Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ვირუსების სეზონზე? - მაია ხერხეულიძე გვირჩევს

როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ვირუსების სეზონზე? - მაია ხერხეულიძე გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

შემოდგომისა და ზამთრის სეზონი ვირუსული ინფექციების გაძლიერების პერიოდად მიიჩნევა. მშობლების დიდი ნაწილი ცდილობს ბავშვი ამ პერიოდისთვის მოამზადოს, მისი იმუნიტეტი გააძლიეროს და ასე დაიცვას ინფექციებისაგან.

იმუნიტეტი

როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი და რა უნდა იცოდეს მშობელმა? - ამ კითხვებით zmna.ge პედიატრ მაია ხერხეულიძეს დაუკავშირდა და მის რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

“იმუნიტეტის გაძლიერებას ნებისმიერი ასაკის ადამიანში და განსაკუთრებით ბავშვებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან ბავშვებში იმუნური სისტემა სრულად ჩამოყალიბებული არ არის, მათი დაავადებებისაგან დაცვა კარგად ვერ ხერხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზრუნვა იმაზე, რომ იმუნიტეტი გავაძლიეროთ, ბავშვი გავაკაჟოთ და ასე დავიცვათ იგი ინფექციებისგან.

იმუნიტეტი

ამ თვალსაზრისით საუკეთესო, რა თქმა უნდა, ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებია.

არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იმუნიტეტის გაძლიერებისათვის ვაქცინაციაა. ეს შეიძლება ბუნებრივ გზად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ როდესაც დასუსტებული კომპონენტი შეჰყავთ ორგანიზმში და მის საწინააღმდეგოდ ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს იმუნურ დაცვას, ესეც ბუნებრივი გზაა.

ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით ბავშვებში ცხოვრების ჯანსაღ წესს და ადეკვატურ კვებას.

სხვათა შორის ბავშვის იმუნიტეტის ფორმირება მშობიარობის პროცესშივე იწყება.

ბავშვი

დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ფიზიოლოგიური გზით იბადებიან, გაცილებით ჯანმრთელები არიან. მათი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განსხვავებული მიკრობების გამრავლება ხდება. ეს მიკრობები ხელს უწყობენ იმუნიტეტის ფორმირებას, ვინაიდან იმუნური უჯრედების უდიდესი ნაწილი სწორედ კუჭ-ნაწლავშია წარმოდგენილი.

იმუნიტეტის შემდეგი, ყველაზე მძლავრი სტიმულატორი ეს არის ძუძუთი კვება. დედის რძე შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას - ანტისხეულებს, ლიმფოციტებს, მაკროფაგებს, რომელიც აუცილებელია ბავშვის დასაცავად სხვადასხვა დაავადებისაგან. ამის გარდა დედის რძეში შემავალი ნივთიერებები, იმუნური სისტემის სტიმულაციას ახდენენ.

ხილი

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიტამინებით, მინერალებით და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები.

იმუნური სისტემის კარგად ფორმირებისთვის უამრავი სხვადასხვა კომპონენტია საჭირო. აქედან გამომდინარე ის საკვები, რომელიც ვიტამინებით და მინერალებითაა მდიდარია, ბავშვის გაკაჟებისა და და მისი იმუნური სისტემის გამართულად იფუნქციონირებისათვის აუცილებელია.

საბედნიეროდ საქართველოში უხვად გვაქვს ხილი და ბოსტნეული, რომელიც საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

თაფლი

ასევე ძალიან სასარგებლოა თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტები, როგორებიცაა პროპოლისი, ფუტკრის რძე და ასე შემდეგ.

შეიძლება ვთქვათ, რომ თაფლი აბსოლუტურად უნიკალური პროდუქტია. ნატურალური თაფლი აერთიანებს ყველა ვიტამინს და მიკროელემენტს, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება.

აქვე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ წლამდე ასაკში თაფლია არ გამოიყენება. ის იმ რამდენიმე საკვებს მიეკუთვნება, რომლის გამოყენებაც ბავშვთა ასაკში იკრძალება.

საურველია თაფლი კვებით რაციონში 1 წლის ასაკის შემდეგ ჩავრთოთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ის ალერგიული პროდუქტია და ბავშვს თავდაპირველად შეჩვევის გზით, მცირე რაოდენობით უნდა მივაწოდოთ. ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი თაფლი არის ის დოზა, რომელიც შეგვიძლია თავდაპირველად გამოვიყენოთ.

ბავშვები

ანუ, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰაერზე ყოფნა (მათ შორის ზამთარშიც), ძუძუთი კვება, ვიტამინებით მდიდარი საკვები ჩვენი შვილების იმუნიტეტს გააძლიერებს და სეზონურ ვირუსებთან ბრძოლას გაუადვილებს.“

ავტორი: ზმნა

10/28/2025

ბავშვებიიმუნიტეტიმაია ხერხეულიძეპედიატრირჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024