Logo

როგორ შევარჩიოთ საბავშვო ბაღი? - სპეციალისტის რჩევები მშობლებს

როგორ შევარჩიოთ საბავშვო ბაღი? - სპეციალისტის რჩევები მშობლებს

10/14/2026

ტექსტის ზომა

შვილისთვის საბავშვო ბაღის შერჩევისას, მშობლები ხშირად პირველ რიგში შენობას, ეზოს, სათამაშოებსა და კვების მენიუს აკვირდებიან... ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა კარგი ბაღის მთავარი საზომი მხოლოდ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ლამაზი გარემო არ არის.

რამდენად დაცულად და მშვიდად გრძნობს თავს ბავშვი, როგორ ესაუბრება მას აღმზრდელი, რამდენად ითვალისწინებენ მის ინდივიდუალურ საჭიროებებს, აქვს თუ არა საკმარისი დრო თავისუფალი თამაშისთვის და როგორ რეაგირებენ მის ემოციებზე? - ხშირად სკოლამდელი დაწესებულების რეალურ ხარისხს სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს.

რა უნდა შეამოწმოს მშობელმა საბავშვო ბაღის არჩევისას და რომელი ნიშნები შეიძლება მიანიშნებდეს, რომ გარემო ბავშვისთვის ნამდვილად კარგია? ამ საკითხებზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტს ირინა ქირიას ვესაუბრეთ.

ირინა ქირია

როდესაც მშობელი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს არჩევს, რეალურად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რას უნდა მიაქციოს ყურადღება პირველ რიგში?

ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის უსაფრთხოებაა, თუმცა როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას არ ვგულისხმობთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური კეთილდღეობა.

მშობელი პირველ რიგში უნდა დააკვირდეს როგორ ექცევიან აღმზრდელები ბავშვებს. მაგალითად როგორ რეაგირებენ აღმზრდელები ბავშვის ტირილზე, გაბრაზებაზე, შიშზე ან მოწყენილობაზე.

საბავშვო ბაღი

კარგი აღმზრდელი ბავშვის ემოციებს არ უგულებელყოფს, არ აიძულებს მაშინვე დამშვიდდეს. ის ცდილობს გაუგოს ბავშვს, დაეხმაროს ემოციის მართვაში და აგრძნობინოს, რომ მისი განცდები მნიშვნელოვანია.

ასევე უმნიშვნელოვანესია ბავშვს ჰქონდეს თანატოლებთან ურთიერთობის, თამაშისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

თუ შეიძლება, მშობლებისთვის პუნქტებად ჩამოვაყალიბოთ ის მთავარი კრიტერიუმები, რომლებითაც კარგი საბავშვო ბაღი უნდა შეაფასონ.

კარგ საბავშვო ბაღში ბავშვს აქვს შესაძლებლობა ითამაშოს რაც შეიძლება ბევრი, რადგანაც თამაში მისი წამყვანი ქცევაა.

მინდა ისევ მივუბრუნდე ემოციურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას - თუ ბავშვს თამაშის შესაძლებლობა შეზღუდული არა აქვს ე.ი მას აქვს ემოციური კეთილდღეობა.

საბავშვო ბაღი

თუმცა რა თქმა უნდა კიდევ სხვა მრავალი კრიტერიუმია რასაც კარგი ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს სისუფთავე, ჰიგიენა, რესურსის ხარისხი და მრავალფეროვნება, კვება, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

რამდენად გადამწყვეტია აღმზრდელის პიროვნება და ბავშვთან ურთიერთობის ფორმა? რას უნდა დააკვირდეს მშობელი პირველივე ვიზიტისას?

აღმზრდელის პიროვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს , რადგან ბავშვი ბაღში დღის დიდ ნაწილს მასთან ატარებს. მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელი იყოს მშვიდი, თბილი, ყურადღებიანი და მოთმინებით ეკიდებოდეს ბავშვის განსხვავებულ საჭიროებებს.

მშობელი უნდა დააკვირდეს, ესაუბრებიან თუ არა ბავშვს პატივისცემით, უსმენენ თუ არა მას, ან როგორ რეაგირებენ ბავშვის ტირილზე, შეცდომაზე, უარზე.

ხშირად გამიგონია ფრაზა - „ნუ ეჩრები როცა უფროსები ვსაუბრობთ.” ცხადია ამ ფრაზის მთქმელ ადამიანს ბავშვის პიროვნებად აღქმის დაბალი ხარისხი აქვს.

ნაცვლად უფროს-უმცროსობის ხაზგასმისა სჯობს ვასწავლოთ ბავშვს რიგის დაცვა. ამ ფრაზის ნაცვლად მაგალითად შეიძლება ითქვას - „თუ შეიძლება მოითმინე სანამ ერთი დაასრულებს საუბარს, შემდეგ ისაუბრე შენ”.

ჯგუფში ბავშვების რაოდენობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს? რამდენი ბავშვის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ აღმზრდელმა თითოეულს სათანადო ყურადღება დაუთმოს?

ჯგუფში ბავშვების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან დიდ ჯგუფში აღმზრდელს უჭირს თითოეული ბავშვისთვის სათანადო ყურადღების დათმობა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვების რაოდენობა, არამედ აღმზრდელებისა და ბავშვების თანაფარდობაც.

საბავშვო ბაღი

ერთის მხრივ რაც უფრო მცირეა ჯგუფი და რაც უფრო მეტი ყურადღება შეუძლია აღმზრდელს თითოეულ ბავშვზე გაანაწილოს, მით უფრო მარტივია მათი საჭიროებების გათვალისწინება.

მეორეს მხრივ კი ბავშვთა სიმრავლე , ბავშვებს შორის აქტიური კომუნიკაცია, სოციალური უნარების განვითარების საუკეთესოა.

ასე რომ ოქროს შუალედი უნდა გამოინახოს 10 ცოტაა და 20 ბევრი.

როგორ უნდა მოიქცეს კარგი აღმზრდელი, როდესაც ბავშვი ტირის, ბრაზობს, არ სურს აქტივობაში ჩართვა ან მშობელს ითხოვს? სად გადის ზღვარი დისციპლინასა და ბავშვზე ემოციურ ზეწოლას შორის?

ამის მზა რეცეპტი არ არსებობს, რადგან ეს ყველაფერი შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. თუმცა თანამედროვე საზოგადოება ვთანხმდებით იმაზე რომ ყვირილი, დაცინვა ან დასჯა სწორი მიდგომა არ არის.

აღმზრდელმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, საჭიროების შემთხვევაში მისცეს ბავშვს დრო დასამშვიდებლად.

დისციპლინა გულისხმობს ბავშვისთვის წესების მშვიდად და თანმიმდევრულად ახსნას. ხოლო ემოციური ზეწოლა იწყება მაშინ როცა ბავშვის დასამორჩილებლად გამოიყენება დაშინება, დამცირება, მუქარა ან სირცხვილის განცდის გამოწვევა.

საბავშვო ბაღი

ძალიან მნიშვნელოვანია აღმზრდელი დაეხმაროს ბავშვს ემოციის კომპეტენციის ამაღლებაში.

უპირველესად ბავშვს ასწავლიან ემოციის სახელდებას, ემოციურად კომპეტენტურმა ბავშვმა იცის რას გრძნობს თავად, რას გრძნობს სხვა და ბოლოს როგორ უნდა მართოს თავისი ძლიერი ემოცია.

ხშირად ბაღები საკუთარ უპირატესობად შემეცნებითი გაკვეთილებისა და აქტივობების სიმრავლეს ასახელებენ. რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის დატვირთული პროგრამა და შეიძლება თუ არა, რომ ეს ზოგჯერ პრობლემაც იყოს?

სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის შემეცნებითი აქტივობები მნიშვნელოვანია, თუმცა სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროგრამა ზედმეტად დატვირთული არ უნდა იყოს. ამ ასაკში ბავშვს სჭირდება თამაში, თანატოლებთან ურთიერთობა და თავისუფალი არჩევანი. თუ მთელი დღე დაგეგმილ აქტივობებს დაეთმობა, შეიზღუდება თავისუფალი არჩევანი საქმიანობის არჩევისას, შეიზღუდება თამაშის შესაძლებლობაც.

ამიტომ დღე ბაღში უნდა იყოს დაბალანსებული. დროის გადანაწილების თვალსაზრისით დაგეგმილი აქტივობის დრო ნაკლები უნდა იყოს და მას აუცილებლად დიდად უნდა სჭარბობდეს თავისუფალი თამაშისთვის განკუთვნილი დრო.

კვებასა და უსაფრთხოებაზე მშობლები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას. ამ მიმართულებით რა უნდა გადაამოწმონ აუცილებლად და რას შეიძლება ყურადღება ნაკლებად ექცეოდეს?

მშობელმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს კვების მენიუ, საკვების ხარისხი, ბავშვების შესაძლო ალერგენების გათვალისწინება და კვების ჰიგიენური პირობები.

საბავშვო ბაღი

უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანია, როგორც შენობისა და ეზოს მდგომარეობა, ბავშვის ზედამხედველობა. ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ დეტალებსაც, როგორიცაა სათამაშოების უსაფრთხოება, კიბეები, კარები, სველი წერტილები და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა.

როგორი უნდა იყოს ბავშვის ბაღთან ადაპტაციის პროცესი? ნორმალურია თუ არა რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში ტირილი და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ საქმე უკვე მხოლოდ ადაპტაციას აღარ ეხება?

ბაღში ადაპტაცია ინდივიდუალურია. ზოგს რამდენიმე დღე ზოგს კი რამდენიმე კვირა სჭირდება. ეს პროცესი კარგად დაგეგმილი უნდა იყოს. რადგანაც ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, შეუძლებელია ყველასთან ერთი და იგივე გეგმამ გაამართლოს.

ნებისმიერ შემთხვევაში ამართლებს ბავშვისთვის პროგნოზირებადი გარემოს არსებობა, მაგალითად, როცა ბავშვს აქვს შესაძლებლობა წინასწარ დაათვალიეროს მთლიანად ბაღი - ინფრასტრუქტურით და პერსონალით, ნახოს სათამაშოები, გაიცნოს მომავალი ჯგუფელები. ამისთვის ზაფხულში შესაძლოა ბაღმა დააორგანიზოს მშობლების ერთმანეთთან გაცნობა და ურჩიოს მათ ბავშვებთან ერთად საერთო აქტივობის დაგეგმვა ბაღის გარეთ.

რა არის ის „წითელი ალმები“, რომელთა დანახვის შემთხვევაში მშობელმა კონკრეტული ბაღის არჩევა უნდა გადაიფიქროს?

„წითელ ალმად“ შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოება, როდესაც ბაღში ბავშვის მიმართ უპატივცემულო ან მკაცრი დამოკიდებულება შეინიშნება. მაგალითად, თუ აღმზრდელები უყვირიან ბავშვებს, აშინებენ, სჯიან, დასცინიან ან უგულებელყოფენ მათ ემოციებსა და საჭიროებებს.

ასევე საყურადღებოა საფრთხის შემცველი ხომ არ არის გარემო. ხომ არ არის ცუდი ჰიგიენური პირობები, მშობელთან არასათანადო კომუნიკაცია.

საბავშვო ბაღი

თუ მშობელი ბაღის მონახულებისას ხედავს, რომ ბავშვები დაძაბულები ან შეშინებულები არიან და პერსონალი მათ პატივისცემით არ ეპყრობა, ეს სერიოზული მიზეზია, რომ ბაღის არჩევანი კიდევ ერთხელ გადაიხედოს. მაგრამ ამას მშობელი ადგენს, მაშინ როცა ბავშვი უკვე დადის ბაღში.

ალბათ საინტერესოა, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით იმის დადგენა ბაღი კარგია თუ ცუდი. ზემოთ უკვე ვახსენე, რომ მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას ფიზიკური გარემო უნდა იძლეოდეს.

ჯგუფის ოთახი უნდა იყოს დაყოფილი ფუნქციურ სივრცეებად, იმისთვის რომ ბავშვმა თავად აირჩიოს მისთვის საინტერესო საქმიანობა. მთელი რესურსი განლაგებული უნდა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე. ასეთი ფუნქციური სივრცეები უნდა იყოს ოთახში სულ მცირე შვიდი მაინც.

მაგალითად როცა ბავშვს უნდა ხატვა, მას არ უნდა სჭირდებოდეს ვინმეს ნებართვა, რომ მოიპოვოს ფერადი ფანქრები და ფურცელი, ის უნდა მივიდეს ხელოვნების სივრცეში, აიღოს საჭირო რესურსი და ხატოს.

საბავშვო ბაღი

ასევე კონსტრუქციულ სივრცეში სხვადასხვა კუბურებით ააგოს კოშკები და ციხესიმაგრეები.

წიგნიერების სივრცეში ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად აიღოს წიგნი და დაათვალიეროს.

თუ მშობელი ხედავს რომ ჯგუფის ოთახი არ არის ფუნქციურ სივრცეებად დაყოფილი, რესურსი არ არის ბავშვის სიმაღლეზე დალაგებული და მაღლა თაროებზეა შემოწყობილი - ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ სივრცეში ბავშვს არ ექნება თავისუფალი არჩევანის საშუალება საქმიანობის არჩევისას, არ ექნება არც დამოუკიდებელი უნარების განვითარების საშუალება, რადგან მას მასწავლებელს უნდა სთხოვოს თოჯინა ან მანქანა რომ ითამაშოს, მისი საქმიანობა მასწავლებლის ნებაზეა დამოკიდებული.

და ბოლოს, რომ დაგვესახელებინა მხოლოდ ხუთი რამ, რაც მშობელმა ბაღის არჩევისას აუცილებლად უნდა შეამოწმოს, რას გამოყოფდით?

  1. უსაფრთხოება - როგორც ფიზიკური ასევე ფსიქო-ემოციური.
  2. კურიკულუმი - ძალიან მნიშვნელოვანია რა კურიკულუმით ხორციელდება სასწავლო სააღმზრდელო პროცესები ბაღში. ვთქვათ როგორ არის დაბალანსებული მასწავლებლისა და ბავშვის ინიციირებული აქტივობები კურიკულუმში. ან იძლევა თუ არა კურიკულუმი ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. თუ ბაღს არჩეული აქვს მაგალითად მონტესორი - მნიშვნელოვანია რომ აღმზრდელ პედაგოგებიც იყვნენ ამ კურიკულუმის კომპეტენტურად განმახორციელებლები. შემდეგ ფაქტორად ამას დავასახელებდი.
  3. აღმზრდელი - მისი კომპეტენცია და პიროვნული მახასიათებლები
  4. კურიკულუმის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და რესურსი. მაგალითად თუ ბაღის შერჩეული კურიკულუმია ვალდორფი, რესურსიც და ინფრასტრუქტურაც უნდა იყოს ნატურალური ბუნებრივი, მრავალფეროვანი. ფერმაც კი უნდა ჰქონდეს თავისი. დიდი ეზო უნდა ჰქონდეს ბუნებრივი საფარით და არა ხელოვნური ბალახით.
  5. კვება - მნიშვნელოვანია მენიუს მრავალფეროვნება - ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა. კალორიულობა მნიშვნელოვანია მაგრამ მხოლოდ ნახშირწყლების ხარჯზე კალორიის აწევა არ გამოდგება. კვება აუცილებლად უნდა იყოს დაბალანსებული.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ირინა ქირიარჩევებისაბავშვო ბაღისკოლამდელი აღზრდა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026