საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გავიხსენოთ 1918 წლის მაისის ბოლოს, უპირველესად, რომელი მეგობარი ერის წარმომადგენელმა მიულოცა საქართველოს ხალხს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება და როგორი იყო პირველი 26 მაისი.
გაზეთ „საქართველოში“ დაუბეჭდავთ ეროვნული საბჭოს საზეიმო სხდომაზე სტუმრების მიერ წარმოთქმული სიტყვები და აქ პირველი უკრაინის რესპუბლიკის წარმომადგენლის – გრიგორი ხიმენკოსია. ბრწყინვალე სიტყვით გამოსულა ებრაელთა წარმომადგენელი, გვარად გრუზენბერგიც:

„საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელები არასდროს თვლიდნენ თავის თავს განსაკუთრებულად გამოყოფილს. ისინი უყურებდნენ და უყურებენ კიდეც თავს საქართველოს რესპუბლიკის ხალხთა საზოგადო ოჯახის წევრებად, ჩვენ ჩვენს თავს ვთვლით ერთი და იმავე დემოკრატიის ნაწილად.“
ეროვნული საბჭოს სხდომაზე მხურვალე მოსალოცი სიტყვა უთქვამს ლიეტუველი ხალხის წარმომადგენელს, გვარად დალიამიდისს. ეს რაც შეეხება ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამომსვლელებს, თორემ მოსალოცი დეპეშები ბევრი ქვეყნიდან მოსულა:
„ჩვენ, პოლონეთის შვილები, მივესალმებით მებრძოლი საქართველოს თავისუფალ შვილებს და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს, გაუმარჯოს საქართველოს!“
1918 წლის მაისის პრესა ინახავს ამიერკავკასიაში გერმანიის წარმომადგენლების მოლოცვას, ლატვიელების, აზერბაიჯანელების კეთილ სურვილებს და ა.შ.


საქართველომ დამოუკიდებლობა გერმანიის იმპერიის მხარდაჭერით გამოაცხადა. ორიოდ დღეში გაფორმდა თანამშრომლობის დროებითი ხელშეკრულება გერმანიასთან, რომლის ძალითაც გერმანიას საქართველოს რკინიგზის ხაზის გამოყენების შესაძლებლობა ეძლეოდა, გერმანიის ჯარის ნაწილებს კი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია უნდა დაეცვა. საქართველომ, როგორც იქნა, იპოვა ძლიერი, ევროპელი მოკავშირე, რომელსაც განზრახული ჰქონდა მასთან თანამშრომლობა, სანაცვლოდ კი მისი დაცვა და არა ჩაგვრა. მალევე თბილისში გერმანიის სამხედრო-დიპლომატიური მისია შემოვიდა 1800 მებრძოლით.
მაგრამ ეს ყველაფერი 1918-ში მოხდა. ოდნავ მოგვიანებით, ამ წლის შემაჯამებელ ერთ წერილში დაიწერა: „ეს იყო წელიწადი ქვეყნის უმაგალითო ბრუნვის, დიდ სახელმწიფოთა დაცემის და არევ-დარევის“. ეს იყო - ანარქიის, ფინანსური კრიზისის, რევოლუციის შემდგომ რეგიონში კრიმინალთა თარეშის, ლტოლვილთა მოძალების, ბოლშევიკური რუსეთიდან ორგანიზებული ამბოხებებისა და სამეზობლოდან მუდმივი შემოსევების ურთულესი დრო. ამ გამოწვევებს საქართველოს მთავრობა ასე თუ ისე წარმატებით უმკლავდებოდა, მათ შორის მძიმე ინფექციების გავრცელებასა და ე.წ. „ესპანური გრიპის“ შემოტევას.
შემოსვლიდან 5 თვის თავზე, საქართველოდან დანანებითა და დიდი მადლიერებით გააცილეს პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის სამხედრო მისია, რომელმაც ქართველ მებრძოლებთან ერთად დაიცვა დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკა, განსაკუთრებით – ოსმალეთის შემოტევისგან.

ავჭალის მიდამოებში, გერმანელების სასაფლაოზე, დაუკრძალავთ საქართველოსთვის თავდადებული 4 გერმანელი ჯარისკაცი. გერმანელების გასვლისას გაზეთი „საქართველო“ (ეს იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გამოცემა) მადლიერებით წერდა: მთელი 5 თვე გერმანიის ჯარი ხიშტებით იცავდა ჩვენს საზღვრებსო.
მერე იყო ინგლისელების შემოსვლა და გასვლა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ რეალობაში დამოუკიდებელმა საქართველომ ვეღარ შეძლო საიმედო მოკავშირის პოვნა.

ამასობაში სამეზობლო წითლდებოდა და საქართველოსთვისაც სულ უფრო იზრდებოდა ჩრდილოეთიდან დაძრული საფრთხე. მიუხედავად ამისა რუსი ბოლშევიკების ადგილობრივ მოკავშირეებს ხალხში გავლენის მოპოვება უჭირდათ. აქტიური ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად – რაშიც სხვა ხერხებთან ერთად აქტიურად იყენებდნენ მოსყიდვას, პროპაგანდასა და პრესას – ბოლშევიკებმა ერთი კაციც კი ვერ შეიყვანეს პარლამენტში, იგივე დამფუძნებელ კრებაში.

დამფუძნებელი კრების არჩევა პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო და პროპორციული სისტემით საოცარი მოვლენა იყო. საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 9 თვეში, თანაც ურთულეს თვეებში, შეძლო მოემზადებინა საკანონმდებლო საფუძველი უაღრესად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

ახლადარჩეული პარლამენტი პირველად 1919 წლის 12 მარტს შეიკრიბა. დამსწრე დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობა ყოფილა ძალიან ფართო და შთამბეჭდავი, და მათთვის ასე მიუმართავს თავმჯდომარის მოადგილედ დამტკიცებულ ალექსანდრე ლომთათიძეს:
„ჩვენ გვინდა მხოლოდ ერთი – აზია დავტოვოთ და ევროპას შევხედოთ. ჩვენ გვინდა, რომ ევროპის სახელმწიფოთა ოჯახში თანასწორი წევრი ვიყოთ და მე მგონია, ევროპელები ჩვენ ანგარიშს გაგვიწევენ.“

თვალშისაცემი ყოფილა პოლიტიკური კულტურა, რასაც დამფუძნებელი კრების არჩევნების წინ, ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე უსვამდა ხაზს ექვთიმე თაყაიშვილი:
„მიუხედავად მრავალი პარტიისა, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანარქიის ჩაქრობასა და გარეშე მტრის მოგერიებაში ჩვენი პარლამენტი ერთსულოვანი იყო. აქ პარტიები აღარ ჩანდა. 9 თვის წესიერება არც ერთხელ დარღვეულა. არ ყოფილა შემთხვევა, პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული ყოფილიყო რომელიმე წევრი შეეზღუდა სიტყვის ჩამორთმევით, კრებაზე დასწრების აკრძალვით ან სხდომიდან გაძევებით.“

საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ბრწყინვალე გაელვება უმძიმეს და უიმედო ეპოქაში. 1918-21 წლებს დამპყრობელი მთელი 70 წელი შლიდა ჩვენი ეროვნული მეხსიერებიდან, მაგრამ წაშლა ვერ შეძლო. ყოველ 26 მაისს, ჩვენ სწორედ ამ თავისუფლებისა და დემოკრატიის საძირკველს ვუბრუნდებით, რომლის სრული განადგურება საბჭოთა ტოტალიტარიზმაც კი ვერ შეძლო.
05/25/2026