Logo

როგორი უნდა იყოს ბავშვის საუზმე? - ნუტრიციოლოგი გვირჩევს

როგორი უნდა იყოს ბავშვის საუზმე? - ნუტრიციოლოგი გვირჩევს

09/23/2026

ტექსტის ზომა

საუზმე ბავშვის დღის მნიშვნელოვანი დასაწყისია, თუმცა მშობლებისთვის ხშირად რთულია ისეთი მენიუს შედგენა, რომელიც ერთდროულად ჯანსაღიც იქნება, ნოყიერიც და ბავშვისთვისაც მისაღები.

რას უნდა შეიცავდეს სრულფასოვანი საუზმე, რომელი პროდუქტების შერწყმაა სასურველი და რამდენად კარგი არჩევანია დილით თაფლიანი პური, კრუასანი ან სხვა ტკბილი საკვები?

ამ საკითხებზე ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ანანო გურეშიძე საუბრობს.

ანანო გურეშიძე

„ბავშვის საუზმე სასურველია შეიცავდეს ჯანსაღ ნახშირწყლებს, ცილას და ჯანსაღ ცხიმებს. ასევე კარგი იქნება, თუ მას ხილი და ბოსტნეულიც დაემატება.

ამ პრინციპის დაცვით მშობლებს შეუძლიათ კვირის განმავლობაში ბავშვს საუზმის სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზონ.

ჯანსაღი ნახშირწყლების წყაროდ შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად, წიწიბურა ან შვრიის ფაფა.

წიწიბურა შეგვიძლია ცილის წყაროსთან, მაგალითად, ნაკლებად მარილიან ყველთან შევუთავსოთ. შვრიის ფაფას კი, თუ ბავშვს მოსწონს, შეიძლება დავუმატოთ ხილი ან ნებისმიერი სახის კენკრა.

წიწიბურა

სასურველია, საუზმეში ხილი ან ბოსტნეულიც იყოს წარმოდგენილი. დილისთვის კარგი არჩევანია მწვანე ბოსტნეული, თუმცა ბავშვს სხვა სახის ბოსტნეულიც შეიძლება შევთავაზოთ.

ბოსტნეული

რაც შეეხება თაფლს, ის შეიძლება ჯანსაღი კვების ნაწილი იყოს, თუმცა საუზმედ მხოლოდ თაფლიანი პურის ან ტოსტის მიცემას ყოველდღიურად არ გირჩევთ. ასეთ შემთხვევაში ბავშვი საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარს იღებს. თუ ძალიან უყვარს, რამდენიმე კვირაში ერთხელ ასეთი საუზმე დასაშვებია, მაგრამ ყოველდღიურ ჩვევად არ უნდა იქცეს.

თაფლი

იგივე ეხება კრუასანსაც. ეს უფრო ტკბილი საუზმის კატეგორიას მიეკუთვნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეფუთულ პროდუქტზე ვსაუბრობთ. ახალი, ახლად გამომცხვარი კრუასანი შეიძლება ზოგჯერ შევთავაზოთ ბავშვს, თუმცა არც ის უნდა გახდეს ყოველდღიური საუზმე,“ - გვირჩევს ნუტრიციოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ანანო გურეშიძებავშვინუტრიციოლოგისაუზმე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026