Logo

ბიზნეს ამბები

როგორ შეიცვლება ბიზნესი 2026 წელს? - პროგნოზები ჟურნალი "ფორბსიდან"

როგორ შეიცვლება ბიზნესი 2026 წელს? - პროგნოზები ჟურნალი "ფორბსიდან"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

2026 წელი ბიზნესისთვის, უბრალოდ მორიგი კალენდარული მონაკვეთი არ იქნება. გლობალური ეკონომიკური გარემო, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება და მომხმარებლის ქცევის ცვლილება, კომპანიებს ახალ რეალობაში ჩააყენებს.

გავლენიანი საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-ის 2025-2026 წლების ანალიტიკური სტატიების მიხედვით, მომავალი წელი გარდამტეხი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან სტრატეგიული ტრანსფორმაციისთვის.

სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით იმ ექვს ძირითად მიმართულებას გაგაცნობთ, რომელიც 2026 წელს, ბიზნესის თამაშის წესებს განსაზღვრავს.

ხელოვნური ინტელექტი მთავარ როლში

ხელოვნური ინტელექტი

თუ გასულ წლებში AI ექსპერიმენტული ინსტრუმენტი იყო, 2026-ში ის ბიზნეს ოპერაციების მთავარი წარმმართველი ძალა ხდება.

კითხვა - „გამოვიყენოთ თუ არა AI?“ ახლა ასე ფორმულირდება - „რამდენად სწრაფად და ეფექტიანად დავნერგავთ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს საქმიანობაში?“

საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს კონკურენტული უპირატესობა. ეს განსაკუთრებით შეეხება საბანკო სექტორს, ელექტრონულ კომერციას, ტურიზმსა და მომხმარებელთა მომსახურებას.

ქართული კომპანიების ნაწილი უკვე აქტიურად ნერგავს საქმიანობაში ჩათბოტებს, მონაცემთა ანალიტიკას და პროცესების ავტომატიზაციას.

მომხმარებლის ნდობა - მოგების მთავარი გარანტი

უკანასკნელ ხანს მომხმარებელი აღარ ირჩევს პროდუქტს მხოლოდ ფასის მიხედვით. ის ირჩევს გამჭვირვალე კომუნიკაციას, ეთიკურ მიდგომას, სტაბილურ და უსაფრთხო მომსახურებას. ნდობა კონვერსიის მთავარი ფაქტორი ხდება. რეპუტაცია უფრო ძვირფასი იქნება, ვიდრე მოკლევადიანი მოგება.

საქართველოს ბაზარი მცირეა, რაც ნიშნავს, რომ რეპუტაცია სწრაფად ყალიბდება და სწრაფადვე ზიანდება. 2026-ში ბრენდის ნდობა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის, კვების და მომსახურების სექტორში.

კიბერუსაფრთხოება - ბიზნესის გადარჩენის მნიშვნელოვანი მექანიზმი

კიბერუსაფრთხოება

ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად იზრდება კიბერშეტევების მასშტაბი. იზრდება რისკები და მონაცემთა დაცვა სტრატეგიული პრიორიტეტი ხდება.

უსაფრთხოების პოლიტიკა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კომპანიის საბაზრო ღირებულებაზე. ამიტომაც ინვესტორები მოითხოვენ კიბერუსაფრთხოების მკაფიო გეგმას. უსაფრთხოება აღარ არის დამატებითი ხარჯი, ის ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველი ხდება.

ციფრული სერვისების ზრდასთან ერთად, კიბერრისკების მიმართ დაუცველი ხდება ადგილობრივი ბიზნესიც. განსაკუთრებით საფრთხის წინაშე დგას ფინანსური და ონლაინ-ვაჭრობის სექტორი.
2026 წელი შეიძლება გახდეს პერიოდი, როდესაც ქართულ კომპანიებს, უსაფრთხოების სისტემების სერიოზულად გამკაცრება მოუწევთ.

გარემოსდაცვითი სტანდარტები - ბიზნესის კონკურენტული უპირატესობა

გარემოს დაცვა


გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტები (ESG) მიმდინარე წელს, პიარ-ფაზიდან ფინანსურ რეალობაში გადაინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ რეგულაციები გამკაცრდება, ინვესტორები ESG მაჩვენებლებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებენ და რაც მთავარია, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს მომხმარებელიც.

ეკონომიკურ გაურკვევლობაზე მორგებული მოქნილი სტრატეგიის აუცილებლობა

ბიზნეს გარემო

გლობალური ბაზრები კვლავ არასტაბილური რჩება. ბიზნესს უწევს გაითვალისწინოს გეოპოლიტიკა, ენერგომატარებლები, ინფლაცია...

ამ პირობებში წარმატებული იქნება ის კომპანია, რომელიც ფლობს მოქნილ ფინანსურ მოდელს, სწრაფად ადაპტირდება ცვლილებებზე და დივერსიფიცირებას გაუკეთებს შემოსავლის წყაროებს.

ლარის კურსის ცვალებადობა, რეგიონული გეოპოლიტიკური ფაქტორები და იმპორტზე დამოკიდებულება, სირთულეებს შეუქმნის ქართულ ბიზნესსაც. მას მოუწევს უფრო ფრთხილი ფინანსური მართვა, დივერსიფიცირებული შემოსავალი და ხარჯების ოპტიმიზაცია...

საბოლოოდ სპეციალისტები ასკვნიან, რომ მიმდინარე წელს ბიზნეს პროგნოზების გაკეთება რთული იქნება და ამიტომაც ბიზნესი არა პროგნოზებზე დაყრდნობით, არამედ მოსალოდნელი სცენარების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს.

2026 წელი ბიზნესს მოსთხოვს სისწრაფეს, პასუხისმგებლობას და გრძელვადიან ხედვას. საუკეთესო შედეგს მიიღებს ის, ვინც მზად იქნება ცვლილებისთვის.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

02/18/2026

ბიზნესიპროგნოზიფორბსიცვლილებები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024