Logo

ჩვენი ისტორია

როგორ იქცა მშობლებზე გაბრაზებული ქართველი ბიჭი კრემლის პროპაგანდის იარაღად

როგორ იქცა მშობლებზე გაბრაზებული ქართველი ბიჭი კრემლის პროპაგანდის იარაღად

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კარგა ხნის წინ, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცის საოჯახო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა ტელევიზიამ გაარჩია და მთელ ქვეყანას მოსდო. ახალგაზრდას ლევანი ერქვა და ბათუმიდან იყო. მას შეყვარებია რუსეთიდან ბათუმში ჩასული გოგო და მისი ცოლად შერთვა განუზრახავს, მშობლებს კი დაუშლიათ ახლად გაცნობილ რუს გოგოზე დაქორწინება. რატომ და რა მიზნით აიტაცა მოსკოვის ყველაზე ძლიერმა პროპაგნადისტულმა იარაღმა ეს ამბავი და როგორ უპასუხა ამ პროვოკაციას ქართველმა პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ, დღეს საინტერესო გასახსენებლია.

ტარიელ ჭანტურია

არ ვიცი, რანაირად მოხვდა მშობლებზე გაბრაზებული ბათუმელი ბიჭი მოსკოვში, პირდაპირ მაშინდელი ცენტრალური ტელევიზიის პოპულარულ გადაცემა „ვზგლიადში,“ მაგრამ მოხვდა. თავად ვერ მიაგნებდა, ალბათ აქეთ მიაგნეს. თავისთავად, „ვზგლიადი“ საქართველოს ამბებისა და ქართული თემების მტრული გაშუქებით გამოირჩეოდა.

ვზგლიადი

1989 წლის 9 აპრილის შემდგომი პერიოდი იყო. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მხარდამხარ, საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. კრემლი ყველანაირად ცდილობდა ამ ბრძოლის ჩახშობას და რადგან საბჭოთა პროპაგანდა მისი მძლავრი იარაღი იყო, პროპაგანდამ გადაწყვიტა, ერთი ქართული ოჯახის უთანხმოების მაგალითზე, ქართველები პრიმიტიულ შოვინისტებად გამოვეყვანეთ. „ვზგლიადმა“ ფართოდ გააშუქა ბათუმელი ლევანის კონფლიქტი მშობლებთან, რომლებიც რუს გოგოზე დაქორწინებაში შეეწინააღმდგნენ, მოგვიანებით კი, ამ ფაქტს ჩვენი შესანიშნავი პოეტი, ტარიელ ჭანტურია გამოეხმაურა წერილით „ვიდეო-ვენდეტა.“ ამ წერილში მოთხრობილის თანახმად, „ვზგლიადის“ ეთერში, „დამწყებ რენეგატს“ უგინებია დედ-მამა და სამშობლო, ამის შემდეგ კი, „ქართული საქმეების“ ცნობილ „ექსპერტს“, ცვეტოვს, დასკვნა დაუდია: ქართველებს ინტერნაციონალიზმზე ლაპარაკი კი უყვართ, სინამდვილეში პირწავარდნილი ნაციონალისტები და ქსენოფობები არიანო. ქართველთმოძულე ამ რუსი „ექსპერტისთვის“ პასუხის გასაცემად ტარიელ ჭანტურიამ სიყვარულის ორი ისტორია გაიხსენა:

„პირველი: გაიგო თუ არა, რომ რუსი პოეტი ალექსანდრ გრიბოედოვი მისი მშვენიერი ქალის ხელს თხოულობდა, გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა, ალექსანდრე ჭავჭავაძემ სულითა და გულით დალოცა შეყვარებულები და საქორწილო სამზადისი ბრძანა.

ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭაავჭავაძეალექსანდრე ჭავჭავაძე

მეორე: გაიგო თუ არა, რომ მისი ვაჟი ანდრეი ქართველი ქალის შერთვას აპირებდა, დიდმა რუსმა მწერალმა და მორალისტმა, „აღდგომის“ ავტორმა ლევ ტოლსტოიმ ქოში უკუღმა ყარა და იმდენი ქნა, საქორწილოდ გამზადებული წყვილი უღმერთოდ გაჰყარა. როგორც გინდა, გაამტყუნე! როცა საქმე საკუთარ სისხლსა და ხორცზე მიდგა, თვით გენიალური ტოლსტოიც, მხოლოდ და მხოლოდ მამაა და ისიც აძლევს თავს ზოგჯერ ამგვარ უფლებას - აქვს მასაც ასეთი ადამიანური თუ ტრადიციით ნაბოძები სისუსტეები. თვით ტოლსტოის მაგალითის განზოგადებაც არ შეიძლება! მით უმეტეს, არ შეიძლება ერთი პროვინციელი, უბირი ცოლ-ქმრის მაგალითის განზოგადება, რომლებიც გაგიჟდნენ და გადაირივნენ და ისე მოიქცნენ, როგორც ლევ ტოლსტოი. არც ერთ ქართველს აზრად არ მოსვლია ემტკიცებინა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე ლევ ტოლსტოიზე კარგი კაცია, თუმცა, თუ ცვეტოვის პოზიციაზე დავდგებით, მოხმობილი მაგალითის მიხედვი, სხვაგვარი დასკვნის გაკეთება გაჭირდებოდა.“

ლევ ტოლსტოი

ცნობილი და ტრაგიკული ისტორია

გენიალური რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის ვაჟის, ანდრეის მოგზაურობა საქართველოში და მისი შეხვედრა ელენე გურიელთან, ელენესთვის საბედისწერო აღმოჩნდა. თავად კონსტანტინე გურიელის მშვენიერი ასული ანდრეიმ ბათუმში გაიცნო და რამდენიმე დღეში ცოლობა სთხოვა. ქალი დათანხმდა, ანდრეიმ ქორწინება ელენეს ოჯახთანაც შეათანხმა, რის შემდეგაც რუსეთში გაბრუნდა პირობით, რომ ახლა საკუთარ მშობლებს მოელაპარაკებოდა და ქორწილისთვის უკან დაბრუნდებოდა. წავიდა და მალევე ელენემ მიიღო წერილი: ნუღარ დამელოდები, ცოლად სხვას ვირთავო. ამაყმა ქალმა თავის მოკვლა სცადა, რევოლვერიდან ტყვია დაიხალა, გადარჩა, მაგრამ ლოგინს მიჯაჭვულმა მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა.

ელენე გურიელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა მოსკოვში ჩასულ ნინო ნაკაშიძესთან შეხვედრისას (ანდრეი ტოლსტოის საქართველოში სწორედ ნაკაშიძეები მასპინძლობდნენ), ლევ ტოლსტოის ცოლს ელენე მოუკითხავს და იქვე დაუყოლებია: „ამბობენ, ლამაზი და საუცხოო ქალია, და მერე რა ჰპოვა ჩემს შვილში, რომ მისი გულისთვის თავს იკლავდა? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ქარაფშუტაა ჩემი შვილი“.

ელენე გურიელიანდრეი ტოლსტოი

რისი გულისთვის? როგორც ჩანს, ეს მაშინ თვით ლევ ტოლსტოის ოჯახშიც გაუგებარი დარჩა. არადა, 1898 წლის ზაფხულში, საქართველოში დანიშნული ქორწილი რომ შემდგარიყო, ქარაფშუტა ანდრეისა და მშვენიერი ელენეს სიყვარულის ისტორია, ალბათ, „ერთმორწმუნე“ ქართველი და რუსი ხალხის ვითომდაც „ორმხრივი სიყვარულის“ კიდევ ერთ დიდ სიმბოლოდ გადაიქცეოდა.

მაგრამ, პოლიტიკა და პროპაგანდა სიყვარულთან მაინც უხერხული სახსენებელია. რა ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ, გრძნობას, ტკივილს და სიყვარულს ხომ არც პასპორტი აქვს და არც ეროვნება.

ავტორი: ელენე ლომთაძე

08/03/2026

ვზგლიადი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024