
09/11/2026
75 წლის კოტე ყუბანეიშვილმა პოდკასტ UG Art-ში სტუმრობისას თავის განვლილ გზაზე ისაუბრა. პოეტმა გაიხსენა, როგორ შეიქმნა რეაქტიული კლუბი, როგორ იღებდა მას საზოგადოება, ვინ უპირისპირდებოდა და ასე შემდეგ.
ესეც პოეტის საუბრის ამონარიდი, სადაც ის პატრიარქზე, ბიძინა ივანიშვილზე და თავის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
კოტე ყუბანეიშვილი: გაგვიმართლა, რომ ილია მეორეს მსგავსი ტიპი გამოჩნდა, განათლებული. ეპისტოლეებში ლაო ძი და უპანიშადები შემოაპარა. კითხულობდა, ხან ხატავდა, ხან მუსიკას წერდა... როგორ არ ვიცნობდი. არ იყო ცუდი კაცი. ერთხელ მითხრა, როგორ მიყვარს შენი ლექსებიო. თურმე, ტიპი მკითხულობს! ამ დროს მე "მაიკა" მეცვა წარწერით - "დაგმე დოგმა!"
***
მე ყოველთვის აკრძალული ვიყავი, ადრეც და ახლაც. გამომირთეს მიკროფონი, რადგან რადიკალი ვარ. ჩემთვის მთავარია ხელოვნებაში რომ კომპრომისზე არ მიდიხარ, არ იყიდები, რა.
მე თვითონ ვარ პოეზია!

ჩემი ლექსების ფართოდ გამავრცელებელი ვიყავი მე, ვიყავი აქტიური და ყველგან დავდიოდი.
არც მწერალთა კავშირის წევრი ვყოფივარ, არც რომელიმე პარტიის წევრი, არც ნაცი ვარ, არც ქოცი ვარ, კოტე ვარ, ყუბანეიშვილი. ეს ჩემი ცხოვრება იყო, ჩემი ექსცენტრიკა.
ვერცხლის ქუჩაზე მაისურების მაღაზია მქონდა. ერთხელ თამრი კვესიტაძემ მოიყვანა ბიძინა. იმ დროს მეცხრე არხი ჰქონდა. მომღერლებს, "თავგასას" და ვიღაცებს დაუახლოვდა. სამებას აშენებდა... მითხრა, შენ და ლაშა თაბუკაშვილს მხოლოდ ტელევიზიით გიცნობთ და მაინტერესებს თბილისელები დროს როგორ ატარებთო. მოდი ჩემს დაბადების დღეზე-მეთქი, ვუთხარი და მოვიდა. 55 წლის გავხდი მაშინ. მერე გავიგე, რომ გაზპრომის 5 პროცენტიანი მეწილეა. და რატომღაც ხმა რომ მიმეცა მისთვის 2012 წელს?!

დღეს აკრძალული ვარ. ადრე თუ დამსდევდნენ კორესპონდენტები, აბა, რას იტყვის კოტეო, დღეს ჩემთან მოკარება ეშინიათ. კი არ ეშინიათ, ზუსტად არ ესმით, მოეწონებათ ჩემი ნათქვამი, არ მოეწონებათ იქ. ყველას თავისი უფროსი ჰყავს და ის ეუბნება, ეგ არ გინდა, ეგ შეიგინება, ან რამეს "ისეთს" იტყვისო.
მე კიდევ ეს მიხარია, მაგათ რომ არ ვგავარ და მაგათ გემოვნებაში არ ვჯდები. ამით ბედნიერი ვარ. მაგათ არ ვგავარ. ჩემი ასაკის მიუხედავად მაგათ შესახედავად ვჯობივარ!
დღეს უმარტოესი ვარ. ვზივარ წიგნები მაყრია თავზე, ხან რას ვკითხულობ, ხან რას.

გააზიარე სტატია