საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიას უნდა დაემტკიცებინა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიზნად ისახავდა ერთიანი, ენობრივად ჰომოგენური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. საბჭოთა ხელმძღვანელობა მაშინ ამ გზით ცდილობდა რესპუბლიკების თანდათან გარუსებას. ვიხსენებთ, 1978 წლის 14 აპრილს როგორ გადარჩა ქართული ენის სტატუსი.
1978 წელს ქართველი ემიგრანტების მიერ გამოცემულ ჟურნალში 14 აპრილი 26 მაისთან ერთად არის მოხსენიებული. იქვე დაბეჭდილია უცნობი ავტორის ლექსი, რომელიც გამოხატავს აღფრთოვანებას ქართული ენის სტატუსის გადარჩენის მიზნით თბილისში ჩატარებული მასშტაბური მანიფესტაციით:
„გაცოცხლა მიწა ქართული
მათგან ფეხდანაბიჯები,
სიკვდილს შეპირდნენ და მაინც,
მაინც მოვიდნენ ბიჭები.
ცეცხლის დუღაბად დარჩება
მათგან ფეხდანაბიჯები,
სიკვდილს შეპირდნენ და მაინც
მაინც მოვიდნენ ბიჭები.“
ესეც ამავე გამოცემაში მოყვანილი საინტერესო ცნობა:
„14 აპრილს თბილისში გამართული მანიფესტაცია მასშტაბური იყო, მის ბირთვს უნივერსიტეტის სტუდენტობა წარმოადგენდა. რუსთაველის პროსპექტისკენ სტუდენტებს პროფესორ-მასწავლებლები მიუძღოდნენ, აკადემიკოს აკაკი შანიძის მეთაურობით.“
ისტორიული კონტექსტის გასააზრებლად მნიშვნელოვანია ერთი ეპიზოდი დიდი ტერორის პერიოდიდან: ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ მოწყობილ ე.წ. „ბოლშევიკურ სასამართლოზე“ აკაკი შანიძემ განაცხადა — „მე ის კაცი არ ვარ, ვინც კარიერას ივანე ჯავახიშვილის ჩაწიხვლით გაიკეთებსო“.

1978 წელს სწორედ აკაკი შანიძე ჩაუდგა სათავეში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მსვლელობას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის რუსულით ჩანაცვლების დაუშვებლობას.
მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის მოგონება:
„14 აპრილს გამთენიისას თბილისში ტანკები იდგა. არავინ შეეკითხებოდა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, გინდა თუ არა მათი გამოყენება — ეს გადაწყვეტილება ავტომატურად მოსკოვში მიიღებოდა.“

მოსკოვის პოზიცია მკაფიო იყო: ერთიანი საბჭოთა სახელმწიფოს განმტკიცების მთავარ ინსტრუმენტად ენა განიხილებოდა. ენობრივი ერთგვაროვნების მიღწევა მთელს სსრკ -ში მიზნად ისახავდა ისეთი სისტემის შექმნას, სადაც დომინანტური რუსული ენა და კულტურა იქნებოდა.
კონსტიტუციის პროექტი ფორმალურად საერთო სახალხო განხილვაზე იყო გამოტანილი. საბჭოთა პრაქტიკაში ეს, როგორც წესი, მხოლოდ ფორმალურ თანხმობას გულისხმობდა. მიუხედავად ამისა, 75-ე მუხლმა, რომელიც ენის საკითხს ეხებოდა, რეალური წინააღმდეგობა გამოიწვია და „ერთსულოვანი მხარდაჭერა“ ვერ მიიღო.

ალბათ, საინტერესოა, საქართველოში თუ არსებობდნენ ამ მუხლის მხარდამჭერები? ისინი, ვინც დანახმა იყვნენ ქართული ენა მეორეხარისხოვან ენად გამოცხადებულიყო რუსულის შემდეგ. ასეთები იყვნენ კომუნისტურ პარტიაში, რომელმაც 12 წლის შემდეგ, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოაცხადა.
1978 წლის 14 აპრილს ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გავიდა, სესიაზე კი განაცხადა, რომ 75-ე მუხლთან დაკავშირებით ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის შესწავლა მუშებს, კოლმეურნეებს, ინტელიგენციასა და სტუდენტებს შორის და საბოლოოდ გაკეთდა დასკვნა — მიზანშეწონილია კონსტიტუციის ძველი ფორმულირების შენარჩუნება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ენა ქართული რჩებოდა.
ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის გადაწყვეტილებასა და ხალხთან გამოსვლას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც საზოგადოების, განსაკუთრებით კი სტუდენტობის გამბედაობა და სამოქალაქო აქტიურობა იყო. აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში არავინ იცოდა, უპასუხებდა თუ არა საბჭოთა ხელისუფლება ამ გამოსვლას სასტიკი რეპრესიული ზომებით.
03/20/2026