უპირისპირდებოდა, მათ შორის ეთნოკონფლიქტების წახალისება.
„შემზარავი ფაქტები ერთმანეთს ემატებოდა, მაგრამ ამ დღეებში მომხდარს სახელს ვერ მოუნახავს ცივილიზებული სამყარო. 11 აპრილს, დილის ხუთ საათზე, სოფელ დვანში შეიჭრა საგანგებო სადამსჯელო ჯარის 12 ჯავშანტრანსპორტიორი და დაწვეს ორი ეკლესია — წმინდა გიორგისა და წმინდა სამების. იქ ჩადენილ სხვა ბოროტებებზე აღარაფერს ვამბობთ. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც 9 აპრილს ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა პირველმა კანონიერ პარლამენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
თქვენი უწმინდესობავ, დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ, ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, სათანადოდ შეაფასებთ ამ გაუგონარ დანაშაულს ხალხისა და ღმერთის წინაშე. გვჯერა, მხარში ამოუდგებით მცირერიცხოვან ქართველ ხალხს და მის თავისუფლებას უზენაეს ღმერთს შეავედრებთ.“

ქართველი მწერლების მიმართვიდან ამონარიდი რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორისადმი:
„ვინაიდან დაპყრობილი ქართველი ერის კანონიერ სურვილს — მოიპოვოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება — კრემლი და მისი დღევანდელი „ბელადი“ ხმალამოღებული, ზიზღითა და ბოღმით ავსებული ხვდება, იქნებ თქვენ მაინც, ქრისტიანული სამყაროსა და ქრისტეს სჯულის ერთ-ერთმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ღმერთისა და კაცობრიობის წინაშე სწორად განსაჯოთ საქმის ჭეშმარიტი არსი და მიიღოთ სათანადო ზომები იქ, სადაც საბჭოთა მთავრობისა და საბჭოთა ჯარის გამიზნული მკრეხელური ქმედება ამას იმსახურებს.“
რუსეთის პატრიარქს ქართველი მწერლების 1991 წლის 12 აპრილის მიმართვაზე რეაგირება არ მოუხდენია.1991 წლის მაისის შუა რიცხვებში კი საქართველოში რომის პაპის წარმომადგენელი ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. ამ შეხვედრების შესახებ საინტერესო ცნობები შემოგვინახა 1991 წლის 16 მაისის გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“. გამოცემის ცნობით, სტუმარმა ზვიად გამსახურდიას იოანე პავლე მეორის მედალი გადასცა, ხოლო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა შეხვედრისას გამოხატა უდიდესი პატივისცემა რომის პაპის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა აღევლინა ლოცვა საქართველოსა და მისი კეთილი მომავლისთვის.
01/07/2026