Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი?

როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზეითუნის ზეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის უხვად შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს – ვიტამინებს, მჟავებსა და მიკროელემენტებს.

მიღებისა და დამზადების წესის მიხედვით ზეითუნის ზეთი რამდენიმე ტიპის არსებობს.

ზეითუნის ზეთი

მათგან ყველაზე სასარგებლო და ხარისხიანი ცივი დაწნეხის შედეგად მიღებული არარაფინირებული ზეითუნის ზეთია. ასეთ ზეთს ეტიკეტზე Extra Virgin აწერია.

ამ ტიპის ზეთი მხოლოდ ცივად უნდა გამოიყენოთ, რადგან თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს კარგავს.

ასევე მაღალი ხარისხისაა ზეთი Virgin, რომელიც ასევე ცივი დაწურვის მეთოდით, თუმცა პირველადი დაწურვის შემდეგ, მეორადი დამატებითი დაწნეხით მიიღება.

თუ ზეთი კერძის მომზადებისთვის გვჭირდება, მაშინ გამოვიყენებთ ზეითუნის ზეთს, რომელსაც ეტიკეტზე Pomace აწერია. ეს არის რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევი, რომელიც მთლიანად რაფინირებულ ზეთზე უკეთესი ხარისხისაა.

ზეითუნის ზეთი

ზეთის ეტიკეტზე ასევე აღნიშნული უნდა იყოს მჟავიანობა – ესეც ხარისხის მაჩვენებელია. რაც უფრო დაბალია მჟავიანობა, პროდუქტი მით უკეთესია. Extra Virgin-ის მჟავიანობა 0.8%-ს არ უნდა აღემატებოდეს, Virgin-ის მჟავიანობა – 2%-ს, ხოლო რაფინირებული ზეითუნის ზეთის მჟავიანობა – 1,5%-ს.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი თეა თეგეტაშვილი ამბობს, რომ მომხმარებელს კარგი ზეითუნის ზეთის ამოცნობა, მწარმოებლის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაშიც შეუძლია.

თეა თეგეტაშვილი:

იმისათვის,რომ ფალსიფიცირებული პროდუქტი ადვილად ამოვიცნოთ, რამდენიმე ხერხი არსებობს.

ზეითუნის ზეთი

პირველ რიგში დააკვირდით ზეთის ფერს. მაღალი ხარისხის არარაფინირებულ ზეთს სინათლეზე მომწვანო ფერი უნდა გადაკრავდეს. ამას გარდა, სითხე ბლანტი უნდა იყოს, ჭიქაში რომ შევანჯღრევთ, გვერდებზე უნდა დარჩეს და არ უნდა ჩამოიწრიტოს.

ზეითუნის ზეთი

ასევე ხარისხის დასატესტად გამოიყენება მაცივარში შენახვის მეთოდი. უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი მაცივარში შენახვის შემთხვევაში აუცილებლად შეიმღვრევა და ნალექს გაიკეთებს.რომ გამოიღებთ მაცივრიდან ისევ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.

და კიდევ, დაიმახსოვრეთ,ზეითუნის ზეთი არ იყინება. საყინულეში მოთავსებისას ხარისხიანი ზეითუნის ზეთი ბოლომდე არ უნდა გაიყინოს.

არსებობს კიდევ რამდენიმე მეთოდი, რომელსაც ხარისხიანი ზეთის ამოსაცნობად მიმართავენ. თუ ქსოვილს ზეითუნის ზეთში ამოვავლებთ და ცეცხლს მოვუკიდებთ, მალევე არ უნდა აალდეს, ცეცხლის მოკიდება უნდა გაუჭირდეს .

ზეითუნის ზეთი

ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ზეთის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები - მისი ფერი მომწვანო უნდა იყოს, ხოლო პირში ჩაგუბებისას მენთოლის არომატი უნდა იგრძნობოდეს.

სახლში ზეთი გრილ ადგილზე, ქურისგან მოშორებით ადგილზე უნდა შევინახოთ. მზის სხივები და მაღალი ტემპერატურა მის ხარისხზე უარყოფითად აისახება. ამიტომაც მწარმოებელი მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთს მუქ, გაუმჭვირვალე ბოთლში აწარმოებს.

ზეითუნის ზეთი

მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ პროდუქტის წარმოების ვადას. ზეითუნის ზეთს გახსნამდე ვადა დაახლოებით 2 წელი აქვს, გახსნიდან კი სასურველია 2-3 თვეში მოვიხმაროთ. 2 თვის შემდეგ ზეთი სასარგებლო თვისებებს კარგავს, ამიტომ თუ დროულად ვერ დავხარჯავთ, მაშინ უმჯობესია დარჩენილი პროდუქტი შესაწვავად გამოივყენოთ, სალათებისათვის კი ახალი შევიძინოთ.

ავტორი: ზმნა

10/31/2025

ზეითუნის ზეთიპროდუქტიყიდვაშერჩევახარისხი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024