
09/03/2026
ორსულობა ქალის ცხოვრებაში მხოლოდ ფიზიკური ცვლილებების პერიოდი არ არის. ამ დროს მისი ემოციური მდგომარეობა, უსაფრთხოების განცდა და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამ პროცესში კი განსაკუთრებული როლი ხშირად სწორედ მეუღლეს ეკისრება.
ფსიქოლოგების განმარტებით, პარტნიორის სითბო, ყურადღება და ემოციური ჩართულობა ორსულ ქალს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება, ხოლო მუდმივმა დაძაბულობამ, კონფლიქტმა თუ ემოციურმა დისტანციამ შესაძლოა მისი შფოთვა გააძლიეროს.
ორსულობის პერიოდში დედის ფსიქოემოციური მდგომარეობა მხოლოდ მის კეთილდღეობას არ ეხება, ის იმ გარემოს ნაწილია, რომელშიც ნაყოფი ვითარდება.

რატომ არის მამის მხარდაჭერა ორსულობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ოჯახში არსებულ ემოციურ გარემოს მომავალ ბავშვზე? - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე საუბრობს.

"იცით რომ ორსულობა, მხოლოდ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესი არ არის ? ორსულობა - სამი არსების - დედის, მამის და ნაყოფის, ღრმა ფსიქო-ემოციური ეკოსისტემაა.
ამ სისტემაში მეუღლის დამოკიდებულება, ორსული ქალის მიმართ თითქოს უხილავია, მაგრამ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ქალის ფსიქიკა ორსულობისას განსაკუთრებით მგრძნობიარე და მიმღები ხდება, ხოლო ქმრისგან წამოსული მხარდაჭერა, სიყვარული ან პირველივე დღეებიდანვე, ემოციური დისტანცირება პირდაპირ გარდაიქმნება იმ ბიოქიმიურ სიგნალებად, რომლითაც პატარა არსება გარესამყაროს შეიცნობს.
როდესაც ორსული ქალი გრძნობს მეუღლის უპირობო მხარდაჭერას, უსაფრთხოებას და სითბოს, მისი ტვინი გამოიმუშავებს „ბედნიერების ჰორმონებს“ ოქსიტოცინს, დოფამინსა და ენდორფინებს.

ეს ნივთიერებები პლაცენტის საშუალებით აღწევს ნაყოფამდე, რაც პატარას აძლევს ფუნდამენტურ განცდას: „სამყარო უსაფრთხოა, მე მელიან და ვუყვარვარ“. ხოლო საპირისპირო ემოციები, მეუღლის მხრიდან უყურადღებობა, კონფლიქტი ან ცივი დამოკიდებულება დედაში იწვევს ქრონიკულ შფოთვას და სტრესს. ამ დროს ორგანიზმში იმატებს კორტიზოლის და ადრენალინის დონე. პლაცენტარული ბარიერი სრულად ვერ იცავს ნაყოფს დედის სტრესის ჰორმონებისგან, რაც იწვევს მუცლადმყოფი ბავშვის გულისცემის აჩქარებას, მოძრაობის ქაოსურობას და ნერვული სისტემის ზედმეტ აგზნებადობას.
ეს ფსიქო-ემოციური ჯაჭვი მხოლოდ მუცლადყოფნის პერიოდით არ შემოიფარგლება ის საფუძველს უყრის ბავშვის მომავალ პიროვნებას.
მამობრივი ზრუნვით გარშემორტყმული დედის შვილი იბადება უფრო სტაბილური ნერვული სისტემით, უკეთესი ძილით და სტრესისადმი მაღალი რეზისტენტობით. პრენატალური ფსიქოლოგია ადასტურებს, რომ მამის ხმა, როდესაც ის სიყვარულით მიმართავს როგორც მეუღლეს, ისე მუცელს, ნაყოფისთვის ხდება მშვიდობის და ჰარმონიის მთავარი ორიენტირი.

მეუღლის დამოკიდებულება ორსულის მიმართ არის მნიშვნელოვანი რესურსი არამხოლოდ ქალის ჯანმრთელობაში, არამედ ახალი ადამიანის ემოციურ ინტელექტის და ფსიქიკურ მდგრადობაში.
მამის სიყვარული, დაბადებამდე იწყება და სწორედ დედის თვალებით დანახული და მიღებული სითბო მეუღლისგან ხდება ბავშვისთვის, პირველი ცოდნა იმისა, თუ რა არის სიყვარული," - განმარტავს ფსიქოლოგი.
გააზიარე სტატია