Logo

საზოგადოება

როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი 19 წლის დაუპატიჟებელ სტუმარს

როგორ მოექცა საბჭოთა კავშირი 19 წლის დაუპატიჟებელ სტუმარს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1987 წელი, 19 წლის ჰამბურგელი, „ცესნას“ ტიპის პატარა თვითმფრინავი და წითელი მოედანი — აქ წაიკითხავთ ამბავზე, რომელიც კინოს სცენარისთვის გამოგონილს ჰგავს, არადა ის ერთმა თავზეხელაღებულმა ახალგაზრდამ რეალობად აქცია და საბჭოთა კავშირი შეაჯანჯღარა.

1987 წლის 28 მაისს, ზუსტად იმ დღეს, როცა მთელ საბჭოთა კავშირში მესაზღვრის დღეს აღნიშნავდნენ, 19 წლის ჰამბურგელმა თინეიჯერმა, მათიას რუსტმა, ოთხადგილიანი „ცესნას“ ტიპის თვითმფრინავით საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსტის თვითმფრინავმა მაშინ მოსკოვამდე ჩააღწია, წითელ მოედანს რამდენჯერმე შემოუფრინა და იქვე, ხიდზე დაეშვა. ეს ამბავი „პერესტროიკის“ დროს მოხდა, როცა მსოფლიოს საბჭოთა კავშირის უძლეველობის ჯერ კიდევ სჯეროდა.„მე მაშინ არ ვეძებდი დიდებას, მსურდა საზოგადოების შეჯანჯღარება,“ – თქვა მოგვიანებით რუსტმა.

ვიდრე დააპატიმრებდნენ, გერმანელმა ახალგაზრდამ მოასწრო გარშემოხვეული მოსკოველებისთვის განემარტა, რომ მოსკოვში ევროპიდან ჩაფრინდა და, რომ ამ საქციელით გორბაჩოვისთვის თავისი სამშვიდობო გზავნილის გადაცემა სურდა. რუსტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მაშინ მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება აწუხებდა.

რუსტი

ერთმა გერმანულმა პერიოდულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათიას რუსტმა მანამდე წარმოუდგენელი გაფრენა ერთ გოგონაზე შთაბეჭდილების მოსახდენად გააკეთა. კომუნისტურმა გაზეთმა „პრავდამ“ გერმანელი ახალგაზრდა დაადანაშაულა საერთაშორისო შეთქმულების მონაწილეობაში, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს ის უნდა ჩამოეგდოთ და მოეკლათ საერთაშორისო ინციდენტის პროვოცირების მიზნით. რაც არ უნდა სასაცილო ყოფილიყო ჭორები, საბჭოთა ხელისუფლება მეთოდურად იძიებდა ყველა ბრალდებას.

საბჭოთა კავშირის დაუპატიჟებელ სტუმარს – საჰაერო სივრცის დარღვევისა და ხულიგნობისთვის – 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, საბჭოთა ხელმძღვანელობამ მათიას რუსტი ვადაზე ადრე გაანთავისუფლა.

1987 წლის 28 მაისს მომხდარის გამო მიხეილ გორბაჩოვმა სამსახურიდან დაითხოვა თავდაცვის მინისტრი, საჰაერო თავდაცვის სარდალი და ასევე 300-მდე მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე.

რუსტი

რუსტის ისტორიული მოგზაურობა ჰელსინკიდან დაიწყო. ფრენის დროს „გაუჩინარდა“ რადარებიდან. საბჭოთა საჰაერო თავდაცვამ რამდენჯერმე დააფიქსირა, ერთ მომენტში მას საბჭოთა MiG-ის გამანადგურებლები მიუახლოვდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს შეტევის ბრძანება. ალბათ, იფიქრეს, რომ თვითმფრინავს იქ ყოფნის ნებართვა ჰქონდა ან საფრთხეს არ წარმოადგენდა. როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწია და შეამჩნია კრემლის კედლები, თავდაპირველად კრემლის შიგნით დაშვება გადაწყვიტა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა – იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ დაინახავდა და კგბ უჩინრად წაიყვანდა.

ძრავა როცა გამორთო, წამით თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. „მახსოვს შვების გრძნობა, თითქოს ზურგიდან დიდი ტვირთი მოვიცილე. კრემლის საათის კოშკს შევხედე. საღამოს 6:43 იყო, ჰელსინკიდან გამოსვლიდან თითქმის ხუთ-ნახევარი საათი იყო გასული,“ - გაიხსენა ერთ-ერთ ინტერვიუში.

რუსტი

ვიდრე დააპატიმრებდნენ, მათიას რუსტი მოსკოველებს მშვიდად გაესაუბრა. კიდევ ერთი ამონარიდი მისი ძველი ინტერვიუდან: „ხალხი შემომეხვია, იღიმებოდნენ და მოდიოდნენ ხელის ჩამოსართმევად ან ავტოგრაფის სათხოვნელად. იყო ერთი ახალგაზრდა რუსი ბიჭი, რომელიც ინგლისურად საუბრობდა. მკითხა, საიდან ჩამოვედი, ვუთხარი, რომ დასავლეთიდან ვიყავი და მინდოდა გორბაჩოვთან გასაუბრება.“

საბჭოთა სასამართლოზე გერმანელ ახალგაზრდას ოჯახის წევრები ამხნევებდნენ. მოგვიანებით გორბაჩოვმა თქვა: ჩემი აზრით, ეს ბიჭი მოამზადეს და გამოუშვეს. სულელის შეცოდება საჭირო არაა, მისი დედა კი გულწრფელად შემეცოდაო.

რუსტი

საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ შეიარაღებულ ძალებში სერიოზული ხარვეზები ჰქონდა. მათია რუსტმა ამას მიაღწია. მისმა ქმედებამ სსრკ-ს და მის შეიარაღებულ ძალებს კოლოსალური რეპუტაციული ზიანი მიაყენა. რუსტი სამუდამოდ დარჩა ისტორიაში. სსრკ-ს ნგრევის გახსენებისას მის წარმოუდგენელ დაშვებას ყოველთვის გაიხსენებენ.

გერმანიის მუზეუმში დაცულია თვითმფრინავი, რომლითაც მათიას რუსტმა ჰელსინკიდან წითელ მოედნამდე იფრინა.

ავტორი: ელენე ლომთაძე

06/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024