Logo

როგორ მოვუაროთ კანს შემოდგომაზე?

როგორ მოვუაროთ კანს შემოდგომაზე?

09/15/2026

ტექსტის ზომა

ზაფხულის დასრულების შემდეგ კანს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მზის ინტენსიური გამოსხივება, მაღალი ტემპერატურა, ზღვის მარილიანი წყალი და აუზის ქლორი კანის მდგომარეობაზე კვალს ტოვებს.

სიმშრალე, გაუწყლოება, პიგმენტური ლაქები და სხვა პრობლემები, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში დაგროვდა, შესამჩნევი შემოდგომაზე ხდება.

სახის მოვლა

რა უნდა შეიცვალოს კანის მოვლის რუტინაში სეზონის შეცვლასთან ერთად, როდის შეიძლება აქტიური ინგრედიენტების, მათ შორის C ვიტამინისა და რეტინოლის დაბრუნება და სჭირდება თუ არა ცხიმიან კანს დამატენიანებელი? ამ საკითხებზე დერმატოლოგი თამარ ბასილაძე გვესაუბრება.

თამარ ბასილაძე

მისი განმარტებით, ზაფხულის განმავლობაში სახის კანზე ერთდროულად რამდენიმე უარყოფითი ფაქტორი მოქმედებს. ამ ფაქტორებმა შეიძლება კანის დამცავი ბარიერის მდგომარეობაზე იმოქმედოს. ამიტომ შემოდგომის მოვლის პირველი ნაბიჯი სწორედ მისი აღდგენა უნდა იყოს.

„შემოდგომაზე ხშირად უფრო მკაფიოდ იჩენს თავს ის პრობლემები, რომელთა მიმართაც კანს მიდრეკილება აქვს. განსაკუთრებით შესამჩნევი შეიძლება გახდეს პიგმენტაცია. თუმცა ჩემი რჩევაა, პირველ რიგში კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენაზე ვიზრუნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ კონკრეტული პრობლემის, მაგალითად, პიგმენტაციის კორექცია.

სახის მოვლა

თავდაპირველად საჭიროა კანის აღდგენა, ჰიდრატაცია და დატენიანება, შემდეგ კი უკვე იმ პრობლემაზე მუშაობა, რომელიც სახის კანზე გვაქვს“, - ამბობს თამარ ბასილაძე.

შემოდგომიდან სასურველია კანის მოვლის საშუალებების ტექსტურაც სეზონის შესაბამისად შეიცვალოს. თუ ზაფხულში უპირატესობას უფრო მსუბუქ, გელის ტიპის კრემებს ვანიჭებთ, გრილ სეზონზე შესაძლებელია შედარებით უფრო მდიდარი ტექსტურის საშუალებებზე გადასვლა და, საჭიროების შემთხვევაში, მკვებავი კრემის დამატებაც.

ამავე პერიოდში მოვლის რუტინაში შეიძლება აქტიური ინგრედიენტების ჩართვაც. მათთვის, ვისაც პიგმენტაცია აწუხებს, C ვიტამინის შრატი განსაკუთრებით აქტუალურია. კანის დატენიანებისთვის კი ჰიალურონის მჟავის შემცველი შრატის გამოყენებაა სასურველი, როგორც ზაფხულში, ისე სხვა სეზონებზე.

სახის მოვლა

„თუ რეტინოლს იყენებდით და ზაფხულში მისი გამოყენება შეამცირეთ ან შეწყვიტეთ, შემოდგომიდან მისი რუტინაში ეტაპობრივი დაბრუნება შეიძლება. ამ პერიოდში კანის მოვლაში აქტიური ინგრედიენტების უფრო თანმიმდევრულად ჩართვის შესაძლებლობაც გვაქვს.

პაციენტებისგან ხშირად მესმის - "ცხიმიანი კანი მაქვს და კრემი არ მჭირდება." ეს არასწორი მიდგომაა. დატენიანება სჭირდება როგორც მშრალ, ისე ცხიმიან კანს. რა თქმა უნდა, მათი მოვლის რუტინა განსხვავებულია. ცხიმიანი კანის შემთხვევაში შეიძლება მკვებავი კრემი ყოველთვის აუცილებელი არ იყოს, მაგრამ დამატენიანებელი აუცილებელია.

სახის მოვლა

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საღამოს მოვლის რუტინასაც. ღამის საათებში კანის აღდგენითი პროცესები აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია კანის კარგად გაწმენდა და მის ტიპსა და საჭიროებებზე მორგებული დამატენიანებელი თუ სხვა მოვლის საშუალებების გამოყენება. შემოდგომა კი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ზაფხულის შემდეგ კანის მდგომარეობის შეფასება და მოვლის რუტინის საჭიროების მიხედვით შეცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია," - გვირჩევს დერმატოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026