Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როგორ მოვაშოროთ ბავშვი ეკრანს? - ფსიქოთერაპევტი ეკა ჩემია "ინტერმიტენტული განმტკიცების" შესახებ

როგორ მოვაშოროთ ბავშვი ეკრანს? - ფსიქოთერაპევტი ეკა ჩემია "ინტერმიტენტული განმტკიცების" შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეკრანებთან ბრძოლა ბევრი მშობლის ყოველდღიურობის ნაწილია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვისთვის ტელეფონის ან პლანშეტის წართმევა ტირილს, გაბრაზებასა და ხანგრძლივ წინააღმდეგობას იწვევს. თუმცა ხშირად პრობლემა არც ბავშვის „ჭირვეულობაშია“ და არც მშობლის სისუსტეში.

ფსიქოთერაპევტი ეკა ჩემია განმარტავს, როგორ მუშაობს ინტერმიტენტული, ანუ წყვეტილი განმტკიცება აღზრდაში და როგორ შეიძლება ამავე ფსიქოლოგიური პრინციპის გამოყენება არა ეკრანების სასარგებლოდ, არამედ ბავშვის ჯანსაღი ქცევის გასაძლიერებლად.

ეკა ჩემია

როგორ „მოვუგოთ“ ეკრანებს საკუთარი წესებით? - ინტერმიტენტული განმტკიცება აღზრდაში

"შეგიმჩნევიათ, რომ რაც უფრო მტკიცედ და დიდხანს ვეუბნებით ბავშვს უარს, მით უფრო დიდხანს და თავგანწირვით ტირის, ხოლო რაც უფრო მეტად ვცდილობთ, რომ ეკრანის დრო შევუზღუდოთ, მით უფრო აგრესიული ხდება მისი რეაქცია?

აქ არც ბავშვის ხასიათია დამნაშავე და არც თქვენი აღზრდის მეთოდი. საქმე ფსიქოლოგიურ ფენომენშია, რომელსაც ინტერმიტენტული (წყვეტილი) განმტკიცება ჰქვია. ეს არის სამყაროში ყველაზე ძლიერი ქცევითი მაგნიტი, რომელიც ადამიანების ტვინში მიჯაჭვულობას იწვევს.
პოპულარული ახსნა: რა არის ინტერმიტენტული განმტკიცება?
წარმოიდგინეთ ორი განსხვავებული სათამაშო ბავშვთა გასართობ ცენტრში:


1 სათამაშო მოძრავი მატარებელი

ბავშვი აგდებს მონეტას, მატარებელი ირთვება და წრეს არტყამს. აქ ყველაფერი წინასწარ ვიცით, ერთი მონეტა უდრის ერთ წრეს. თუ ერთ დღეს აპარატი გაფუჭდა და მონეტის ჩაგდებისას მატარებელი არ დაიძრა, ბავშვი მეორედ იქ მონეტას აღარ ჩააგდებს. ის მალევე ინტერესს კარგავს, რადგან ჯილდო (მატარებლის სვლა) უწყვეტი და პროგნოზირებადი იყო. როგორც კი წყდება ჯილდო, წყდება ქცევაც.
2 სათამაშოების ამომღები აპარატი (რკინის მარწუხით)
ბავშვი აგდებს მონეტას, მართავს მარწუხს, მაგრამ სათამაშოს ვერ იღებს. აგდებს მეორედ და ისევ ვერა. აგდებს მეხუთედ და მოულოდნელად სათამაშო უვარდება ხელში. აი სწორედ აქ ხდება ნამდვილი ფსიქოლოგიური აფეთქება.
ვინაიდან ბავშვმა ზუსტად არ იცის, რომელ ჯერზე გაუმართლებს, მისი ტვინი უზარმაზარ დოფამინს (მოლოდინის ჰორმონს) გამოყოფს. ეს გაურკვევლობა ბადებს უზარმაზარ აზარტს და აიძულებს მას, უკანასკნელ ხურდამდე სთხოვოს მშობელს მონეტები.

სათამაშო

ინტერმიტენტული განმტკიცება სწორედ ეს არის - ქცევის დასაჩუქრება არა ყოველთვის, არამედ დროდადრო, სრულიად არაპროგნოზირებადი გრაფიკით. გაურკვევლობა ბადებს აზარტს, აზარტი კი ქცევას მყარს ხდის.
სწორედ ამ „ამომღები აპარატის" პრინციპით მუშაობს Instagram-ისა თუ TikTok-ის ალგორითმები (სადაც პირობითად ყოველი მეათე ვიდეო საინტერესოა) და ჩვენი შეცდომებიც აღზრდაში ამ პრინციპის გაუაზრებლობის შედეგია.


და მაინც როგორ ვლინდება ეს აღზრდაში?
4 ძირითადი ფორმა
ბიჰევიორალურ ფსიქოლოგიაში (ბ.ფ. სკინერის თეორიის მიხედვით) ამ ფენომენის ოთხი სხვადასხვა ფორმა არსებობს, რომლებსაც ყოველდღე, გაუცნობიერებლად ვიყენებთ ოჯახში:
1.ფიქსირებული დროითი ფორმა:

ეს არის შემთხვევა, როცა ჯილდო მკაცრად განსაზღვრულ დროში გაიცემა. მაგალითად, ბავშვმა იცის, რომ „მულტფილმებს ვუყურებთ ყოველდღე მხოლოდ სადილის შემდეგ, 6 საათზე“. აქ ყველაფერი პროგნოზირებადია და კაპრიზების ალბათობაც დაბალია.


2.ცვალებადი დროითი ფორმა:

აქ ჯილდო სრულიად მოულოდნელ, არაპროგნოზირებად დროს მოდის. მაგალითად, როცა სამუშაო კვირის შუაში, სრულიად უმიზეზოდ, ბავშვს პარკში სასეირნოდ წაიყვანთ ან მოულოდნელ საჩუქარს აჩუქებთ. ეს ბავშვს მუდმივ, ჯანსაღ და სასიამოვნო მოლოდინში ამყოფებს.


3.ფიქსირებული რაოდენობრივი ფორმა:

როდესაც ჯილდო ქცევის კონკრეტული რაოდენობის შესრულების შემდეგ გაიცემა. მაგალითად: „ყოველ წაკითხულ 3 წიგნზე მიიღებ ახალ სათამაშოს“. ბავშვი მიზანმიმართულად მუშაობს, თუმცა ქცევა ხშირად ვაჭრობას ემსგავსება.


4.ცვალებადი რაოდენობრივი ფორმა (ყველაზე ძლიერი მოდელი)

აი, ეს კი ნამდვილი ხაფანგია. ბავშვი ითხოვს ტელეფონს, თქვენ 5-ჯერ ეუბნებით „არას“- მაგრამ მე-6 ყვირილზე ნებდებით და აძლევთ. ბავშვის ტვინი მომენტალურად აპროგრამებს: „მთავარია არ გავჩერდე, ადრე თუ გვიან მაინც მივიღებ ჩემსას.

როგორ შემოვატრიალოთ ეს პრინციპი ბავშვის სასიკეთოდ?
შესაძლებელია, საოჯახო სისტემაში დავნერგოთ სიმულაციური თამაშების კულტურა.
იმისათვის, რომ ბავშვი ეკრანს მოვაშოროთ, ეს თამაშები გახდება რეალურ ცხოვრებაში უფრო ძლიერი და ცვალებადი გამოწვევა და არაპროგნოზირებადი აზარტის დასაკმაყოფილებელი ალტერნატიული, ჯანსაღი შეთავაზება.

თამაში

პირველი თამაში: „საოჯახო საიდუმლო ლოტოტრონი“ (ან სიურპრიზების ყუთი)

როგორ ვთამაშობთ:
ბავშვთან ერთად აწესებთ წესს: თუ ეკრანის ყურების ლიმიტს (მაგ: დღეში 1 საათს) უპრობლემოდ დათანხმდება და შეასრულებს და დროის ამოწურვისას ტელეფონს თავად გადადებს, ის აგროვებს ქულებს. მაგრამ ჯილდოს აძლევთ არა ყოველდღე (რაც ჩვევას გააუფასურებდა) არამედ სრულიად მოულოდნელ დღეებში, მას ეძლევა უფლება ხელი ჩაყოს ყუთში და ბარათი ამოიღოს.
რა დევს ყუთში: იქ დებთ ერთობლივი, ემოციური აქტივობების ბარათებს. ზოგი წვრილმანია (მაგ: დედასთან ერთად (ცომის მოზელა, სადილის მომზადება, პლასტელინით ან ქვიშით თამაში) ინტერესების მიხედვით უნდა შეირჩეს აქტივობები. ასევე შეგვიძლია მოვაწყოთ "სამაგიდო თამაშების საღამო"
სადაც ნამდვილი "ჯეკპოტი" შეიძლება იყოს, მაგალითად მეგობრის მოწვევა ღამით დარჩენით. ბავშვმა არასდროს იცის, რას ამოიღებს. და ეს არის თამაშის და აზარტის არსი.


თამაშის მეორე ვერსია:
,,უხილავი აგენტი“- როგორ ვთამაშობთ: ვეუბნებით ბავშვს, რომ სახლში გვყავს „უხილავი დეტექტივი“, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აკვირდება, თუ როგორ უმკლავდება ის ემოციებს და როგორ იცავს ციფრულ ჰიგიენას. სრულიად მოულოდნელ დროს (ცვალებადი ინტერვალით) ბავშვის ბალიშის ქვეშ ან სამუშაო მაგიდაზე ჩნდება „საიდუმლო აგენტის წერილი“ შექებით და პატარა მინიშნებით, თუ სად მალავს დედა დღევანდელ მოულოდნელ პრიზს. აქაც გვაქვს ინტერესი და დოფამინური ჯილდოს პრინციპი.

თამაში

რას გვაძლევს ეს თამაშები და რატომ არის მნიშვნელოვანი?

1.დოფამინური ბალანსის აღდგენას.
გაჯეტები ბავშვის ტვინს იაფი დოფამინით კვებავს და არ აძლევს შემოქმედებითი განვითარების წყაროს. ეს თამაშები კი აიძულებს ფსიქიკას, რომ ჯანსაღი, ბუნებრივი მოლოდინის ჰორმონი გამოიმუშაოს რეალურ ადამიანებთან ურთიერთობისას. იფიქროს, იაზროვნოს, საკუთარი რესურსით შექმნას მისთვის საინტერესო აქტივობები და ადრეული ასაკიდან ჩვევად დანერგოს, თავადვე განსაზღვროს საკუთარი ინტერესები.
2.ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და შინაგან კონტროლს.
ბავშვისთვის ტელეფონის გამორთვა აღარ ასოცირდება დანაკარგთან, აკრძალვასთან ან დასჯასთან, რაც ბავშვში აგრესიას შობს. პირიქით, ის გრძნობს, რომ პროცესის მმართველი თავადაა: „მე ჩემი ნებით გამოვრთე ტელეფონი, რადგან წინ დიდი თავგადასავალი მელოდება“.
3.მიჯაჭვულობის გაძლიერება: ყველა ბარათი თუ საიდუმლო პრიზი ორიენტირებულია მშობლისა და ბავშვის ერთობლივ დროზე. ეს აკმაყოფილებს ბავშვის ყველაზე მთავარ ემოციურ მოთხოვნილებას - იყოს დანახული, აღიარებული და ჰქონდეს ღრმა, უსაფრთხო კავშირი მშობელთან.

ოჯახი

ოქროს წესი მშობლებისთვის:
საზღვრებში და აკრძალვებში ვიყოთ ყოველთვის მყარად თანმიმდევრულები და პროგნოზირებადები, ხოლო ჯანსაღი ქცევების წახალისებისას მოულოდნელები, არაპროგნოზირებადები და შემოქმედებითები," - გვირჩევს
ფსიქოთერაპევტი ეკა ჩემია.

ავტორი: ზმნა

07/02/2026

ბავშვიეკა ჩემიაეკრანდამოკიდებულებამშობელიფსიქოთერაპევტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024