კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნახატს, რომელსაც ჩვენს საცხოვრებელ სახლში კედელზე ვკიდებთ, ჩვენი პიროვნების შესახებ ძალიან ბევრის თქმა შეუძლია.
ხელოვნების ნიმუშების შერჩევა უაღრესად ინტიმური პროცესია. ნახატი იმ ადამიანის გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდეს, ვინც მას მუდმივად უნდა უყუროს და დატკბეს. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ნახატების შერჩევას თავისი წესები აქვს და ამ წესების გათვალისწინება აუცილებელია.

როგორ შევარჩიოთ ნახატი ჩვენი ინტერიერისათვის და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?
ამ კითხვებით zmna.ge გალერეა „დავარის“ დამფუძნებელს გიორგი ნიორაძეს დაუკავშირდა.
გიორგი ნიორაძე ამბობს, რომ კარგი მხატვრობის აღქმა, დაკვირვებას, ემოციურ ჩართულობასა და ნამუშევართან გულწრფელ ურთიერთობას მოითხოვს. ნახატის მფლობელის ემოცია უმთავრესია, თუმცა ნახატს შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები აქვს და შეძენის მსურველმა ეს კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოს.
„ზოგადად ადამიანების უმეტესობამ არ იცის, სწორად როგორ შეარჩიოს ნახატი. ადამიანი, ხშირ შემთხვევაში პირველ ემოციას მიჰყვება… ზოგჯერ მოსწონს ვიღაც კონკრეტული ავტორი, მაგრამ ამ ავტორის რა მოსწონს, არ იცის და ამაში რთულად ერკვევა. არადა ნახატს აქვს შეფასების ზუსტად ისეთივე კრიტერიუმები, როგორც მაგალითად,ავტომობილს.

არსებობს კონკრეტული წესები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ და შევარჩიოთ ხარისხიანი ნახატი.
ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს ხოლმე შეცდომას ამ პროცესში. ზოგჯერ ადამიანებს მოსწონთ პეიზაჟები, რომლებზეც დახატულის მზის ჩასვლა ტბის ფონზე, ირგვლივ ყველაფერი სტაფილოსფერია და ტბაში ორი გედი დაცურავს… ან მაგალითად ქალი ცხენს ეფერება და ცხენის ფაფარი და ქალის თმა ერთი ფერისაა... მოსწონთ ხოლმე ისე დახატული თვალები, სადაც თვალის გუგაში ყველა ძარღვი ჩანს... ვიღაცებს მოსწონთ ისეთი ნატურმორტები, სადაც ხილზე ბუზი ზის და ეს ბუზი ძალიან რეალისტურად არის დახატული...
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხატვრობა არ არის ფოტოგრაფია. ფოტოგრაფიული სიზუსტე ყოველთვის არ ნიშნავს მხატვრულ ღირებულებას, ხოლო ავტორის პოპულარობა - ყოველთვის სწორ არჩევანს.
ნახატს სხვანაირი შეფასება სჭირდება და უგემოვნო ნახატის შეძენას, ზოგჯერ შიშველი კედლების ყურება ჯობს,“ - ამბობს გიორგი ნიორაძე.
03/15/2026