Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ნივთების მოწესრიგება?

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ნივთების მოწესრიგება?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვისთვის წესრიგის სწავლება მხოლოდ მოთხოვნითა და მითითებით - "დაალაგე ოთახი" - იშვიათად მუშაობს. იმისთვის, რომ მან ნივთების დამოუკიდებლად მოწესრიგება შეძლოს, ბავშვის ასაკსა და შესაძლებლობებზე მორგებული სისტემაა საჭირო.
როგორ ვაქციოთ დალაგება ყოველდღიურ, გასაგებ და ნაკლებად მოსაწყენ ჩვევად? - ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძის პრაქტიკული რჩევები მშობლებს.

თინათინ გობაძე


1. თუ ნივთებს თავისი ადგილი არ აქვს, ბავშვიც ვერ მიხვდება, სად უნდა დააბრუნოს ისინი.

ფრაზა „აალაგე“ ხშირად არ მუშაობს. ამის ნაცვლად, ერთად განსაზღვრეთ თითოეული ნივთის ადგილი. ყუთებს დაარქვით სახელები ან გაუკეთეთ წარწერები. შექმენით კონკრეტული სივრცეები, მაგალითად: „წიგნების კუთხე“, „მანქანების ყუთი“.

დალაგება

2. ყველაფერი იდეალურად დალაგებული არ უნდა იყოს.

მთავარია, წესრიგის სისტემა ბავშვისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი და ყოველდღიურად გამოსაყენებელი იყოს. თუ გარემოს ბავშვის სიმაღლესა და ჩვევებს მოარგებთ, ის ნივთების დამოუკიდებლად ალაგებასაც შეძლებს.

3. დალაგება სახალისო რუტინად აქციეთ

ბავშვები თამაშით უკეთ სწავლობენ. ჩართეთ ტაიმერი ან მუსიკა და დალაგება თამაშად აქციეთ. აქტივობა ბავშვის ასაკსა და შესაძლებლობებს მოარგეთ.

დალაგება

4. მთელი ოთახის ერთდროულად დალაგება ბავშვისთვის შეიძლება რთული და დამღლელი იყოს

პატარა დავალებები უფრო მარტივად შესასრულებელი და შედეგიანია. მიეცით კონკრეტული დავალება, მაგალითად: „მოდი, ჯერ იატაკზე დაყრილი წიგნები ავიღოთ.“

5. როცა ნივთები მეტისმეტად ბევრია, წესრიგის დაცვაც თითქმის შეუძლებელი ხდება

ზედმეტი სათამაშოები და ტანსაცმელი ბავშვს არჩევანის გაკეთებასა და ნივთების მოწესრიგებაში უშლის ხელს. ერთად გადახედეთ და შეამცირეთ მათი რაოდენობა. პროცესში ბავშვიც ჩართეთ: „როგორ ფიქრობ, ამ სათამაშოს ჯერ კიდევ იყენებ თუ დროა, სხვას გადავცეთ?“

დალაგება

6. წესრიგის მხოლოდ მომთხოვნი კი არა, მაგალითის მიმცემიც იყავით

ბავშვები ჩვენს ნათქვამზე მეტად ჩვენს ქცევას აკვირდებიან. საკუთარი ნივთებიც მათთან ერთად დაალაგეთ. შეგიძლიათ უთხრათ: „მე ჩემს წინდებს ვახარისხებ, შენც ხომ არ გინდა, შენი სათამაშოები დაახარისხო?“

7. მუდმივი კრიტიკა ბავშვს დალაგების სურვილს უკარგავს

დააფასეთ მისი მცდელობა და ყურადღება გაამახვილეთ ძალისხმევაზე: „რა კარგად მოათავსე ნივთები თავის ადგილას, აქ უკვე ძალიან მოწესრიგებულია.“ ასეთი სიტყვები ბავშვს მოტივაციას აძლევს.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/26/2026

განათლებადალაგებათინათინ გობაძესისტემაწესრიგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024