Logo

როგორ გვიყვება ბავშვი საკუთარ ემოციებზე, როცა სიტყვები არ ჰყოფნის? - ფსიქოთერაპევტი თერაპიის საინტერესო მეთოდზე

როგორ გვიყვება ბავშვი საკუთარ ემოციებზე, როცა სიტყვები არ ჰყოფნის? - ფსიქოთერაპევტი თერაპიის საინტერესო მეთოდზე

10/14/2026

ტექსტის ზომა

ბავშვებს ხშირად უჭირთ იმის ახსნა, რას გრძნობენ, რა აშინებთ, რა იწვევს მათ ბრაზს ან შფოთვას. ზოგჯერ მათ თავადაც არ იციან, როგორ დაარქვან სახელი საკუთარ განცდებს. თუმცა ის, რისი სიტყვებით გამოხატვაც რთულია, შესაძლოა თამაშში, ნახატში, ფერებსა თუ სხვა შემოქმედებით აქტივობაში გამოიკვეთოს.

სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ბავშვებთან ფსიქოთერაპიული მუშაობის ერთ-ერთი მიდგომა ვაიოლეტ ოკლანდერის თამაშზე დაფუძნებული გეშტალტთერაპია.

ფსიქოთერაპევტი ჯაბა ენდრიხი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამ მეთოდის თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს.

ჯაბა ენდრიხი

„დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო და ძლიერ მეთოდზე, რომელიც ვაიოლეტ ოკლანდერმა შექმნა. ეს არის ბავშვთა და მოზარდთა თამაშზე დაფუძნებული გეშტალტთერაპია.

ვაიოლეტ ოკლანდერის მეთოდი გეშტალტთერაპიის პრინციპებს ეფუძნება და ბავშვებთან მუშაობისას მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს.

ბავშვისთვის საკუთარი განცდების, ბრაზის, შიშების, სურვილებისა და შინაგანი კონფლიქტების სიტყვებით გამოხატვა ყოველთვის ადვილი არ არის. ამიტომ თერაპიული პროცესი შეიძლება დაეყრდნოს ბავშვისთვის ბუნებრივ ენას - თამაშს, ხატვას, ძერწვას, ფერებსა და მოძრაობას.

თერაპია

ოკლანდერის მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ბავშვის გამოცდილების მიღება და მისი სამყაროსადმი ინტერესის გამოხატვა შეფასებისა და განსჯის გარეშე.

თერაპევტი ცდილობს, ბავშვს დაეხმაროს:

  • საკუთარი ემოციებისა და შეგრძნებების გაცნობიერებაში;
  • განცდებისთვის სახელის დარქმევასა და მათ გამოხატვაში;
  • საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების აღმოჩენაში;
  • თვითშეფასებისა და საკუთარი თავის რწმენის გაძლიერებაში;
  • შინაგანი რესურსების აღმოჩენასა და განვითარებაში;
  • რთული გამოცდილებების უსაფრთხო გარემოში შესწავლასა და დამუშავებაში.

თერაპიული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თავად პროცესს - როგორ ირჩევს ბავშვი ფერს, როგორ ეხება მასალას, როგორ ქმნის, რას ცვლის, რას გრძნობს და რა მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ ნამუშევარს.

თერაპია

ამიტომ ოკლანდერის მიდგომაში ყურადღება ექცევა არა საბოლოო პროდუქტს, არამედ ბავშვის გამოცდილებას შემოქმედებითი პროცესის განმავლობაში.

ზოგჯერ ბავშვის ნამუშევარი ხიდი ხდება მის შინაგან სამყაროსა და თერაპევტს შორის. სწორედ ამ სივრცეში თამაშში, შემოქმედებაში, ექსპერიმენტსა და უსაფრთხო კონტაქტში, ბავშვს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა, უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი და საკუთარი გამოცდილება.

თერაპია

ბავშვის მოსმენა ყოველთვის სიტყვებით არ იწყება. ზოგჯერ ის იწყება იმით, რომ მის მიერ შექმნილ სამყაროსთან ერთად ვჩერდებით და ვაკვირდებით.

თქვენი აზრით, რას გვეუბნება ბავშვი მაშინ, როცა საკუთარ ემოციებზე საუბარი უჭირს?“ — წერს ფსიქოთერაპევტი ჯაბა ენდრიხი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

არტთერაპიაბავშვიგამოხატვაფსიქოთერაპევტიჯაბა ენდრიხი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026