სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სხეულის მაღალი ტემპერატურა, იგივე ცხელება, ნორმალური რეაქციაა სხვადასხვა მდგომარეობებზე, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული მწვავე ვირუსული ინფექციებია.
ცხელება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. თუმცა ახალბედა მშობლების უმრავლესობას, მომატებული ტემპერატურა აშინებს და მასთან ბრძოლას დაუყოვნებლივ იწყებს.

როგორ ვმართოთ ცხელება? რა შემთხვევაში მივაქციოთ მას განსაკუთრებული ყურადღება და როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს?
ამ კითხვებით zmna.ge პედიატრ ნანუკა ყავლაშვილს დაუკავშირდა.
ქ-ნო ნანუკა, რამდენად მოიმატა ცხელებით მიმდინარე დაავადებებმა? რა უნდა ვიცოდეთ ცხელების შესახებ?
ცხელებად ითვლება ტემპერატურა 37.3°C -ზე ზემოთ. თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. ახალშობილებში ტემპერატურა შესაძლოა 36.5°C -დან 37.5°C -მდე მერყეობდეს და ეს ნორმალურია.
ცხელება ორგანიზმის მხრიდან დამცველობითი რეაქციაა. მაღალი ტემპერატურის დროს, ვირუსი და ბაქტერია არ მრავლდება და თან იმუნური სისტემა დამცველობით ფაქტორებს გამოიმუშავებს. ასე რომ, ცხელება, ჩვენი ორგანიზმისათვის საჭიროა. თუმცა რაღაც დონის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ცხელებასთან ბრძოლას, რადგან ის ორგანიზმში გარკვეულ დისკომფორტს იწვევს.

რაც შეხება შემთხვევების მატებას, ეს პროცესი შემოდგომაზე, საბავშვო ბაღების დაწყების ჩვეულებრივი თანმდევი მოვლენაა. თუმცა ზამთარი მხოლოდ ახლა იწყება და ვირუსული ინფექციების განსაკუთრებული აღზევების პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.
მოკლედ ცხელება ჩვეულებრივი მოვლენაა და თუ ის გართულებებით არ გრძელდება და ბავშვის ავადობის მართვა ბინაზე ხდება, განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს.
რა შემთხვევაში უნდა მიქციოს ყურადღება მშობელმა ცხელებას და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს?
ექიმები მშობელს სიცხის დამწევის მიცემას მაშინ ვურჩევთ, როცა ტემპერატურა 38.5°C -ზე მაღალია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტემპერატურაზე აუცილებლად დამწევი უნდა გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, როგორია ბავშვის ზოგადი მდგომარეობა.

შეიძლება ტემპერატურა არ იყოს 38-°C ზე მაღალი, მაგრამ ბავშვი უჩიოდეს ძილიანობას, უმადობას, ღებინებას, შარდის შემცირებას. ამ დროს მშობელმა ყურადღება უნდა გამოიჩინოს. შეიძლება ტემპერატურა 39-40°C -მდე გაიზარდოს, მაგრამ ექიმის ჩარევა არ იყოს საჭირო.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 3 თვემდე ჩვილების შემთხვევაში, სურათი განსხვავებულია და 38 გრადუსის ზემოთ ბავშვი ექიმმა უნდა ნახოს.
აქვს თუ არა მნიშვნელობა ტემპერატურის ხანგრძლივობას?
ზოგადად მიიჩნევა, რომ 3 დღეზე მეტხანს გახანგრძლივებული ცხელება, მით უმეტეს მაშინ, როცა ტემპერატურა არ იკლებს, საყურადღებოა. ასეთ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტია საჭირო.

ასევე ექიმის ჩარევაა საჭირო, თუ სიცხის დამწევი შესაბამისად არ მოქმედებს. მშობელს, 24 საათში, 5-ზე მეტჯერ, დამწევის მიცემა არ უნდა მოუწიოს. აუცილებელია დაიცვათ მინიმუმ 5 საათიანი ინტერვალი.
ასევე დაუშვებელია 1 ეპიზოდისათვის რამდენიმე სახის სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება.
არსებობს ტემპერატურის დაწევის ფიზიკური მეთოდები. რომელ მათგანს უწევენ ექიმები რეკომენდაციას?

პირველ რიგში, ტემპერატურის შემთხვევაში, ბავშვს უნდა მივცეთ მედიკამენტი და მხოლოდ ამის შემდეგაა მიღებული ფიზიკური მეთოდის გამოყენება, მაგალითად თბილი წყლით სხეულის დაზელა.
ცხელების დროს მშობლებს ვურჩევთ, ოთახის ტემპერატურა არ იყოს მაღალი. უმჯობესია, ბავშვმა მეტი ტემპერატურა გასცეს.
თბილად ვაცმევთ მაშინ, როცა ტემპერატურა მაღლა ადის და იწყება შეციება. როცა ტემპერატურა პიკს აღწევს, მაშინ ზედმეტი სითბო აღარ არის საჭირო.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ თავიდან აიცილოს ინფექციები?
მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ ბავშვის იმუნიტეტი.
სასურველია ვიზრუნოთ ჩვენი პატარას ზოგადად გაკაჟებაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ჯანსაღ კვებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია იმუნიზაცია. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ყველაზე მეტად აქტიურდება ვირუსული ინფექციები და განსაკუთრებით საშიში გრიპის ვირუსი. ამ დროს ბავშვების აცრა, საუკეთესო გზაა ავადობის თავიდან ასაცილებლად.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა, ვასწავლოთ ბავშვს ელემენტარული ჰიგიენა - ხელების დაბანა და პირადი ნივთების მოვლა.
10/31/2025