Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ შევარჩიოთ იდეალური განათება სახლისათვის? - პრაქტიკული რჩევები "მიჰაუსის" ექსპერტებისაგან

როგორ შევარჩიოთ იდეალური განათება სახლისათვის? - პრაქტიკული რჩევები "მიჰაუსის" ექსპერტებისაგან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ინტერიერის მოწყობისას, ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას ავეჯს, კედლების ფერსა და დეკორს უთმობენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, სახლის განათებაა.

სწორად შერჩეული განათება არა მხოლოდ სივრცის ფუნქციურობას განსაზღვრავს, არამედ ქმნის განწყობას, უსვამს ხაზს ინტერიერის ელემენტებს და ოთახს ვიზუალურადაც კი ცვლის.

ინტერიერის დიზაინერები ხშირად ამბობენ, რომ განათება სახლის „უხილავი დეკორია“. სწორედ ამიტომ, სანამ კონკრეტულ სანათს შეარჩევთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა როლს შეასრულებს ის თქვენს სივრცეში.

როგორ შევარჩიოთ იდეალური განათება სხვადასხვა სივრცისთვის და რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი? ამ კითხვებით zmna.ge სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსის" ექსპერტებს დაუკავშირდა.

სპეციალისტების თქმით, კომფორტული ინტერიერის შესაქმნელად, რამდენიმე ტიპის განათების კომბინაციაა სასურველი.

განათება

განათების ტიპები

პირველი, რასაც ვირჩევთ, ზოგადი განათებაა, რომელიც მთელ სივრცეს თანაბრად ანათებს. ამ ფუნქციას ძირითადად ჭერის სანათები ასრულებს.

მეორეა სამუშაო განათება, რომელიც კონკრეტულ საქმიანობაზეა ორიენტირებული. მაგალითად, დამატებითი განათება სამზარეულოში, საკვების მოსამზადებელ სივრცეში, საკითხავი განათება სამუშაო მაგიდასთან, ან ნათურა აბაზანაში სარკის წინ.

მესამე კი აქცენტური განათებაა, რომელიც ინტერიერის გამორჩეულ დეტალებს უსვამს ხაზს. მისი დახმარებით შესაძლებელია სურათის, დეკორატიული კედლის, თაროს ან რომელიმე საყვარელი ნივთის გამოკვეთა.

სწორედ ამ სამი ტიპის განათების კომბინაცია ქმნის სივრცეს, რომელიც ერთდროულად ფუნქციურიც არის და ვიზუალურადაც სასიამოვნოა.

თბილი თუ ცივი განათება?

სანათის დიზაინთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს სინათლის ფერსაც.

განათება

თბილი განათება (მოყვითალო ტონი) ქმნის სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას. ამიტომ ის განსაკუთრებით პოპულარულია საძინებლებში, მისაღებ ოთახებსა და დასასვენებელ ზონებში.

ცივი განათება (თეთრი ან მოლურჯო ტონი) კი სივრცეს უფრო ენერგიულ და ფუნქციურ ხასიათს ანიჭებს. ის ხელს უწყობს კონცენტრაციას და ხშირად გამოიყენება სამზარეულოებში, სამუშაო კაბინეტებსა და კომერციულ სივრცეებში.

სპეციალისტები გვირჩევენ, ერთსა და იმავე სახლში, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ტემპერატურის განათება გამოვიყენოთ.

რატომ ირჩევენ მომხმარებლები LED განათებას?

ბოლო წლებში LED ტექნოლოგიამ პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლა ძველი ტიპის ნათურები და ამის მიზეზი მხოლოდ ეკონომიურობა არ არის.

განათება

გარდა იმისა, რომ LED განათება მოიხმარს გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას, რაც კომუნალური ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს, ასეთი ნათურები გაცილებით დიდხანს მუშაობს და ნაკლებად საჭიროებს შეცვლას.

მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ LED სანათები სხვადასხვა დიზაინით, ფორმითა და ფერის ტემპერატურითაა წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს კონკრეტული ინტერიერისთვის შესაფერისი ვარიანტის არჩევის საშუალებას აძლევს.

როგორ შევარჩიოთ განათება სხვადასხვა ოთახისთვის?

მისაღები ოთახი

მისაღები სახლის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური სივრცეა. აქ ვმასპინძლობთ სტუმრებს, ვუყურებთ ტელევიზორს, ვკითხულობთ წიგნს ან უბრალოდ ვისვენებთ. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, მხოლოდ ერთი ჭერის სანათით არ შემოვიფარგლოთ. ცენტრალურ განათებას შეიძლება დაემატოს კედლის სანათები, იატაკის ტორშერები ან დეკორატიული ნათურები, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულ ატმოსფეროს შექმნის.

საძინებელი

საძინებელში მთავარი ამოცანა დასვენებისთვის განწყობის შექმნაა. აქ განსაკუთრებით ეფექტურია თბილი განათება, საწოლის გვერდით განთავსებული სანათები და რბილი, თვალისთვის სასიამოვნო სინათლე.

ძალიან ძლიერი და მკვეთრი განათება საძინებელში ხშირად არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს და სივრცის სიმყუდროვეს ამცირებს.

განათება

სამზარეულო

სამზარეულოში ესთეტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციურობაა. სამუშაო ზედაპირები, ნიჟარა და გაზქურა კარგად უნდა იყოს განათებული, რათა ყოველდღიური საქმიანობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს.

სწორედ ამიტომ, ცენტრალური განათების გარდა, სამზარეულოში ხშირად გამოიყენება დამატებითი სამუშაო განათებაც.

როგორ გავხადოთ პატარა სივრცე უფრო დიდი?

განათება ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, როდესაც პატარა სივრცის ვიზუალური გაფართოება გვინდა. მაგალითად, კედლებისკენ მიმართული სინათლე ოთახს უფრო ფართოს აჩენს. ასევე ეფექტურია რამდენიმე მცირე სანათის გამოყენება სხვადასხვა ზონაში, რადგან ეს სივრცეს სიღრმეს მატებს.

განათება

სარკეებისა და სწორად განთავსებული სანათების კომბინაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოთახი რეალურ ზომაზე უფრო დიდია.

შეცდომები, რომლებიც ხშირად გვხვდება

"მიჰაუსის" ექსპერტების თქმით, განათების შერჩევისას ადამიანები ყველაზე ხშირად ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ.
არჩევანს მხოლოდ ერთ, ცენტრალურ სანათზე აჩერებენ;

ყველა სივრცისთვის ერთნაირ, ზედმეტად ცივი ან ზედმეტად თბილი ტონალობის განათების ირჩევენ;

განათება

განათების არჩევისას არ ითვალისწინებენ ოთახის ზომას;

სამუშაო ზონებში არ იყენებენ დამატებითი განათების წყაროებს;

განათების ტიპებსა და სანათებს, მხოლოდ დიზაინის მიხედვით ირჩევენ და მის ფუნქციურობას ყურადღებას არ აქცევენ...


"განათება ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, რომელიც სივრცის ხასიათს ქმნის. სწორად შერჩეული ჭერისა და კედლის სანათები და დეკორატიული ნათურები სახლს უფრო კომფორტულს, ფუნქციურსა და მყუდროს ხდის. სწორედ ამიტომ, განათების არჩევისას როგორც ესთეტიკის, ისე პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი," - ამბობენ სპეციალისტები.

განათება

თუ გსურთ, რომ თქვენი ინტერიერი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ კომფორტულიც იყოს, "მიჰაუსის" კოლექციაში აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ გადაწყვეტას. აქ ერთ სივრცეში წარმოდგენილია სხვადასხვა სტილის, ზომისა და დანიშნულების სანათები, რაც საშუალებას გაძლევთ თითოეული ოთახისთვის შესაბამისი განათება უმარტივესად შეარჩიოთ.

ავტორი: ზმნა

06/04/2026

განათებადიზაინიინტერიერიმიჰაუსირჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024