საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გასული საუკუნის დასაწყისში კაცობრიობა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოწვევას — ე.წ. ესპანური გრიპის პანდემიას შეეჯახა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ შეზღუდული რესურსების და სხვა ბევრი მძიმე გამოწვევის პირობებში შეძლო დიდ უბედურებაზე ორგანიზებული და პროგრესული რეაგირება, რამაც რეგიონთან შედარებით საქართველოში შედარებით დაბალი მსხვერპლი განაპირობა.
ვაქცინაციით და იმ დროის თანამედროვე სამედიცინო მიდგომებით ვირუსის დამარცხება შეუძლებელი იყო. ადამიანებს საკუთარი სიცოცხლის დასაცავად მხოლოდ სამი გზა ჰქონდათ — დისციპლინა, ჰიგიენა და იზოლაცია. ვირუსის სწრაფ გავრცელებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს პირველი მსოფლიო ომის თანმდევი პროცესები: ჯარების მასობრივი გადაადგილება და ლტოლვილთა ნაკადები. საქართველოში ”ესპანური გრიპის“ პარალელურად მძიმე ინფექციებიც ფეთქდებოდა — ტიფი, ქოლერა, ტუბერკულოზი...
სამედიცინო საზოგადოება
1918–21 წლებში საქართველოს ბევრი გმირი ჰყავდა. მაგრამ ესენი არ იყვნენ მარტო ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულები. თანამოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად პანდემიასა და ეპიდემიებთან ბრძოლაში ჩართული ექიმები და ექთნებიც გმირები იყვნენ.

მათ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოლეს სხვათა გადასარჩენად. რამდენად მაღალი იყო რისკი სამედიცინო პერსონალისთვის, ამას დამფუძნებელ კრებაში მიღებული კანონი მოწმობს:
„ყოველს ექიმს, რომელიც მთავრობის მიერ გაგზავნილი იქნება ეპიდემიასთან საბრძოლველად და თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულების გამო შრომის უნარს სრულიად დაჰკარგავს ეპიდემიასთან ბრძოლის დროს, და აგრეთვე ექიმის ოჯახობას, თუ ოჯახის მარჩენალი დაიღუპება, მიეცეს ერთდროული დახმარება თხუთმეტი ათასი მანეთი. ფერშლებს კი 10 000 მან.“

მოწინავე ექიმები ადამიანების მკურნალობის პარალელურად სარედაქციო საქმიანობაში იყვნენ ჩაბმულნი და აქტიურად წერდნენ სამედიცინო სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე, მათ შორის მოსახლეობაში ცრურწმენის პრობლემაზე, რაც ხშირად ხელს უშლიდა დროულ მკურნალობას. 1918–21 წლებში გამოდიოდა სამედიცინო დანიშნულების ჟურნალი „ექიმი,“ საიდანაც ექიმები ხალხს აწვდიდნენ ვირუსებისგან და ინფექციებისგან თავდასაცავად საჭირო ინფორმაციას.

„ჩვენ დავისახეთ სამება: მეცნიერება, საქართველოს მცხოვრებთა გაჯანსაღება და ამ დიად იდეათა სამსახურისთვის საქართველოს ექიმების გაერთიანება. ბედნიერ დროს იშვა ჩვენი „ექიმი.“ მეცნიერების გაუქრობელმა ლამპარმა იწყო ციმციმი, დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტი და სხვა ფაკულტეტებს შორის საბუნებისმეტყველო და საექიმო.“
ამას ჟურნალ „ექიმის“ პირველი ნომერის პირველ გვერდზე წერდა რედაქტორი სპირიდონ ვირსალაძე. ის იყო მეცნიერული თერაპიის და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1919 წელს აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ, მაგრამ დავრუბრუნდეთ „უხილავ მტერთან“ ბრძოლას საქართველოს პირველ რესპუბლიკაში.

ქალაქის თვითმმართველობა მოსახლეობას მოუწოდებდა:
„ა. დაიცავით საერთო სისუფთავე თქვენს ბინებში.
ბ. არ დალიოთ გადადუღებული წყალი.
გ. დაიცავით საჭმელ-სასმელი ბუზებისაგან.
დ. ერიდეთ ხილს, ნამეტურ ყურძენსა და ლეღვს, რომელთა გასუფთავება შეუძლებელია.
ე. აიცერით ქოლერის საწინააღმდეგოდ.“
ქალაქში თავმოყრილი ლტლოვილები სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ მოაქციეს. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დაიწეს იატაკისა და სკამების დამუშავება საპონ-ნავთით. თბილისში მეტად პოპულარული კინოთეატრებიც დაკეტეს. შენობებში დეზინფექცია ჩაატარეს და მხოლოდ სანიტარული შემოწმების შემდეგ გასცეს გახსნის ნებართვა.
თბილისში დაიწყო აბანოების მკაცრი კონტროლი. პარალელურად, აბანოებში ვიზიტისთვის უფასო ბილეთები დაურიგეს ღარიბებს. ქალაქის თვითმმართველობა მოსახლეობას ეხმარებოდა, რათა რამენაირად დაეცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები: გაიხსნა სამრეცხაოები, დაიწყო ტრამვაის ვაგონების დეზინფექცია და მგზავრობისას გადატვირთულობის შეზღუდვა. მკაცრი კონტროლი დაწესდა სადალაქოებსა და თავშეყრის სხვა ადგილებზე, ღარიბებს უფასოდ დაურიგდა საპნები.


ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა დამატებითი სამკურნალო დაწესებულებები, მათ შორის უფასო განყოფილებები ღარიბებისთვის. ეტაპობრივად მოწესრიგდა წამლებით მომარაგების სფერო. დამოუკიდებელ საქართველოში ევროპიდან დაბრუნდნენ იქ განათლება მიღებული ექიმები და შემოიტანეს ევროპული ცოდნა და მიდგომები.
„ესპანურ გრიპთან“ და ქოლერასთან ბრძოლაში მთავრობასთან, თვითმმართველობებთან და სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მაშინდელი მრავალფეროვანი პრესაც. აქედან ხდებოდა მოსახლეობის ინფორმირება.
უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რაც პირველ რესპუბლიკას ძველი დროებისგან მემკვიდრეობად ერგო, მალე ვერ დაიძლეოდა, მაგრამ განათლებაზე ორიენტირებული, პროგრესული მიდგომების ხელისუფლების მცდელობებმა სიცოცხლისთვის ასე საშიში პრობლემები (პანდემიას და ეპიდემიებს ვგულისხმობ) გარკვეულწილად შეაკავა.

1918–21 წლების ეს მონაპოვარი, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი, წყალში ჩაყარა საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ. საოკუპაციო წითელი არმია საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში შემოვიდა არა მარტო საძარცვავად და ასაოხრებლად, თან შემოიტანა იმ დროს გავრცელებული ინფექციები. თან, ოკუპაციის პირველ დღეებში რუსმა დამპყრობლებმა თბილისის აფთიაქებიც გაძარცვეს და აქედან რუსეთში მატარებლით გააგზავნეს წამლების მთელი მარაგი.
ოკუპაციას ახლდა არა მარტო ტერორი და ქაოსი, ასევე: ხალხის უკიდურესი გაღატაკება, უწამლობა და ეპიდემიების მთელი სიმძლავრით აფეთქება. წითელ არმიას შემძღოლილი ქართველი ბოლშევიკები კი გაიძახოდნენ — „მშვიდობა“ მოვიტანეთო.
ეს სტატია იყო გამოცდილებაზე, რომელიც გვიყვება - რა შეუძლია ენთუზიაზმს, პროფესიონალიზმს, პრობლემისადმი პასუხისმგებლიან, პროგრესულ მიდგომებს ყველაზე მძიმე და უსახსრო დროშიც კი და რა მოაქვს „მშვიდობის“ ლოზუნგს ამოფარებულ რუსულ ოკუპაციას.

04/30/2026