
09/11/2026
შემოდგომისა და ზამთრის სეზონი ვირუსული ინფექციების გააქტიურების პერიოდად მიიჩნევა.
მშობლების დიდი ნაწილი ცდილობს, ბავშვი ამ პერიოდისთვის მოამზადოს, მისი იმუნიტეტი გააძლიეროს და ამ გზით ინფექციებისგან დაიცვას.

როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი, რა როლი აქვს ვაქცინაციას, კვებას, რომელი პროდუქტები შეიძლება იყოს სასარგებლო და რა უნდა იცოდეს მშობელმა? - ამ კითხვებით zmna.ge პედიატრ მაია ხერხეულიძეს დაუკავშირდა.
- რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა?
იმუნიტეტის გაძლიერებას ნებისმიერი ასაკის ადამიანში და განსაკუთრებით ბავშვებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვინაიდან ბავშვებში იმუნური სისტემა სრულად ჩამოყალიბებული არ არის, მათი დაავადებებისაგან დაცვა კარგად ვერ ხერხდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ზრუნვა იმაზე, რომ იმუნიტეტი გავაძლიეროთ, ბავშვი გავაკაჟოთ და ასე დავიცვათ იგი ინფექციებისგან. ამ თვალსაზრისით საუკეთესო, რა თქმა უნდა, ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებია.
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის იმუნიტეტის ფორმირებისა და ინფექციებისგან დაცვისთვის?
არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ვაქცინაციაა. ეს შეიძლება ბუნებრივ გზად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ როდესაც დასუსტებული კომპონენტი შეჰყავთ ორგანიზმში და მის საწინააღმდეგოდ ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს იმუნურ დაცვას, ესეც ბუნებრივი გზაა.
ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით ბავშვებში ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ადეკვატურ კვებას.
- როდის იწყება ბავშვის იმუნური სისტემის ფორმირება და რა როლი აქვს ამ პროცესში ძუძუთი კვებას?
ბავშვის იმუნიტეტის ფორმირება მშობიარობის პროცესშივე იწყება.

დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ფიზიოლოგიური გზით იბადებიან, გაცილებით ჯანმრთელები არიან. მათი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განსხვავებული მიკრობების გამრავლება ხდება. ეს მიკრობები ხელს უწყობენ იმუნიტეტის ფორმირებას, ვინაიდან იმუნური უჯრედების უდიდესი ნაწილი სწორედ კუჭ-ნაწლავშია წარმოდგენილი.
იმუნიტეტის შემდეგი, ყველაზე მძლავრი სტიმულატორი ძუძუთი კვებაა. დედის რძე შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას - ანტისხეულებს, ლიმფოციტებს, მაკროფაგებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის სხვადასხვა დაავადებისგან დასაცავად. დედის რძეში შემავალი ნივთიერებები იმუნური სისტემის სტიმულაციას ახდენენ.
- რა მნიშვნელობა აქვს კვებას და რომელი პროდუქტებია განსაკუთრებით სასარგებლო?
ბავშვის კვებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები.
იმუნური სისტემის კარგად ფორმირებისთვის უამრავი სხვადასხვა კომპონენტია საჭირო. აქედან გამომდინარე, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები ბავშვის გაკაჟებისა და მისი იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

საბედნიეროდ, საქართველოში უხვად გვაქვს ხილი და ბოსტნეული, რომელიც საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
ასევე ძალიან სასარგებლოა თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტები, როგორებიცაა პროპოლისი, ფუტკრის რძე და ასე შემდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ თაფლი აბსოლუტურად უნიკალური პროდუქტია. ნატურალური თაფლი აერთიანებს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება.
- რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის თაფლის მიცემა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?
აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ წლამდე ასაკში თაფლი არ გამოიყენება. ის იმ რამდენიმე საკვებს მიეკუთვნება, რომლის გამოყენებაც ბავშვთა ასაკში იკრძალება.

სასურველია, თაფლი კვებით რაციონში 1 წლის ასაკის შემდეგ ჩავრთოთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ის ალერგიული პროდუქტია და ბავშვს თავდაპირველად მცირე რაოდენობით უნდა მივაწოდოთ. ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი თაფლი არის ის დოზა, რომელიც შეგვიძლია თავდაპირველად გამოვიყენოთ.

- როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ვირუსების სეზონზე?
ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰაერზე ყოფნა (მათ შორის ზამთარშიც), ვიტამინებით მდიდარი საკვები და ძუძუთი კვება ჩვენი შვილების იმუნიტეტს გააძლიერებს და სეზონურ ვირუსებთან ბრძოლას გაუადვილებს.
გააზიარე სტატია