Logo

ჯანმრთელობა

რა იწვევს ჭარბი და უხეში თმის ზრდას ქალებში - შოთა ჯანჯღავას რჩევები

რა იწვევს ჭარბი და უხეში თმის ზრდას ქალებში - შოთა ჯანჯღავას რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მანდილოსნების დიდ ნაწილს, საკუთარ სხეულზე არსებული თმა აღიზიანებს და მის მოშორებას აქტიურად ცდილობს.

დეპილაციის უამრავი ტრადიციული თუ თანამედროვე მეთოდის არსებობის მიუხედავად, არასასურველი თმისგან საბოლოო გათავისუფლება არც ისე მარტივი საქმეა.

იმისათვის, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას, ჯერ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა დოზის თმიანობა ითვლება ნორმად და როდისაა თმის ზრდა ანომალია.

ექიმები თმიანობის რაოდენობას სპეციალური სკალის მიხედვით განსაზღვრავენ. ამ სკალაზე განლაგებულია ყველა ის ადგილი, სადაც ქალები ზედმეტი თმის ზრდას უჩივიან.

ჭარბთმიანობა

როგორც ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ zmna.ge-ს განუცხადა, სურათის საბოლოო შეფასება სპეციალისტის პრეროგატივაა და სანამ ეპილაციის საშუალებით თმასთან ბრძოლას გამოვაცხადებთ, სასურველია ექიმის კონსულტაცია გავიაროთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თმიანობის სურათი ამ სკალაზე 2-ზე მეტი ქულითაა შეფასებული, სპეციალისტის კონსულტაცია უბრალოდ აუცილებელია.

ჭარბთმიანობა

ექიმი შეაფასებს თმის სიხშირეს, ტიპსა და რაოდენობას და განსაზღვრავს არის თუ არა თქვენი შემთხვევა მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა. მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა ანუ ჰირსუტიზმი ქალებში განპირობებულია სისხლში მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების სიჭარბით, რაც ჰორმონალური დისბალანსის შედეგი შეიძლება იყოს. ასეთი ტიპის ჭარბთმიანობას რამდენიმე კონკრეტული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი - ამ გავრცელებულ პათოლოგიას იწვევს სქესობრივი ჰორმონების დისბალანსი, რაც ვლინდება არარეგულარული პერიოდებით, სიმსუქნით, უშვილობით და ხანდახან საკვერცხეებში მრავლობითი კისტებით.

კუშინგის სინდრომი - ეს სინდრომი ვითარდება ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჰორმონ კორტიზოლის არსებობისას. ამის მიზეზი შეძლებ აიყოს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონის ჭარბი გამომუშავება, ან წამლების, მაგალითად პრედნიზოლონის ხანგრძლივი მიღება. თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზია - ამ თანდაყოლილ პათოლოგიას ახასიათებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ სტეროიდული ჰორმონების, მათ შორის კორტიზოლისა და ანდროგენის ჭარბი პროდუქცია.

სიმსივნეები - იშვიათად ანდროგენის მასინთეზებელ სიმსივნეებს თირკმელზედა ჯირკვალში და საკვერცხეებში შეუძლიათ ჰირსუტიზმი გამოიწვიონ.

მედიკამენტები - ჰირსუტიზმის გამოწვევა შეუძლია ზოგიერთ მედიკამენტს, რომელიც იხმარება ქალბატონებში ენდომეტრიოზის სამკურნალოდ.

ხანდახან ჰირსუტიზმი უმიზეზოდაც ვითარდება - ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად გვხვდება გარკვეულ პოპულაციებში. მაგალითად, ხმელთაშუა, ახლო აღმოსავლური ან სამხრეთ აზიური წარმოშობის ქალებში.

ჭარბთმიანობა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰირსუტიზმის გარდა არსებობს ჰიპერტრიქოზი, ჭარბთმიანობა, რომელიც სქესთან ასაკთან და რასასთან არის ასოცირებული. ასევე გასათვალისწინებელია ჭარბთმიანობის გენეტიკური ფაქტორიც, რომელსაც ქალბატონებში მამის ხაზი განსაზღვრავს.

თუ თქვენი ჭარბთმიანობა ჰორმონალურ დარღვევასთანაა დაკავშირებული, ასეთ შემთხვევაში პრობლემასთან ადგილობრივი ბრძოლა უშედეგოა. ეპილაციამ მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს და მცირე და სუსტი თმის ადგილზე ჭარბი და უხეში ღერების ზრდა გამოიწვიოს.

ჭარბთმიანობა

როგორც შოთა ჯანჯღავამ განგვიმარტა, თუ ჰორმონალური ბალანსი დარღვეული არ არის, ცვილით ეპილაციის შემთხვევაში თმა 2-3 კვირამდე არ უნდა გაიზარდოს, ლაზერული ეპილაციის შემთხვევაში კი ფოლიკულის გასანადგურებლად 6-დან 8-მდე პროცედურა საკმარისი უნდა იყოს.

თუ ვხედავთ, რომ თმა კვლავ იზრდება, ესე იგი ადგილი აქვს ჰორმონალურ დარღვევას. ასეთ დროს მდგომარეობის მართვა სპეციალისტს - ენდოკრინოლოგს, ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგს ან რეპროდუქტოლოგს უნდა მიანდოთ.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

10/21/2025

შოთა ჯანჯღავაჭარბთმიანობაჭარბთმიანობა ქალებშიჰირსუტიზმი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024