Logo

კულტურა

"როგორი უნიკალური საჩუქარი გამიკეთა ცხოვრებამ - არასდროს მინახავს მამაჩემი" - გია ფერაძე

"როგორი უნიკალური საჩუქარი გამიკეთა ცხოვრებამ - არასდროს მინახავს მამაჩემი" - გია ფერაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გია ფერაძე უმცროსი მსახიობ გია ფერაძის უმცროსი შვილია. ის რუსეთში, ქალაქ სამარაში ცხოვრობს. მამის კვალს გაჰყვა და გარდა იმისა, რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას, პროფესიაც იგივე აირჩია. მსახიობია.

თბილისში ბიძის, ილო ფერაძის ძალისხმევით მოხვდა წლების წინ. მაშინ და - მარიკუნაც ცოცხალი ჰყავდა და უფროსი ძმა- ბიძინაც. მათი გაცნობით უბედნიერესი იყო. ოჯახის წევრებთან დაახლოებამ სულ სხვა ადამიანად აქცია. ამბობდა: ახლა ვხვდები, რატომაც დამირბის სხეულში ჭიანჭველები, როდესაც ამ მიწაზე ვადგამ ფეხს, როდესაც ქართული ჰანგები მესმის და ქართულ ცეკვას ვუყურებო... ნანული სარაჯიშვილი და ასმათ ტყაბლაძე შოკში ჩააგდო უმცროსი ფერაძის გაცნობამ. ისინი გიას მეგობრები იყვნენ და როდესაც მამის ასლი იდგა მათ წინ და გაოცებული თვალებით უყურებდათ, თქვეს: გია გაგვიცოცხლდა, გვგონია, რომ მას ვესაუბრებით, მას ვეცეკვებით და ვუყურებთო...

გია ფერაძე

***

ცოტა ხნის წინ გია ფერაძე უმცროსმა ფეისბუქზე ეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

"ყოველთვის საინტერესო იყო - როგორ იყო, რა იყო და მთავარი, ვინ იყო მამა. როგორი უნიკალური საჩუქარი გამიკეთა ცხოვრებამ - ცხოვრებაში არასდროს მინახავს მამაჩემი. არც ერთხელ! საერთოდ!

როდესაც ვხვდები მასზე მონათხრობს, საუბრებს, სადღეგრძელოებს, შიგნით აზრები ტრიალებს - როგორი ურთიერთობა მექნებოდა მამასთან? ის რომ ყოფილიყო, მე ვიქნებოდი ის, ვინც ვარ? ან როგორი იყო ის ცხოვრებაში? და საერთოდ როგორია მამა? დაუსრულებელი ნეტა... ნეტა...

ამ თემაზე ბევრი მუშაობის შემდეგ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ შენ წყვეტ ადამიანი, შენს გონებაში, გულის გავლით, თუ როგორი შუქით გააბრწყინებ შენს მშობლებს. ეს მხოლოდ შენი არჩევანია.

დედა, მადლობა შენ შენი დიდი გულისთვის. მამისადმი შენი სიყვარულისთვის. მთელ ამ ისტორიაში შენი პატიოსნებისთვის, სიმართლისთვის და გულახდილობისთვის.

ღმერთის მრავალწახნაგოვნების და უსასრულობის ბრალია ის, რომ მამაჩემი იყო მსახიობი - გია ფერაძე (20.04.1948 - 20.12.1995)

უდიდესი მადლობა ძმებ ლუმიერებს იმისთვის, რომ მე მაქვს შესაძლებლობა რომ ვხედავდე მამაჩემს. ნახეთ თქვენც" - წერს გია სოციალურ ქსელში.

ავტორი: ზმნა

10/30/2025

მამა-შვილიმსახიობიტრაგედია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024